ჩემპიონთა ლიგის მომგებები ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში - შემდეგი ზიდანია?

AutoSharing Option
* აქამდე მხოლოდ 6-მა შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდოს მოგება, როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში.
* 28 მაისს ელიტის მეშვიდე წევრი შესაძლოა, ზინედინ ზიდანი გახდეს. ამისთვის მისმა "რეალმა" უნდა იმარჯვოს ლიგის ფინალში.
* კარლო ანჩელოტის ორივე შემთხვევაში "მილანთან" ერთად აქვს ტიტული მოგებული.
* მიგელ მუნიოსი პირველი იყო, ვინც ეს შეძლო.
* კარლო ანჩელოტი ერთადერთი მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა თასი სამჯერ მოიგო.

ზინედინ ზიდანს უნიკალური შანსი აქვს, ფეხბურთის სამყაროს ძალიან ვიწრო, ელიტურ წრეს შეუერთდეს. ეს შეიძლება 28 მაისს "სან სიროზე" მოხდეს.
ფრანგს აქვს შანსი, გახდეს ჩემპიონთა ლიგის მომგები, როგორც ფეხბურთელობისას, ისე მწვრთნელობისას.

28 მაისს მილანში მადრიდული დერბია, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს გამოავლენს - ზინედინ ზიდანის "რეალი" დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. ზიდანის არგენტინელი ვიზავიც კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ზიზუსგან განსხვავებით, ჩოლოს ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთელობისას არ მოუგია.

იმ შემთხვევაში, თუ შაბათს ზიდანის გუნდი გაიმარჯვებს, ფრანგი მხოლოდ მეშვიდე წევრი გახდება ამ ელიტისა. აქამდე მხოლოდ 6-მა ადამიანმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება ორივე როლში (როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს). ვნახოთ, ვინ დახვდება ზიდანს გამარჯვების შემთხვევაში ელიტურ კლუბში...

მიგელ მუნიოსი
როგორც ფეხბურთელი: 1956, 1957, 1958
როგორც მწვრთნელი: 1960, 1966
ევროპის თასის ადრეულ წლებში "რეალი" დომინირებდა. "სამეფო კლუბმა" პირველი ხუთი გათამაშება მოიგო ზედიზედ. ნახევარმცველმა მიგელ მუნიოსმა ამ ხუთიდან სამ პირველ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და ამ ტურნირზე "რეალის" პირველი გოლიც მან გაიტანა. მუნიოსი 14 წლის განმავლობაში ედგა სათავეში "რეალს" და მან ჯერ 1960 წელს მოაგებინა ჩემპიონთა თასი "რეალს", შემდეგ - ექვსი წლის მერე.

ჯოვანი ტრაპატონი
როგორც ფეხბურთელი: 1963, 1969
როგორც მწვრთნელი: 1985
1963 წელს ეუსებიოს განეიტრალებაზე რთული რამ ფეხბურთში ძნელად თუ მოიძებნებოდა, მაგრამ ტრაპატონიმ ეს შეძლო ჩემპიონთა თასის ფინალში. მცველმა ბრწყინვალედ ითამაშა "მილანის" მიერ 2:1 მოგებულ მატჩში "უემბლიზე". ტრაპატონიმ კიდევ ერთხელ მოიგო ტიტული, სანამ ფეხბურთს თავს დაანებებდა, შემდეგ კი 1985 წელს "იუვენტუსი" გააჩემპიონა "ლივერპულთან" მატჩში.

კარლო ანჩელოტი
როგორც ფეხბურთელი: 1989, 1990
როგორც მწვრთნელი: 2003, 2007, 2014
სანამ დიდებული მწვრთნელი გახდებოდა და ლიგას "მილანთან" და "რეალთან" ერთად მოიგებდა, კარლო ანჩელოტი ბრწყინვალე ნახევარმცველი იყო, რომელმაც "მილანთან" ერთად ზედიზედ ორჯერ იზეიმა ტრიუმფი.

იოჰან კრუიფი
როგორც ფეხბურთელი: 1971, 1972, 1973
როგორც მწვრთნელი: 1992
კრუიფის პირველ სეზონში "აიაქსმა" ჰოლანდიის ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულა, ექვსი წლის მერე კი ფეხბურთელის რანგში ჩემპიონთა თასზე ზედიზედ სამ ტრიუმფს მოესწრო "მფრინავი ჰოლანდიელი". მწვრთნელობისას, მან ტიტული "ბარსელონას" 1992 წლის "დრიმ თიმს" მოაგებინა.

ფრანკ რაიკაარდი
როგორც ფეხბურთელი: 1989, 1990, 1995
როგორც მწვრთნელი: 2006
როცა რაიკაარდი არიგო საკისთან "მილანში" მივიდა, აღმოაჩინა, რომ ის საყრდენ ნახევარმცველად იყო დაბადებული. როგორც ანჩელოტიმ, 1989 და 1990 წლებში ტიტული "მილანთან" ერთად ჰოლანდიელმაც მოიგო. თან, 1990 წელს "ბენფიკას" კარში ერთადერთი გოლი სწორედ რაიკაარდმა გაიტანა. შემდეგ "აიაქსში" დაბრუნდა და იქაც გახდა ტრიუმფატორი 1995 წელს. 2006 წელს მან "ბარსელონას" მოაგებინა ფინალი ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ, უკვე მწვრთნელის რანგში.

ხოსეპ გვარდიოლა
როგორც ფეხბურთელი: 1992
როგორც მწვრთნელი: 2009, 2011
პეპმა სწორედ კრუიფის "დრიმ თიმში" იმარჯვა 1992 წელს ჩემპიონთა თასზე. სწორედ იოჰანმა გადაწყვიტა, რომ "ბარსა" პეპის ირგვლივ აეგო. პეპმა მწვრთნელობის პირველივე წელს, 2009 წელს მოაგებინა "ბარსას" ლიგა. შემდეგ კი იგივე ორი წლის მერე "უემბლიზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გაიმეორა.

ზინედინ ზიდანი
როგორც ფეხბურთელი: 2002
როგორც მწვრთნელი: ?
ზინედინ ზიდანი საუკუნის დასაწყისში გახდა "რეალის" გალაქტიკოს წევრი, ეს კი 2002 წლის 15 მაისს დაგვირგვინდა "რეალისთვის" მეცხრე ჩემპიონთა თასით. "ჰემპდენ პარკზე" "სამეფო კლუბმა" 2:1 მოუგო "ლევერკუზენს", ზიდანმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარლო ანჩელოტი ერთადერთი მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა თასი სამჯერ მოიგო-და ბობ პეისლი?
alex
18:59 24-05-2016
0
დი მატეომ არ მოიგო ჩელსიში?
თბილისელი
17:50 24-05-2016
0

სიახლეები პოპულარული