ლევერკუზენი-პსჟ. გამოხმაურება: ზლატანმა "ლევერკუზენი" გადაყლაპა

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" "ლევერკუზენთან" მატჩის ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ იმას, რაც "ბაი-არენაზე" მოხდა, ალბათ, მაინც ცოტა თუ წარმოიდგენდა და ასეთ დამაჯერებელ მოგებას, სავარაუდოდ, თავად პარიზელებიც კი არ ელოდნენ.

ლორან ბლანის გუნდმა 4:0 იმარჯვა და საპასუხო შეხვედრას აზრი დაუკარგა - ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით ერთ-ერთი მეოთხედფინალისტის ვინაობა.

თუმცა, ცხადია, დედაქალაქელთა ბანაკში ეტიკეტს იცავენ და ბლანიდან დაწყებული, თითოეული მოთამაშით დამთავრებული, ყველა ამბობს - ჯერ კიდევ არ გაგვინაღდებია გასვლა და საშინაო შეხვედრაც ყურადღებით უნდა ჩავატაროთო.

მატჩის ერთ-ერთი გმირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო. მან დუბლი გაახერხა და
აქედან ერთი გოლი ძალიან ლამაზი დარტყმით გაიტანა. მის აქტივში ახლა 10 ბურთია და იგი ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.

"სულაც არ იყო ისეთი ადვილი მატჩი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ, სწრაფმა გოლმა საქმე გაგვიიოლა და მთავარია, რომ ამის მერეც იგივე შემართებით გავაგრძელეთ მუშაობა. გავიტანეთ მეორე, მესამე... გოლი. სივრცე გვქონდა და კარგად გამოვიყენეთ.

საპასუხო მატჩიც ასე უნდა ჩავატაროთ. შეხვედრის კარგად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.

არ მინდა ჯერ იმაზე საუბარი, რომ ფავორიტები ვართ, ტურნირი ნელ-ნელა რთულდება და სულ უფრო და უფრო ძნელი მატჩები მოდის. დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თუ გუნდი კარგად თამაშობს, ინდივიდუალურადაც ყველაფერი გამოსდით მოთამაშეებს. მეორე გოლისას მშვენიერი დარტყმა გამომივიდა, მაგრამ ბლეზ მატუიდის პასიც აღსანიშნავია.

ვარ თუ არა ზინედინ ზიდანთან ერთად საუკეთესო მოთამაშე, ვისაც ლიგა 1-ში უთამაშია? არ ვიცი, ეს სხვების შესაფასებელია, მე კი ამ მოსაზრებას კომპლიმენტად მივიღებ"
, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

იოან კაბაიმ ჩინებული მატჩი ჩაატარა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსნიუკასლელი მშვენივრად მოერგო თავის ახალ გუნდს.

"კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩვენი კარგი თამაშით. თანაც, ჩემი პირველი გოლი გავიტანე პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე. მსგავსი გოლი "ბოქსინგ დეიზე" "სტოკს" გავუტანე.

იანვარში გუნდის გამოცვლა ადვილი არ არის, მაგრამ მიხარია, რომ აქ საქმე კარგად მიმდის, ყველა ძალიან მეხმარება, პსჟ-ში შესანიშნავი გარემოა. ახალი თანაკლუბელებისგან ვსწავლობ კიდეც. თუმცა არ მინდა შევიცვალო, მინდა ისეთივე ვიყო და გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო.

შორიდან დარტყმა მიყვარს და ჩემი ერთ-ერთი პლუსია. მოკლედ, როდესაც ფორმაში ვარ, ბევრი კარგის გაკეთება შემიძლია.

მთელი გუნდით ჩემპიონთა ლიგაზე ვართ კონცენტრირებულნი. გვსურს, ყველა თამაში და შესაბამისად, ეს ტურნირი მოვიგოთ, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ძნელი იქნება, აქ საფრანგეთის ჩემპიონატზე მაღალი დონეა. თუმცა მზად ვართ",
- აღნიშნა კაბაიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული