ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტურის წინ: ვინ დაიჭრება "სიკვდილის ჯგუფში"?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება.

პირველი რაუნდის შედეგებიდან გამომდინარე, ზოგიერთი კლუბი ვალდებულია, მინიმუმ ქულა მაინც აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი მდგომარეობა ძალიან დამძიმდება.

პირველ რიგში, ეს ეხება ლონდონის "ჩელსის", რომელიც რუმინეთში ითამაშებს...

E ჯგუფი: აუცილებლად მოსაგები ჟოზესთვის
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შალკე 1 1 0 0 3-0 3
2. ბაზელი 1 1 0 0 2-1 3
3. ჩელსი 1 0 0 1 1-2 0
4. სტიაუა 1 0 0 1 0-3 0

პირველ ტურში "ბაზელთან" განცდილი მარცხის შემდეგ ლონდონის "ჩელსის" ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს. ჟოზე მოურინიოს შეგირდებს ბუქარესტის "სტიაუას" სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავთ.

რუმინელებს "არისტოკრატები" შარშანდელ სეზონში, ევროპალიგის 1/4-ფინალში
შეხვდნენ და მაშინ ბუქარესტში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ანალოგიური შედეგის შემთხვევაში, "ჩელსი" ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და ლონდონურ კლუბს ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე რეალურად დაემუქრება.

მოურინიოს ედენ აზარის იმედი არ უნდა ჰქონდეს - ბელგიელი ტრავმირებულია. მოსალოდნელია, რომ ძირითადში იქნება ფერნანდო ტორესი, რომელსაც საშინაო ასპარეზზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

"ჩელსის" მსგავსად, პირველ ტურში დამარცხდა "სტიაუაც". მასპინძლებს ალექსანდრუ ჩიპჩუს სახით მხოლოდ ერთი სერიოზული დანაკლისი აქვთ. გარდა ამისა, საეჭვოა მიჰალ პინტილის თამაში.

"შალკესთან" წაგებული მატჩის შემდეგ "სტიაუამ" სამი შეხვედრა გამართა და სამივე მოიგო. ამ წარმატებული სერიის წყალობით დედაქალაქელები ჩემპიონატში გალიდერდნენ, თანაც "სტიაუას" კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სტიაუა-ჩელსი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ - გეორგიევსკი, გარდოში, შუკალა, ლატოვლევიჩი - პინტილი, ბურჩეანუ - პოპა, იანჩუ, ტანასე - პიოვაკარი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, დავიდ ლუისი, ე. კოული - რამირესი, ობი მიკელი - მატა, ოსკარი, შიურლე - ფ. ტორესი
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

* * *
ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი ერთმანეთს ორი 3-ქულიანი გუნდი შეხვდება. "ბაზელმა" უკანასკნელ ტურში აუტსაიდერ "სიონს" ვერ მოუგო, მაგრამ ლიდერობა მაინც შეინარჩუნა. შვეიცარიელთა რიგებში საეჭვოა ფაბიან შერის თამაში და თუ მან გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ძირითადში მის ადგილს გასტონ საურო დაიკავებს.

გაცილებით დიდია იენს კელერის დანაკლისი - "შალკეს" ფუქსის, პაპადოპულოსის და ჰუნტელაარის სახით სამი წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება.

ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ არის იულიან დრაქსლერის ასპარეზობა. გელზენკირხენელები ძალიან არადამაჯერებლად თამაშობენ. "სტიაუას" დამარცხების შემდეგ "ხუმარები" ჯერ "ბაიერნთან" შერცხვნენ (0:4), შაბათს კი "ჰოფენჰაიმთან" ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ შეხვედრა მაინც ფრედ, 3:3 დასრულდა.

ბაზელი-შალკე 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
ბაზელი (4-4-1-1): ზომერი - ფოსერი, ი. ივანოვი, საურო, საფარი - სალაჰი, მ. დიასი, ფ. ფრაი, ანდრისტი - შტოკერი - შტრელერი
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, მატიპი, ჰიოვედესი, აოგო - ჰიოგერი, ნოიშტედტერი - ფარფანი, ბოატენგი, დრაქსლერი - სალაი
მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

F ჯგუფი: ვენგერი VS ბენიტესი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 1 1 0 0 2-1 3
2. ნაპოლი 1 1 0 0 2-1 3
3. მარსელი 1 0 0 1 1-2 0
4. დორტმუნდი 1 0 0 1 1-2 0

"სიკვდილის ჯგუფში" წინა სეზონის ფინალისტი "მარსელს" უმასპინძლებს, ჯგუფის ლიდერები კი ერთმანეთს ლონდონში შეხვდებიან.

"არსენალმა" ჩემპიონატის პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ძალიან მოუმატა და ახლა არსენ ვენგერის შეგირდები პრემიერლიგის ლიდერები არიან. ლონდონელებმა ბოლო 9 მატჩიდან (ყველა ტურნირზე) 8 მოიგეს და მხოლოდ ერთი დაასრულეს ფრედ (ლიგის თასზე).

მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. ტრავმების გამო "ნაპოლისთან" ვერ ითამაშებენ აბუ დიაბი, სანტი კასორლა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, თეო უოლკოტი და ლუკას პოდოლსკი. ტომაშ როსიცკი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჩეხი სათამაშოდ მზად არ არის.

მოსალოდნელია, რომ ვენგერი მინდორზე ზუსტად იმ 11 ფეხბურთელს გამოიყვანს, ვინც შაბათს "სუონსისთან" ითამაშა და "მეთოფეებს" მორიგი გამარჯვება მოუტანა. ძირითადში იქნება სერჟ გნაბრი, ვინც უელსელებს პირველი გოლი გაუტანა.

მართალია, "ნაპოლიმ" შუა კვირაში "სასუოლოს" ვერ მოუგო და ლიდერობა დათმო, მაგრამ შაბათს რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა "ჯენოას" სძლიეს და ხასიათი გამოიკეთეს. ესპანელ სპეციალისტს კრისტიან მაჯო არ ეყოლება, რომელსაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჯანდომენიკო მესტო შეცვლის.

ამ შეხვედრის მიმართ ინტერესს მწვრთნელთა დუელიც ზრდის - ვენგერი და ბენიტესი ერთმანეთს ხომ ძალიან კარგად იცნობენ.

საინტერესოა, რომ იმ 6 სეზონის განმავლობაში, რაც ბენიტესმა "ლივერპულში" გაატარა, ესპანელს სტუმრად "არსენალი" არ დაუმარცხებია (3 ფრე, 5 მარცხი). სპეციალისტების ბოლო დაპირისპირება შარშან, იანვარში შედგა, როდესაც "ჩელსიმ" შინ 2:1 მოიგო.

ზოგადად, ბენიტესის და ვენგერის ურთიერთშეხვედრებში წინ ფრანგი დამრიგებელია - 8 მოგება 5-ის წინააღმდეგ, კიდევ 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

არსენალი-ნაპოლი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშიელნი, გიბსი - ფლამინი, რემსი - გნაბრი, იოზილი, უილშირი - ჟირუ
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მესტო, ალბიოლი, ბრიტოსი, სუნიგა - ჯემაილი, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე - იგუაინი
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

* * *
ნეაპოლელებთან წაგების შემდეგ "ბორუსია" ვალდებულია, სამი ქულა მოიპოვოს. გერმანელების მეტოქე მარსელის "ოლიმპიკია", რომელსაც ბევრი ამ ჯგუფის აუტსაიდერად მიიჩნევს, თუმცა ფრანგებთან იოლი გასეირნება რომ არავის ელის, ეს "არსენალთან" პირველი ტურის შეხვედრამაც დაამტკიცა.

ელი ბოპის გუნდი ლიგა 1-ში საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობს და 8 ტურის შემდეგ მხოლოდ ორ გამოკვეთილ ფავორიტს, "მონაკოს" და პსჟ-ს ჩამორჩება.

მასპინძლებს არ ეყოლებათ რომან ვაიდენფელერი, რომელმაც "ნაპოლისთან" შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო. ასევე, ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ლუკას პიშჩეკი, მარსელ შმელცერი, ილქაი გიუნდოგანი და სებასტიან კელი. მხოლოდ ორი ფეხბურთელი აკლია "მარსელს", თუმცა ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია - პროვანსელებმა ჟერემი მორელის და ანდრე-პიერ ჟინიაკის გარეშე უნდა ითამაშონ.

