სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი: როცა კლასი ტაქტიკას ხნავს [VIDEO]
AutoSharing Option
02:28 18-02-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
"სტადიო ოლიმპიკოზე" "რეალმა" "რომას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და პრაქტიკულად გაინაღდა მეოთხედფინალური ეტაპის საგზური. ესპანური გრანდი ფავორიტად ითვლებოდა და სტატუსი გაამართლა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მადრიდელებს იოლი მატჩი ჰქონდათ და ვერც იმას დავიჩემებთ, რომ ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა...

მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, რიგ ეპიზოდებში მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას და მინიმუმ ერთ გოლს ალბათ იმსახურებდნენ. მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, არც ეს იქნებოდა ლოგიკას მოკლებული, თუმცა კლასმა და ერთი კონკრეტული ფეხბურთელის ინდივიდუალურმა ოსტატობამ თავისი გაიტანა...

მატჩის 57-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარცხენა ფრთა კრიშტიანო რონალდომ გაარღვია, საფირმო ფინტით ჩამოიშორა მეტოქე და უძლიერესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან შორეულ "ცხრიანში" გაახვია.

ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რადგან სტუმრად გატანილმა გოლმა "რომა" აიძულა, რომ მეირე ნომრად თამაშზე ხელი აიღო და შეტევაში უფრო აქტიურად წასულიყო, რასაც მასპინძელთა კარში მეორე გოლი მოჰყვა - შეცვლაზე შესულმა ხესემ 20-25 მეტრი ირბინა ბურთიანად და რეიდი უზუსტესი დარტყმით დააგვირგვინა.

რომაელთაგან საუკეთესო მომენტები ვილიამ ვანკურს და მოჰამედ სალაჰს ჰქონდათ, თუმცა გატანის შანსი სხხვებსაც მიეცათ, თუნდაც სტეფან ელ შაარავის და ანტონიო რუდიგერს.

მოკლედ, "რომამ" ბოლომდე იბრძოლა და ამად იყო, რომ ნამატჩევს "სტადიო ოლიმპიკოზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელები ტაშით გააცილეს მინდვრიდან. ჩანს, რომ ლუჩანო სპალეტის ხელში გუნდს აქვს პროგრესი და რაც მთავარია, პოტენციალი. ეს არ იყო ის "რომა", რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე კატალონიაში სასტიკი მარცხი იგემა. ეს უკეთესი "რომაა", დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

რაც შეეხება "რეალს", სათქმელი ბევრი არაფერია - მადრიდული გუნდის შესრულებით გაცილებით უკეთესი მატჩებიც გვინახავს, თუმცა შედეგიდან გამომდინარე, ესპანელები არც კრიტიკისთვის გვემეტება.

ერთი ცხადია, უფრო ძლიერ მეტოქესთან ასეთი თამაშით ფონს გასვლა რთული იქნება, მეოთხერდფინალში კი ზინედინ ზიდანი და მისი შეგირდები სწორედაც რომ უფრო ძლიერ მეტოქეს უნდა ელოდონ.

ერთიც აღვნიშნოთ,
რომში ზიდანის სამწვრთნელო დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც წარმატებული გამოდგა. არადა, თითქოს სპალეტიმ უფრო კარგად გათვალა ყველაფერი, თითქოს სჯობდა კიდეც ტაქტიკურ დუელში ვიზავის, მაგრამ შედეგი ამას არ მოჰყოლია... ალბათ, უბრალოდ სჯობს იყო "რეალის" მწვრთნელი და ნაკლები იფიქრო ტაქტიკაზე. ამბობენ, რომ თავის დროზე, ვისენტე დელ ბოსკემ სწორედ ასე მოიგო ყველაფერი.

რომა-რეალი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (57), 0:2 ხესე (86)
რომა (4-3-3): შჩესნი - ფლორენცი (87. ტოტი), მანოლასი, რუდიგერი, დინე - პიანიჩი, ვანკური (77. დე როსი), ნაინგოლანი - ელ შაარავი (64. ჯეკო), სალაჰი, პეროტი
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო (64. ისკო) - ხ. როდრიგესი (82. ხესე), რონალდო (89. კაზემირო), ბენზემა
გაფრთხილება: რამოსი, ვარანი (რეალი)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-13 (3-5); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 68 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.