რეალი-რომა 2:0 - სასწაული არ მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
* კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფებში 57-ე მატჩი ითამაშა, ეს ტურნირის აბსოლუტური რეკორდია.
* რონალდომ სეზონში მე-13 გოლი გაიტანა ლიგაზე.
* "რეალმა" რონალდოსა და ხამეს როდრიგესის გოლებით ორი მატჩის ჯამში 4:0 დაამარცხა "რომა".

პირველი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ის გახლავთ, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და კარგი სანახავი გამოდგა. თამაში ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, ტემპი მაღალი იყო, მომენტებიც უხვად შეიქმნა და გოლებიც ვიხილეთ.

რაც მთავარია, "რომამ" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ფავორიტ მეტოქეს და თუ მომენტებით ვიმსჯელებთ, შეეძლო მოეგო
კიდეც ეს კონკრეტული შეხვედრა. დიახ, "რომას" 6-7 რეალური მომენტი შექმნა, სამი კი ისეთი, რომელსაც 100%-იანი შეგვიძლია ვუწოდოთ.

პირველი საგოლე შანსი ედინ ჯეკოს შეექმნა, რომელიც მეკარესთან პრაქტიკულად პირისპირ დარჩა, მაგრამ მისმა დარტყმამ მიზანს არ უწია. მალევე, მოჰამედ სალაჰი შეიჭრა მეტოწის საჯარიმოში, ისიც პირისპირ დარჩა მეკარესთან, მაგრამ მასაც უმტყუნა მიზანმა.

ბუნებრივია, რომ მასპინძლებიც უტევდნენ და მომენტები მათაც შეექმნათ, ყველაზე რეალური კი კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც ტაიმის შუაწელს, ერთ მეურვეს ოსტატურად აუარა გვერდი, კარგადაც დაარტყა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნიმ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.

მეორე ნახევარი "რეალმა" აგრესიულად დაიწყო და თავიდანვე აქტიურად შეუტია, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ისევ "რომას" შეექმნა - სტუმართა გარემარბი მოჰამედ სალაჰი კიდევ ერთხელ დარჩა მეკარესთან პირისპირ, ამჯერად კიდევ უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ააცილა ბურთი და თანაც იმ დისტანციიდან, საიდანაც გაფუჭება უფრო რთული იყო, ვიდრე გატანა.

ამის შემდეგ, "რომას" კიდევ შეექმა მომენტი და იქ კი უკვე მასპიინძელთა მეკარემ, ნავასმა იყოჩაღა და ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა. აქ კი გატყდა "ჯალოროსი" და დროის მოკლე მონაკვეთში ორი გოლი გაუშვა.

64-ე წუთზე, ვასკესის შესანიშნავ პასს კრიშტიანო რონალდო გამოეხმაურა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი სჩესნი კარში, 1:0. ოთხიოდე წუთში, რონალდო უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა, როდესაც ხამესს შეაყოლა ბურთი მარცხენა ფრთაზე და მანაც მახვილი კუთხიდან დალაშქრა რომაელთა კარი - 2:0.

"რეალს" კიდევ შეეძლო გატანა და მომენტებიც უხვად შექმნა, მაგრამ მადრიდელი შემტევები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. მინიმუმ დუბლის შესრულება მართებდა რონალდოს, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში 7-8 მეტრიდან ააცილა ბურთი პრაქტიკულად დაუცველ კარს.

მთლიანობაში, "რეალმა" დამსახურებულად მოიგო და განაგრძობს ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მადრიდული მატჩისთვის კი ორივე გუნდს ეკუთვნის მადლობა.

და ერთიც, 74-ე წუთზე მოედანზე ფრანჩესკო ტოტი გამოჩნდა, რომელსაც თვით "რეალის" ფეხბურთელები ტაშით შეეგებნენ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივრები კი "იმპერატორს" ფეხზე წამოუდგნენ.

დრო ცოტა იყო და თამაშსაც ინტრიგა ჰქონდა დაკარგული, მაგრამ ტოტიმ მაინც გვიჩვენა, რომ ბურთთან ერთი შეხებით შეუძლია იმის გაკეთება, რასაც მაგალითად ედინ ჯეკო 5-6 შეხებას ანდომებს. ტოტი მეფეა, სამეფო კლუბი კი მომდევნო ეტაპზეა...

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-რომა 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 რონალდო (64), 2:0 ხ. როდრიგესი (68)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - დანილო, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (76. ხესე), კაზემირო (84. კოვაჩიჩი), კროოსი - ხ. როდრიგესი, ბეილი (61. ლ. ვასკესი), რონალდო
რომა (4-2-3-1): შჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, ზუკანოვიჩი, დინი - პიანიჩი (46. ვანკური), კეიტა (86. მაიკონი) - სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი (74. ტოტი) - ჯეკო
გაფრთხილება: დანილო - ზუკანოვიჩი
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 7-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 30-11 (12-6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 60 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სტატიის ავტორი ქართველი ზვიადისტი/ბარსელონისტია.არ დაიღალეთ ბარსელონის ქებით?
kasius klei
10:17 09-03-2016
0

სიახლეები პოპულარული