იუვენტუსი VS რეალი - ნულები არ იქნება!

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის ტრიუმფატორი "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს და ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, 10-გზის გამარჯვებულ მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა "ბებერი ქალბატონი" აუტსაიდერის როლშია.

53 წლის წინათ
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 180 წუთი ბრძოლა რჩება, ჯერ ტურინში და შემდეგ მადრიდში. ორივე კლუბი სუპერგამოცდილია ევროპულ სარბიელზე, ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში ორივე ერთად 20-ჯერ არის გასული. ასე რომ, რომელმაც არ უნდა მოიგოს, ბერლინურ ფინალში ამ წყვილიდან (როგორც მეორედან) ღირსეული ფინალისტი ითამაშებს.

სულ ბოლოს ეს ორი კლუბი ერთმანეთს გასულ სეზონში ლიგის ჯგუფურ
ეტაპზე დაუპირისპირდა. მადრიდელებმა შინ 2:1 მოიგეს, სტუმრად კი 2:2 ითამაშეს. პირველ თამაშში "რეალს" კრიშტიანო რონალდოს დუბლმა მოაგებინა, მეორე გოლი მან პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. იტალიელთა გოლი ესპანელი ფორვარდის, ფერნანდო ლორენტეს ანგარიშზეა. ამ შეხვედრაში "იუვეს" გამოცდილი მცველი ჯორჯო კიელინი გააძევეს.

ტურინში არტურო ვიდალმა პენალტით დააწინაურა "ბებერი ქალბატონი", შემდეგ რონალდომ და გარეთ ბეილმა "რეალი" წინ გაიყვანეს და "იუვეს" ლორენტეს თავურმა უშველა.

გადავინაცვლოთ უფრო შორეულ 1998 წელს, როცა იუპ ჰაინკესის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარჩელო ლიპის "იუვე" დაამარცხა. 66-ე წუთზე "რეალის" გულშემატკივრებს ოცნება პრედრაგ მიატოვიჩის გოლმა აუხდინა, "ლოს მერენგესის" ფანები ამ ტიტულს (მეშვიდეს "რეალისთვის") 32 წელიწადი ელოდნენ! ეს ამბავი "ამსტერდამ არენაზე" მოხდა.

"რეალი" და "იუვე" ერთმანეთს ევროასპარეზზე სულ 16-ჯერ შეხვდნენ (ყველა ჩემპიონთა ლიგაზე). ორივე გუნდისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა შინაური კედლების ფაქტორს: "იუვეს" საშინაო რეკორდი "რეალთან" ასე გამოიყურება - 5 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი.

"იუვენტუსი" ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2002/03 წლების სეზონში გავიდა და მაშინ სწორედ "რეალს" შეხვდა და აჯობა - პირველი მატჩი მადრიდში "რეალმა" 2:1 მოიგო, მაგრამ საპასუხოში იტალიელებმა 3:1 მოიგეს და ფინალში გავიდნენ. მაშინ "დელე ალპიზე" გადამწყვეტი გოლი იკერ კასილიასის კარში პაველ ნედვედმა გაიტანა. იმ ბატალიებიდან გუნდებს მხოლოდ ორი ლეგენდა შემორჩათ, იკერი და მისი ვიზავი ჯანლუიჯი ბუფონი.

ამის შემდეგ "იუვე" ფინალში კარლო ანჩელოტის "მილანს" დაუპირისპირდა, 0:0 ითამაშა და პენალტების სერიაში 2:3 დათმო.

სულ პირველად ეს გუნდები ევროპის თასის მეოთხედფინალში 1961/62 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდმა მეტოქის მოედანზე მოიგო 1:0, გადათამაშება კი მადრიდელებმა მოიგეს. მოკლედ, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა "სამეფო კლუბმა" ტურინში იმარჯვა. არადა, უკვე 53 წელიწადი გავიდა.

