სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ჩელსი-პსჟ 1:2 - იბრა და კომპანია მეოთხედფინალში [VIDEO]
AutoSharing Option
02:08 10-03-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
* ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა ისტორიაში მე-14 ფეხბურთელი, რომელმაც ევროთასებზე 50 გოლი გაიტანა.
* პსჟ-მ შარშანდელი მიღწევა გაიმეორა, როცა ასევე ამ ეტაპიდან დაიფრინა "ჩელსი".
* რაც გუს ჰიდინკია თავკაცი, "ჩელსი" მხოლოდ "პარი სენ-ჟერმენთან" მარცხდება.

გამომდინარე იქიდან, რომ პირველი მატჩი პსჟ-მ მინიმალური ანგარიშით მოიგო (2:1), თითქოს ლონდონური პაექრობის წინ, გუნდების შანსები 50/50-ზე იყო, მაგრამ მეორე მხრივ, ფავორიტად მაინც ფრანგული გუნდი მიიჩნეოდა და სრულიად სამართლიანად.

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში ბრწყინვალედ ასპარეზობს და პრაქტიკულად უკვე ჩემპიონია, "ჩელსი" კი პრემიერლიგაში საშინლად ირჯება და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ყურყუტებს. ლონდონური კლუბი კრიზისშია და ვერც გუს ჰიდინკი გამოდგა რობერტო დი მატეო, რომ გუნდი გარდაესახა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი მოეგო.

ცოტა უცნაურია, როდესაც სახელოვანი ჰიდინკი დი მატეოს ჩრდილქვეშ მოვაქციეთ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევში, სწორედ ასე გამოვიდა.

რაც შეეხება განვლილ პაექრობას, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და გარდა სამი გოლისა, გულშემატკივრებმა არაერთი სახიფათო მომენტი იხილეს. მატჩი 16 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეიჭრა, დროული პასი მიიღო და, თავის მხრივ, მანაც უპასა რაბიოს, რომელმაც დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი, 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ, "ჩელსი" გააქტიურდა, პრესინგს მიმართა და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა. ამან შედეგი მალევე გამოიღო, როდესაც 27-ე წუთზე დიეგო კოშტამ გაიბრწყინა - მეტოქის საჯარიმოში მცველი ოსტატურად მოტეხა და პარიზელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა, 1:1.

ლონდონელები ხასიათზე მოვიდნენ და კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარი "ჩელსიმ" ფრთხილად დაიწყო და ამას ჰქიონდა თავისი ახსნა; ერთი გაშვებული გოლი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის ტოლფასი იყო, რადგან ლონდონელებს შემდეგ სამი ბურთი ექნებოდათ გასატანი. შესაბამისად, უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ უკანა ხაზს და ცდილობდნენ თავისუფალი
ზონები არ დაეტოვებინათ.

ლონდონელთა სიფრთხილემ შედეგი ვერ გამოიღო და პარიზელებმა მაინც შეაგდეს ერთი ბურთი - 67-ე წუთზე, სტუმრებმა კიდევ ერთი შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ანხელ დი მარიას ბრწყინვალე პასით და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა, 1:2. მოკლედ, ზლატანმა ბენეფისი მოიწყო და საგოლე პასს გოლიც მიაყოლა.

მთლიანობაში, პსჟ-მ აჯობა მეტოქეს და სრულიად დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში. ლორან ბლანის გუნდი თითქოს მომწიფდა იმისთვის, რომ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგებისთვის იბრძოლოს, აი "ჩელსიმ" კი ტიტულებისთვის ბრძოლა მომდევნო სეზონისთვის უნდა გადადოს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
ჩელსი-პსჟ 1:2 (1:2)
გოლები: 0:1 რაბიო (16), 1:1 დიეგო კოშტა (27), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (67)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, კენედი - ობი მიკელი, ფაბრეგასი - პედრო, ვილიანი, აზარი (77. ოსკარი) - დიეგო კოშტა (60. B. ტრაორე)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - რაბიო, ტიაგო მოტა, მატუიდი (87. ვან დერ ვილი) - დი მარია (82. კავანი), მოურა (77. პასტორე), იბრაჰიმოვიჩი
გაფრთხილება: ივანოვიჩი, ფაბრეგასი, ობი მიკელი - მატუიდი, ტიაგო მოტა, რაბიო
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 10-7 (7-5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 41 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.