დორტმუნდი-მარსელი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, დურმი - ს. ბენდერი, შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, მენდეში, მენდი - რომაო, იმბულა - ჯ. აიუ, ვალბუენა, პაიე - ა. აიუ
მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი)

G ჯგუფი: კოშტას გარეშე დრაკონების წინააღმდეგ
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 1 1 0 0 3-1 3
2. პორტუ 1 1 0 0 1-0 3
3. აუსტრია 1 0 0 1 0-1 0
4. ზენიტი 1 0 0 1 1-3 0

ორი ფავორიტი ერთმანეთს "დრაგაოზე" შეხვდება, მთლიანად მეორე ტურის პირველი შეხვედრა კი სანკტ-პეტერბურგში, "პეტროვსკიზე" გაიმართება.

"პორტუმ" და "ატლეტიკომ" პირველი შეხვედრები მოიგეს და ახლა ერთმანეთში გაარკვევენ, თუ ვინ არის ამ ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი.

"ატლეტიკო" შესანიშნავ ფორმაშია - დიეგო სიმეონეს შეგირდებმა საკლუბო რეკორდი დაამყარეს და ჩემპიონატში საწყისი შვიდი მატჩი მოიგეს. ბოლო ტურში "ატლეტიკომ" დერბიში "რეალს" სძლია და მოსისხლე მტერთან ლა ლიგაში 1999 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა.

გარდა ამისა, "როხიბლანკომ" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურშიც მოიგო, ესპანეთის სუპერთასზე კი "ბარსელონასთან" ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულა. სულ ამ სეზონში მადრიდელებმა 10 მატჩი გამართეს, რომელთაგანაც 8-ში მოედანი გამარჯვებულებმა დატოვეს, ორი მატჩი კი ფრედ დაასრულეს. ასევე დაუმარცხებელია "პორტუც", რომელიც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.

ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე სულ 4-ჯერ შეხვდნენ და ოთხივე მატჩი 2009 წელს გაიმართა. 2008/09 წლების სეზონის 1/8-ფინალში ორივე დაპირისპირება ფრედ დასრულდა (2:2 მადრიდში და 0:0 პორტუში), მომდევნო ეტაპზე კი სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით "პორტუ" გავიდა.

2009/10 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე კი პორტუგალიელებმა მეტოქე აშკარად დაჩაგრეს და ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად იმარჯვეს - 2:0 შინ და 3:0 მადრიდში.

მასპინძლები ამ შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან, დიეგო სიმეონეს კი ორი შემტევი აკლია: ადრიანი ტრავმირებულია, შესანიშნავ ფორმაში მყოფი დიეგო კოშტა კი დისკვალიფიკაციის გამო ბოლო მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი შარშან, ევროპალიგაზე "პლზენთან" მიღებული წითელი ბარათის გამო დასაჯეს.

პორტუ-ატლეტიკო 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
პორტუ (4-3-3): ელტონი - დანილო, მანგალა, ოტამენდი, ალექს სანდრო - ჟოსუე, ფერნანდო, ლუჩო გონსალესი - ლიკა, ჯ. მარტინესი, კინტერო
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო, გაბი, არდა თურანი - ლეო ბაპტიშტაო, ვილია
მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი)

* * *
"ზენიტის" და "აუსტრიას" შეხვედრით მეორე ტური გაიხსნება. რუსებს მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებთ, ავსტრიელები კი ქულითაც უაღრესად ბედნიერები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე 32 გუნდიდან ერთადერთი დებიუტანტი სწორედ ვენის "აუსტრია" გახლავთ.