ვინ როგორ ფორმაშია
ტურინის "იუვენტუსი" 12 მატჩია, ევროთასებზე შინ დაუმარცხებელია. ამ სეზონში მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა "იუვენტუს არენაზე" 5-დან 4 მატჩი მოიგეს, მათ შორის, პლეი ოფის მატჩები "დორტმუნდთან" და "მონაკოსთან". საერთო ჯამში, რაც "ბებერი ქალბატონი" ახალ არენაზე გადავიდა, ევროასპარეზზე გუნდმა 10 მატჩი მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

Sportall.Ge

"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში 7-ჯერ გავიდა და ორჯერ ტიტული მოიპოვა. "იუვე" ნახევარფინალურ ეტაპზე მე-11-ედ ითამაშებს, წინა ათი დუელიდან 7-ში გამარჯვებული გამოვიდა.

მადრიდის "რეალი" ამ სეზონში ლიგაზე საგარეო მატჩებს დიდებულად ატარებს, 444 წუთია, გუნდს გოლი არ გაუშვია (ბოლოს ეს რაზგრადში მოხდა "ლუდოგორეცთან" მატჩში). ბოლო 11 საგარეო მატჩიდან ესპანელებმა 8 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. ერთადერთი მარცხი კი შარშანდელ სეზონზე მოდის, როცა "რეალი" დორტმუნდში 0:2 დამარცხდა, თუმცა შინ 3:0 იმარჯვა და ტრიუმფისკენ გზა გაიკაფა.

Sportall.Ge

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იტალიაში სტუმრობა "სამეფო კლუბს" მაინცდამაინც არ უხდება: ბოლო შვიდი მატჩია, "რეალი" აპენინებიდან მოუგებელი ბრუნდება. უკანასკნელად მან "რომას" აჯობა - 3:0 "ოლიმპიკოზე", ეს 2004/05 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე მოხდა.

"რეალი" 26-ე არის ნახევარფინალურ ეტაპზე - 13-ჯერ გუნდმა ფინალში გააღწია, სადაც 10 ტიტული მოიგო; 12-ჯერ კი "რეალისთვის" ნახევარფინალურ ეტაპზე დასრულდა ყველაფერი.

მწვრთნელები და ფეხბურთელები
* კარლო ანჩელოტი 1999-2001 წლებში ტურინის "იუვენტუსს" წვრთნიდა.

* ალვარო მორატა
"რეალის" აღზრდილია და "იუვეში" გადასვლამდე 37 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი.

*
ზინედინ ზიდანი, "რეალ მადრიდ კასტილიას" მწვრთნელი, 1996-2001 წლებში "იუვენტუსში" თამაშობდა.

*
ფერნანდო ლორენტეს "რეალის" კარში 5-ჯერ აქვს გატანილი, როგორც "ბილბაოს" ფეხბურთელს და ორჯერ, როგორც "იუვენტუსის".

მასიმილიანო ალეგრი: 0:0-ები არ იქნება
"იუვენტუსის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი საპრესკონფერენციო დარბაზში არგენტინელ ფორვარდ კარლოს ტევესთან ერთად გამოჩნდა.

Sportall.Ge

მასიმილიანო ალეგრი:
"რეალი" ევროპის ჩემპიონია და ჩვენთან შედარებით ცოტათი ფავორიტიცაა. შესაბამისად, მათ ცოტათი უკეთესი შანსიც აქვთ.

მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა, რომ ვთქვათ, დასაკარგავი არაფერი გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დავკარგოთ ფინალში გასვლის შანსი, ჩვენ ხომ აქამდე მოვაღწიეთ.

ასეთ შეხვედრებში წარმატება მხოლოდ დაცვასა და თავდასხმაში ფანტასტიკურ თამაშს მოაქვს. არა მგონია, რომ "იუვე"-"რეალი" და "რეალი"-"იუვე" 0:0-ებით მორჩეს.

კარგი იქნებოდა, რომ მათ ლუკა მოდრიჩი ჰყოლოდათ, ჩვენ კი - პოლ პოგბა. იმედია, პოლი საპასუხო მატჩისთვის დაგვემატება.

ფეხბურთში მთავარი შედეგია. სეზონის წინ ბევრი იწერება, ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ბოლოს რჩება მხოლოდ შედეგი. სეზონის ბოლოსკენ ვართ და ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ რამდენიმე კარგი მიღწევით".

კარლოს ტევესი:
"დაძაბული ნახევარფინალური მატჩები გველის. მართალია, სკუდეტოს მოგებას ვფიქრობდი, მაგრამ თუ ლიგის ნახევარფინალამდეც მოვაღწევდით, არ მეგონა. ახლა კი უნდა გავიმარჯვოთ და ფინალში გავიდეთ".

კარლო ანჩელოტი: პირლო ჩემი უმცროსი ძმაა
მედიას წარუდგა კარლო ანჩელოტიც, რომელსაც თან პორტუგალიელი მცველი პეპე ახლდა.

Sportall.Ge

კარლო ანჩელოტი:
"თანაბარი თამაში იქნება. მეოთხედფინალში "ატლეტიკოსთან" ბურთს ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ "იუვეს" ჩვენსავით უყვარს ბურთის კონტროლი.

ახლა მთავარია, ყველა ის საუკეთესო თვისება გამოვავლინოთ, რაც გაგვაჩნია. გვინდა შევუტიოთ და ვემზადებით შემტევი ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ კარიც კარგად უნდა დავიცვათ. "იუვენტუსს" ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავს, ამიტომ ტურინში მისი დამარცხება ყოველთვის ძალიან ძნელია.

"რეალის" ფეხბურთელებს და მე ერთი ოცნების ასრულება გვსურს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კვლავ ფინალში გვინდა თამაში. ახლა ჩვენსა და ჩვენს მიზანს შორის 180 წუთია. მიზნის მისაღწევად მოგებაა საჭირო, თუ გეშინია, აუცილებლად წააგებ.

იანვარსა და თებერვალში პრობლემები გვქონდა, მაგრამ ახლა კარგ ფორმაში ვართ, ფეხბურთელები თავდაჯერებულნი არიან.

გვაკლია ტრავმირებული ფეხბურთელები, თუმცა მათი შეცვლა ყოველთვის შეგვიძლია. დარწმუნებულები ვართ, ფინალში გასვლა შეგვიძლია.

"იუვემ" შაბათს სკუდეტო მოიგო, მეტოქე საკუთარ თავში დარწმუნებულია, მისი ფეხბურთელები ძალიან გამოცდილები არიან. "იუვე" ის იშვიათი გუნდია, რომელსაც შეუძლია წარმატებით ითამაშოს სამი ან ოთხი მცველით. ანდრეა პირლო დიდი, ფანტასტიკური ფეხბურთელია. წავიკითხე, რომ ის მეორე მამად მიმიჩნევს, ჩემთვის ის უმცროსი ძმაა".

პეპე:
"ხვალ ალვარო მორატასთან მომიწევს ჭიდილი, მოუთმენლად ველი ამას. ყველანაირ მეგობრობას დავივიწყებ მაშინვე, რაც მსაჯი სასტვენს ჩაჰბერავს და მატჩი დაიწყება".

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. პირველი მატჩი
5 მაისი. ტურინი (იტალია). "იუვენტუს არენა". 22:45
იუვენტუსი-რეალი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ასამოა, კასერესი, მარონე, პოგბა, რომულო - ბენზემა, მედრანი, მოდრიჩი, ბეილი (?)

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, პირლო, ვიდალი - პერეირა - მორატა, ტევესი
რეალი (4-4-2): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - ხ. როდრიგესი, კროოსი, ს. რამოსი, ისკო - ბეილი, რონალდო
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს თამაში უეჭველი x2 ია აი ნახეთ თუ არა
ronito
19:24 05-05-2015
0
იუვე დღეს იგებს უეჭველი
პირლო
17:00 05-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული