ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: როჯერსი ბულგარულ ბეწვის ხიდზე

AutoSharing Option
ფოტოზე: "ლივერპული" "ლევსკიზე" - ბრენდან როჯერსი ადამ ლალანას და რიკი ლამბერტს ბოლო დარიგებებს აძლევს

დღეს, 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის V ტური დასრულდება და პლეი ოფში უკვე გასულ გუნდებს უთუოდ კიდევ შეემატებიან.

სატურნირო თვალსაზრისით, ოთხშაბათის მატჩებში მეტი ინტრიგაა, რადგან აქ მხოლოდ ორი საგზურია გაცემული რვიდან - "რეალს" და "დორტმუნდს" ვეღარაფერი შეაჩერებს.

A ჯგუფი: რისი ეშინიათ იუვეს ტიფოზებს
ამ ჯგუფში ორივე საგზური ელის პატრონს. "მალმიოს" შანსები უფრო ფანტასტიკის სფეროს უკავშირდება; აი, დანარჩენი სამიდან ერთი ზედმეტია და "იუვენტუსის" ფანებს ეს დიდად აღელვებთ, რადგან
შარშანდელის მსგავსად, ზედმეტი ისევ "ბებერი ქალბატონი" არ აღმოჩნდეს.

"ვისენტე კალდერონზე" ბერძნული "ოლიმპიაკოსი" ითამაშებს. დიეგო სიმეონეს გუნდს შინ გამარჯვება ესაჭიროება. "იუვე" კი შვედეთს სტუმრობს, სადაც წაგება არაფრით შეიძლება. დიდი შანსია, ამ ჯგუფში ბოლო ტურამდე ყველაფერი ბურუსით მოცული დარჩეს.

მაგნუს ერიქსონი ("მალმიოს" ნახევარმცველი): "ჩვენ შინ ვთამაშობთ, საკუთარ კედლებში კი ძლიერები ვართ. იმედია, "იუვენტუსი" სათანადოდ არ გვაფასებს, ეს ჩვენ ძალიან გვაწყობს. ვფიქრობ, "იუვენტუსის" წინააღმდეგ მატჩში ბურთი უფრო ჩვენ გვექნება".

ატლეტიკო-ოლიმპიაკოსი 23:45
მალმიო-იუვენტუსი 23:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 4 3 0 1 10-3 9
2. იუვენტუსი 4 2 0 2 5-4 6
3. ოლიმპიაკოსი 4 2 0 2 6-7 6
4. მალმიო 4 1 0 3 2-9 3

B ჯგუფი: ბულგარულ სასწორზე
ვინ წარმოიდგენდა, რომ "ლუდოგორეცისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა ჯგუფში!

არადა, ახლა ამ წყვილში წაგებული თამაშიდან გადის, გამარჯვებული კი შანსს ინარჩუნებს. ფრე ორივე გუნდისთვის თითქმის მარცხის ტოლფასია.

იმ შემთხვევაში, თუ "ბაზელი" უმოტივაციო "სამეფო კლუბს" დაამარცხებს, მეორე დაპირისპირებაში ფრე შვეიცარიელებს პლეი ოფში ახლავე გაიყვანს.

ვფიქრობთ, ბრენდან როჯერსის ლივერპულური კარიერა ბულგარულ სასწორზეა შემდგარი.

მეტოდი ტომანოვი ("ლუდოგორეცის" დირექტორი): "ალბათ, ისეთივე შანსები გვაქვს, როგორც "ანფილდზე" თამაშისას. მაშინ ბოლო წამებზე დავმარცხდით. ყველა შემთხვევაში "ლივერპული" მატჩის ფავორიტია. ზედიზედ ოთხი მარცხის მიუხედავად, "ლივერპული" დიდი გუნდია".

ლუდოგორეცი-ლივერპული 23:45
ბაზელი-რეალი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 4 4 0 0 11-2 12
2. ბაზელი 4 2 0 2 6-6 6
3. ლივერპული 4 1 0 3 2-6 3
4. ლუდოგორეცი 4 1 0 3 3-10 3

C ჯგუფი: გავიმარჯვოთ და მოვიგოთ
"ლევერკუზენი" თითქმის პლეი ოფშია, თუმცა "მონაკოსთან" გერმანულმა გუნდმა მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქროს. რუსეთში კი 6-ქულიანი თამაშია "ზენიტსა" და "ბენფიკას" შორის.

სონ ჰეუნ-მინი ("ლევერკუზენის" ნახევარმცველი): "მონაკოსთან" პირველ მატჩში დავმარცხდით, ახლა კი შურისძიება გვსურს. სამი ქულა ჰაერივით გვჭირდება".

როჯერ შმიდტი ("ლევერკუზენის" მწვრთნელი): "მოგებით ჯგუფს მოვიგებთ. ეს არის სწორედ ჩვენი მიზანიც, თუმცა "მონაკო" რთული მეტოქეა".

ზენიტი-ბენფიკა 21:00
ლევერკუზენი-მონაკო 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლევერკუზენი 4 3 0 1 7-3 9
2. მონაკო 4 1 2 1 1-1 5
3. ზენიტი 4 1 1 2 3-4 4
4. ბენფიკა 4 1 1 2 2-5 4

D ჯგუფი: არხეინი კლოპი
"დორტმუნდი" უკვე პლეი ოფშია და იურგენ კლოპს უჯობს, ბუნდესლიგაში გაფუჭებულ საქმეზე იფიქროს. თუმცა "არსენალთან" საგარეო ფრე "ბორუსიას" პირველ ადგილს დაუბევებს.

ასე რომ, გერმანული კლუბი მთლად უმოტივაციოდაც არ არის. ბელგიაში მატჩის მონაწილეები კი დიდწილად, ლონდონში განვითარებულ მოვლენებზე იქნებიან დამოკიდებულნი.

ბესნიკ ჰასი ("ანდერლეხტის" მწვრთნელი): "ჯგუფში მხოლოდ "დორტუმუნდთან" წავაგეთ დამსახურებულად, დანარჩენ მატჩებში კი ტყუილად გავანიავეთ ქულები. სტივენ დეფური სათამაშოდ მზადაა. ის "ანდერლეხტისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასე რომ, ელოდეთ მას სასტარტო შემადგენლობაში".

ანდერლეხტი-გალათასარაი 23:45
არსენალი-დორტმუნდი 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 4 4 0 0 13-1 12
2. არსენალი 4 2 1 1 9-7 7
3. ანდერლეხტი 4 0 2 2 5-9 2
4. გალათასარაი 4 0 1 3 3-13 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული