რეალი VS რომა - სპალეტიმ შეუსრულებელის შესრულება მოითხოვა

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი წრის საპასუხო ეტაპი იწყება, უკვე გვეცოდინება ორი მეოთხედფინალისტი გუნდის ვინაობა, თუმცა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს უკვე ცხადია. ამ წყვილებში პირველ მატჩებში სტუმრებმა იმარჯვეს, ეს კი უდიდესი ფორაა. დაინტერესებაც არათანაბარია, თუკი მადრიდულ შეხვედრას მაინც დიდი ინტერესით ელიან, ვოლფსბურგში დიდ მატჩს ბევრი არ ელის.

* მადრიდის "რეალს" ზედიზედ მეექვსედ სურს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა.

* "რომამ" იტალიის ჩემპიონატის ბოლო შვიდი მატჩი მოიგო.

* კრიშტიანო რონალდო ლა ლიგის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა.

* "რეალმა" ბოლო 8 ორმატჩიანი
დაპირისპირება დათმო იტალიურ კლუბებთან.

"რომას" ამოცანას ურთულესიც აღარ ეთქმის - იტალიელებმა ესპანური გრანდი ორი ბურთის სხვაობით უნდა დაამარცხონ, თანაც, 2:0 მხოლოდ დამატებით დროს ეყოფა.

ზიდანის და სპალეტის დაპირისპირება
თუ გახსოვთ, რომაული მატჩი ზინედინ ზიდანის პირველი სერიოზული გამოცდა იყო და მან ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა. მართალია, ლუჩანო სპალეტის "რომაც" მეტოქის კარზე იყო დაგეშილი და ბრწყინვალედაც თამაშობდა, მაგრამ "სამეფო კლუბთან" მაინც ვერას გახდა. 57-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ სუპერგოლი გაუტანა "რომას" და ამან გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. 86-ე წუთზე ხესემ კიდევ ერთხელ დასაჯა მასპინძლები - 0:2.

ამის შემდეგ ზიდანს საქმეები ისე ვერ წაუვიდა, როგორც სურდა. საჩემპიონო რბოლაში "რეალი" "ბარსას" უკვე 12 ქულით ჩამორჩება, "სამეფო კლუბს" "ატლეტიკოც" უსწრებს, თანაც, 4 ქულით. ზიდანს კი ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი და ასპარეზად ფრანგს სწორედ ჩემპიონთა ლიგა რჩება, რადგან "სამეფო თასიდან" გუნდი ძალიან სამარცხვინო შეცდომის გამო (ათამაშეს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი) გააძევეს.

აი, სპალეტის "რომა" კი დაიქოქა - გუნდმა სერია A-ში ბოლო 7 დაპირისპირება მოიგო და მესამე ადგილზეა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა.

"რეალს" გამოუჯანმრთელდა გარეთ ბეილი, რომელმაც უქმეებზე ითამაშა და გოლიც გაიტანა. ამიტომაც "რეალის" ერთადერთი სერიოზული დანაკლისი ტრავმირებული ქარიმ ბენზემაა, რომელსაც შეტევაში ხამეს როდრიგესი ჩაანაცვლებს. იტალიელთა მთავარი დანაკლისი დანიელე დე როსია. თუ ბელგიელი რაჯა ნაინგოლანიც ვერ შეძლებს თამაშს, ესეც დიდი დანაკლისი იქნება სპალეტის გუნდისთვის.

პრესკონფერენცია
ზინედინ ზიდანი (რეალი): "რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ტურნირის მოგება გვსურს, მაგრამ ახლა მხოლოდ ხვალინდელ რთულ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. "რომა" თავისთავად ძლიერი გუნდია, მაგრამ მე ახლა უფრო სულ სხვა რამ მადარდებს, რას ვიზამთ ჩვენ, როგორ ვითამაშებთ დაპირისპირებაში, რომლის პირველი ნახევარიც სტუმრად 2:0 გვაქვს მოგებული. თუკი ჩვენს საქმეს სწორად არ გავაკეთებთ, აუცილებლად დავისჯებით, რადგან მათი შემტევები უმაღლესი დონის არიან.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ყოველთვის მომდევნოა. როცა მწვრთნელი ხარ, მუდამ გსურს, პროცესში ჩართული იყო. ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა რთულია და გამიჭირდება. როცა ბურთი არ გვექნება, თავი გამეტებით უნდა დავიცვათ, მოვიპოვოთ ის და აქეთ დავაზარალოთ მეტოქე - ეს არის ჩვენი გეგმა ხვალინდელი მატჩისთვის. არ არის მართალი, თითქოს, "რომას" მეოთხედფინალში გასვლის შანსი არ აქვს".

ლუჩანო სპალეტი (რომა): "ჩემს გუნდს მოვთხოვე შეუსრულებელი მისიის შესრულება. მე ეს იმიტომ გავბედე, რომ ვნახე, რა განწყობით ვარჯიშობენ ბიჭები. თამაშის დასაწყისშივე უნდა გავიტანოთ და ვნახოთ, რა მოხდება. ეს იქნება ხვალინდელი მატჩის იდეალური სიუჟეტი. ადრეული გოლი ორმატჩიანი დაპირისპირების ბალანსს კარდინალურად შეცვლის. ჩვენ საამისოდ მენტალური სიძლიერე გვჭირდება. ჩვენთან არ არიან "ლუზერები", მე მათ უბრალოდ ვარჯიშზეც კი არ დავუშვებდი.

კარგად უნდა გამოვითვალოთ, როდის შევუტიოთ და როდის დავიცვათ თავი. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ საკუთარ ძალებში და ხელში ინიციატივა ჩავიგდოთ. პირველი თამაშის შედეგი ძალიან უსამართლოა, რადგან ჩვენ მართლაც კარგად ვითამაშეთ. ეს შედეგი მეტისმეტად მკაცრია ჩვენთვის, არ გაგვიმართლა. "რომა" ყოველ თამაშში უმატებს, გუნდს დიდი პოტენციალი აქვს".

გასულ უქმეებზე
მადრიდის "რეალმა" საშინელი დღე აყარა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ვიგოს "სელტას", 7:1 მოუგო. არადა, ტაიმი მხოლოდ 1:0 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმის 26-წუთიან მონაკვეთში კრიშტიანო რონალდომ პოკერი შეასრულა. "რეალის" გოლები, მის გარდა, პეპემ, ხესემ და გარეთ ბეილმა გაიტანეს.

დღით ადრე ითამაშა "რომამ", ამიტომ უფრო დასვენებულია. ამ გუნდმაც ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ფიორენტინა" დაამარცხა, აქაც დიდი ანგარიში იყო - 4:1. გოლი გაიტანა სტეფან ელ შაარავიმ, რომელიც "რომაში" დიდებულად ათამაშდა. ერთი გოლიც არგენტინელი დიეგო პეროტის ანგარიშზეა, რომელიც მან ელ შაარავის პასით გაიტანა, მოჰამედ სალაჰმა კი დუბლი შეასრულა. "რეალის" დაცვა რომში ყველაზე მეტად სწორედ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ანერვიულა.

თუ გავითვალისწინებთ სალაჰის სისწრაფეს, "რომას" კონტრშეტევები მადრიდშიც ძალიან სახიფათო უნდა იყოს.

სამშაბათი. 8 მარტი
რეალი-რომა 23:45 (2:0)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენზემა - დე როსი, რიუდიგერი, ნაინგოლანი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო - ხ. როდრიგესი, რონალდო, ბეილი
რომა (4-2-3-1): შჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, ჟუკანოვიჩი, დინი - კეიტა, პიანიჩი - სალაჰი, პეროტი, ელ შაარავი - ჯეკო
მსაჯი: სიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული