სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ბაიერნი-იუვენტუსი. გამოხმაურება: მიუნხენური ომის ექო
AutoSharing Option
10:21 18-03-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "ბაიერნისა" და "იუვენტუსის" განმეორებითი მატჩი უაღრესად დაძაბული, დრამატული და შესაბამისად, საინტერესო გამოდგა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ეს იყო საუკეთესო შეხვედრა, რომელიც გულშემატკივრებს დიდხანს ემახსოვრებათ.

იტალიაში მწარე მარცხი მძიმედ მიიღეს და შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ გადაუტანიათ. პრესაში დანანებით იხსენებენ, რომ ტურინელებს მესამე გოლის გატანა და შესაბამისად, ყველაფრის დასრულება შეეძლოთ, თუმცა ალვარო მორატამ და ხუან კუადრადომ დამაგვირგვინებელ ფაზაში შესცოდეს.

იმაზეც ბევრი ითქვა, რომ საბედისწერო მომენტში პატრის ევრას, უბრალოდ, უნდა მოეგერიებინა ბურთი, მაგრამ ასე არ მოიქცა, მეტოქეს ჩააბარა და შედეგად, "იუვემ" მეორე გოლი მიიღო და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

ითქვა იმაზეც, რომ "იუვეს" გამარჯვებული მენტალიტეტის ფეხბურთელები აკლდა, რომლებსაც დიდი თამაშების ლოგიკურ დასასრულამდე, ანუ გამარჯვებამდე მიყვანა შეუძლიათ - თუნდაც კარლოს ტევესი და ანდრეა პირლო, რომლებიც უკვე აღარ არიან ტურინულ გრანდში, ან თუნდაც კლაუდიო მარკიზიო და ჯორჯო კიელინი, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ტრავმის გამო არ იყვნენ. ასეა თუ ისე, "იუვეს" რაღაც დააკლდა და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს გამოეთიშა.

მიუნხენში სულ სხვა განწყობაა - ყველაზე ხშირად გერმანულ ხასიათსა და საბრძოლო სულისკვეთებაზე ამახვილებენ ყურადღებას; აქა-იქ კი ხოსეპ გვარდიოლას ქებაც ისმის, რომელმაც ყველა ცვლილება გამოიცნო და ურთულესი მატჩი შეატრიალა სათავისოდ. თუმცა, სჯობს მაინც კომენტარებს გავეცნოთ და ამ ფორმით შევიხედოთ ორივე ბანაკში...

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "70 წუთის განმავლობაში შესანიშნავად ვთამაშობდით და თავისუფლად შეგვეძლო, რომ მესამე გოლიც გაგვეტანა და ინტრიგა საბოლოოდ მოგვეკლა. "ბაიერნს" არაფერი გამოსდიოდა და თამაშს სრულად ვაკონტროლებდით.

თუმცა, ეს ფეხბურთია და მოხდა ის, რაც მოხდა. ბუნებრივია, რომ ძალიან გულნატკენი ვარ, რადგან მეორე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გავუშვით და იმ ეპიზოდში, მარტივად შეგვეძლო ვითარების განმუხტვა. მიუხედავად ყველაფრისა, ვამაყობ ჩემი შეგირდებით და იმ თამაშით, რომელიც მიუნხენში ვაჩვენეთ. ეს იყო დიდი გამოცდა, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოგვადგება. წინ სერია A-ს მნიშვნელოვანი მატჩია, ჩემპიონთა ლიგაზე კი მომდევნო სეზონში შევხვდებით".

პეპ გვარდიოლა ("ბაიერნის" მწვრთნელი): "ძალიან ძლიერ მეტოქეს 4 გოლი გავუტანეთ და მეოთხედფინალში გავედით, რაც მაძლევს იმის საბაბს, რომ უბედნიერესი ვიყო. ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტს ვძლიეთ და არც ეს უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან. მინდა მივულოცო როგორც ჩემს შეგირდებს, ისე "იუვეს" ფეხბურთელებს, რადგან მათ გულშემატკივრებს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს.

ტურინულ გუნდს მესამე გოლის გატანა შეეძლო და იქ კი დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ გადავრჩით და შემდეგ გერმანულმა ხასიათმაც იჩინა თავი. ეს ფეხბურთია, შეიძლება 70 წუთი საშინლად ითამაშო და
დარჩენილ 20 წუთში ყველაფერი შეცვალო. დამატებით დროში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე დამსახურებულად გავედით".

პოლ პოგბა (იუვენტუსი): "სჯობდა 5:0 წაგვეგო, მაგრამ ასე არ გამოვვარდნილიყავით. "ბაიერნი" უძლიერესი გუნდია, შესაძლოა საუკეთესო ევროპაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ჩვენ თვითონ წავაგეთ და რომ არა უხეში შეცდომები, მეტოქე ვერაფერს დაგვაკლებდა. ამ თამაშს გაანალიზება და სწორი დასკვნების გამოტანა სჭირდება".

თომას მიულერი (ბაიერნი): "ეს იყო გიჟური თამაში, რომლის პირველ ნაწილში მეტოქე დომინირებდა, შემდეგ კი ჩვენ ვიგდეთ უპირატესობა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. თამაში ფინიშს უახლოვდებოდა, მე კი ისეთ წნეხში ვიყავი მცველებისგან, რომ ბურთი ორჯერ თუ სამჯერ მომივიდა.

სიმართლე გითხრათ, ასეთ ვითარებაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ საბედნიეროდ, ლევანდოვსკის გოლმა გატეხა ნავსი და შემდეგ სულ სხვა თამაში წავიდა".

ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი): "ალვარო მორატას მესამე გოლი მატჩს საჩვენოდ გადაწყვეტდა, მაგრამ მსაჯმა ეს არ დაუშვა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ დონეზე არბიტრის შეცდომები, უბრალოდ, დაუშვებელია. იტალიური ფეხბურთი უფრო დაცული უნდა იყოს საერთაშორისო ასპარეზზე და ამაზე სამუშაოა. ჩვენი ფეხბურთელები ქებას იმსახურებენ, რადგან უძლიერეს მეტოქეს ტოლ-სწორად ეპაექრნენ და თამაშის დიდი ნაწილი სულაც სჯობდნენ".

კარლ-ჰაინც რუმენიგე ("ბაიერნის" გენერალური დირექტორი): "ემოციური მატჩი იყო, რომელიც დიდხანს მემახსოვრება. ასეთი თამაშები გუნდის საბრძოლო განწყობას უფრო ამაღლებს და ფეხბურთელებს ერთ მუშტად კრავს. "ბაიერნმა" დაიმსახურა მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ "იუვენტუსს" არ გაუმართლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.