რეალი VS მანჩესტერ სიტი - კრიშტიანო 100%-ით

AutoSharing Option
* ამ წყვილის პირველი დაპირისპირება "ეტიჰადზე"
* თუკი "რეალი" ორი მატჩის ჯამში იმარჯვებს, ეს "სამეფო კლუბისთვის" მე-14 ფინალი იქნება
* "მანჩესტერ სიტი" ნახევარფინალის დებიუტანტია
* აქამდე ისინი მხოლოდ 2012 წელს შეხვდნენ, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მადრიდში "რეალი" ორჯერ აგებდა, მაგრამ 3:2 მოიგო, ხოლო მანჩესტერში 1:1 დაფიქსირდა


დღეს მილანური ფინალი დაკომპლექტდება, გაირკვევა მეორე ფინალისტის ვინაობაც. მანუელ პელეგრინი ყოფილი გუნდის გაგდებას შეეცდება. მას "სიტის" ისტორიის დაწერის უნიკალური შანსი აქვს.

პრესკონფერენცია
ზინედინ ზიდანი (რეალი): "კრიშტიანო 100%-ით მზად არის თამაშისთვის. არანაირი რისკი აღარ არსებობს, ის სრული
დატვირთვით ემზადება საპასუხო თამაშისთვის. ბოლო კვირაში მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ის ისეთი სპორტსმენია, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ თავს. ამიტომაც რონალდო ყოველთვის მალე გამოჯანმრთელდება ხოლმე.

"რეალისთვის" დიდი უბედურება იქნება, თუკი ამ ეტაპს ვერ გაივლის. საპასუხო მატჩი უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე პირველი, რადგან ეს შეხვედრა გადამწყვეტია. "სიტის" კარგი ფეხბურთელები ჰყავს, განსაკუთრებით, შეტევის ხაზში, მაგრამ "რეალი", როგორც ყოველთვის, თავის ფეხბურთს ითამაშებს.

არავის ეგონოს, რომ იოლია "ვოლფსბურგთან" საპასუხო მატჩის სცენარის გამეორება, 15 წუთში ორ გოლს ყოველ მატჩში ვერ გაიტან. ეს სულ სხვა თამაშია და დარწმუნებული ვარ, პირველივე წუთიდან გაგვიჭირდება და ეს ბოლო წუთამდე გაგრძელდება. უნდა ვიყოთ მშვიდები და მიზანმიმართულნი.

ჩვენი საზრუნავი უნდა იყოს ფეხბურთის თამაში, ბურთის კონტროლი, პრესინგი და ინტენსიური თამაში. მეტოქე რთულია და ეს ყველა ჩვენგანმა კარგად იცის. არ გვაქვს არანაირი სპეციალური გეგმა სერხიო აგუეროს გასანეიტრალებლად, მიუხედავად იმისა, რომ ის "სიტისთვის" ფუნდამენტური მნიშვნელობის ფორვარდია".

მანუელ პელეგრინი (სიტი): "ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა, რისთვისაც არასოდეს მიგვიღწევია. საკუთარი ძალების რწმენა გვაქვს და ამის დამტკიცებას მოედანზე ვაპირებთ. რაც შემეხება მე, ყოველთვის მსიამოვნებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება. "რეალში" მუშაობიდან ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა. სტადიონის ზეწოლა არანორმალურია აქ, მაგრამ ჩვენ საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს და ამას უნდა გაუძლონ.

ისტორიის შექნა შეგვიძლია, თუმცა საამისოდ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. მანჩესტერში მეტოქეს პრესინგი ვეთამაშეთ, მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის კარგი დღე. ხვალ პირველივე წუთებიდან შევუტევთ და ბურთის კონტროლის მოპოვებას შევეცდებით. დიდ მატჩებს საუკეთესო ფეხბურთელები იგებენ. კრიშტიანოს წინააღმდეგ კი არა, "რეალის" წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ გუნდურად, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში".

გასულ უქმეებზე
"სამეფო კლუბმა" სან სებასტიანში 1:0 დაამარცხა "რეალ სოსიედადი". გამარჯვების გოლი თავით გარეთ ბეილმა გაიტანა.

"სიტი" "საუთჰემპტონს" ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. "სიტის" გოლები კელეჩი იჰეანაჩომ გაიტანა. წაგების მიზეზი, დიდწილად, პელეგრინის ექსპერიმენტული შემადგენლობის ბრალია.

პელეგრინი VS რეალი
ალბათ, შეხსენაც არ გჭირდებათ, "სიტის" ჩილელი თავკაცისთვის რას ნიშნავს "რეალი". 2009/10 წლების სეზონში პელეგრინიმ გუნდს იმ დროისთვის სარეკორდო რაოდენობის ქულებით დაასრულებინა ჩემპიონატი, მაგრამ ის მაინც მოხსნეს და მის ნაცვლად ჟოზე მოურინიო დანიშნეს.

ოთხშაბათი. 4 მაისი
რეალი-სიტი 22:45 (0:0)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენზემა, რონალდო (?), კაზემირო - სილვა, ნასრი, საბალეტა, ტურე (?)
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, ისკო, მოდრიჩი - ბეილი, ხესე, რონალდო
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ნავასი, ტურე, დე ბრუინი - აგუერო
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰალა მადრიდ. რეალი ფინალშია
nika
00:41 05-05-2016
0

სიახლეები პოპულარული