ზენიტი-აუსტრია 20:00
სავარაუდო შემადგენლობები:
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - სმოლნიკოვი, ლომბერტსი, ჰუბოჩანი, ანსალდი - ვიტსელი, ფაიზულინი - ჰალკი, არშავინი, დანი - კერჟაკოვი
აუსტრია (4-3-3): ლინდნერი - დილავერი, როგული, ორტლეხნერი, სუტნერი - სიმკოვიჩი, ჰოლანდი, მადერი - სპირიდონოვიჩი, ჰოზინერი, იუნი
მსაჯი: დენის აითეკინი (გერმანია)

H ჯგუფი: "სელტიკს" კიდევ ერთი გმირობა სჭირდება
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 1 1 0 0 4-0 3
2. მილანი 1 1 0 0 2-0 3
3. სელტიკი 1 0 0 1 0-2 0
4. აიაქსი 1 0 0 1 0-4 0

"ჩემპიონთა ჯგუფი" - სწორედ ასე შეარქვეს ამ კვარტეტს, რადგან H ჯგუფი არის ერთადერთი, სადაც ჩემპიონთა ლიგის ოთხი ყოფილი გამარჯვებული თამაშობს.

ორივე წყვილში ფავორიტად სტუმრები მიიჩნევიან, თუმცა "მილანი" ძალიან არასტაბილურია, რაც "აიაქსის" შანსებს ზრდის; გლაზგოს "სელტიკმა" კი "ბარსელონას" შარშან უკვე მოუგო, თანაც კატალონიელებს ლიონელ მესის სახით აუნაზღაურებელი დანაკლისი აქვთ.

მესის ტრავმამ "სელტიკის" შანსები შესაძლოა ოდნავ, მაგრამ მაინც გაზარდა.

გლაზგოელებმა "მილანთან" საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და რომ არა უიღბლობა, "სან სიროდან" ქულის წამოღებასაც შეძლებდნენ. ნილ ლენონის სამწყსოს ამჯერად გაცილებით რთული მეტოქე ჰყავს, მაგრამ "სელტიკ პარკზე" შარშანდელი წარმატება ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ...

კატალონიელებმა, "ატლეტიკოს" მსგავსად, საკლუბო რეკორდი დაამყარეს და პრიმერას პირველი 7 ტურში ამდენივე გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა უკანასკნელი მოგება ხერარდო მარტინოს გუნდს ძვირი დაუჯდა - მესი დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს.

სელტიკი-ბარსელონა 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
სელტიკი (4-3-2-1): ფორსტერი - ლუსტიგი, ვან დეიკი, ემბროუზი, ისაგირე - კომონსი, ბრაუნი, მალგრიუ - სტოუქსი, სამარასი - პუკი
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ადრიანო - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ინიესტა - ა. სანჩესი, ნეიმარი, პედრო
მსაჯი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

* * *
ჯგუფის მეორე შეხვედრაში 1995 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის "რიმეიქი" იქნება - "აიაქსი" "მილანის" წინააღმდეგ. მაშინ პატრიკ კლუივერტის ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება ამსტერდამელებს დარჩათ, სულ კი ეს გუნდები ერთმანეთს მეცამეტედ შეხვდებიან.

წინა 12 მატჩიდან 5 "აიაქსმა" მოიგო, 5 (მათ შორის, 1969 წლის ფინალში) კი "მილანმა", ორივე გუნდს კი ჩემპიონთა თასი ჯამში 11-ჯერ აქვს მოპოვებული.

მასიმილიანო ალეგრის სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. კაკა, ელ შაარავი, დე შილიო, სილვესტრი, პაცინი, მონტოლივო - ყველა ეს ფეხბურთელი ლაზარეთშია და თამაშის შანსი მხოლოდ მონტოლივოს აქვს. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება მარიო ბალოტელი, რომელიც იტალიის ჩემპიონატში დისკვალიფიცირებულია და "მილანს" მხოლოდ ევროპაში თუ დაეხმარება.

აიაქსი-მილანი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები:
აიაქსი (4-3-3): სილესენი - ვან რეინი, მოისანდერი, დენსვილი, ბლინდი - ს. დე იონგი, პოულსენი, დუარტე - კრკიჩი, სიგტორსონი, ფიშერი
მილანი (4-3-2-1): აბიატი - ძაკარდო, საპატა, მექსე, ემანუელსონი - ნოჩერინო, ნ. დე იონგი, მუნტარი - რობინიო - მატრი, ბალოტელი
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული