ჩემპიონთა ლიგა 2017/18: 22 კლუბის ვინაობა ცნობილია - ვინ რომელ კალათში და როდის...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა კარდიფში დასრულდა, თუმცა უკვე გამოიკვეთა მომავალი გათამაშების კონტურები, გათამაშების, რომლის ფინალიც 2018 წლის 26 მაისს კიევის "ოლიმპიისკიზე" გაიმართება.

ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა მაინც ჯგუფური ეტაპიდან იწყება და იქ მონაწილე 32 გუნდიდან 22-ის ვინაობა უკვე ცნობილია. მათ 10 კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფიდან დაემატება (მანამდე კიდევ სამი საკვალიფიკაციო ეტაპია).

24 აგვისტოს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება და იქ ამჟამინდელი ჩემპიონი მადრიდის "რეალი" პირველ კალათში იქნება განთესილი.

ლიგის გამარჯვებულის გარდა, პირველ კალათში მოხვდნენ უეფას რეიტინგით პირველი 7 ჩემპიონატის
წარმომადგენელი ჩემპიონები. ასე რომ, არავის გაგიკვირდეთ პირველ კალათში მოსკოვის "სპარტაკისა" (რომლის რიგებსაც ჯანო ანანიძე იცავს) და დონეცკის "შახტარის" (სადაც დავით ხოჭოლავა და გიორგი არაბიძე თამაშობენ) მოხვედრაც. უკრაინის პრემიერლიგა უეფას კოეფიციენტით მერვე ქვეყანაა, მაგრამ, რადგან "რეალმა" ლა ლიგაც მოიგო, ესპანეთის ჩემპიონის ადგილი კალათში გამოთავისუფლდა და ის რეიტინგით მერვე ქვეყნით, უკრაინის ჩემპიონით შეივსო.

მაშ ასე, I კალათში განთესილები იქნებიან: "რეალი" (ესპანეთი), "ბაიერნი" (გერმანია), "ჩელსი" (ინგლისი), "იუვენტუსი" (იტალია), "ბენფიკა" (პორტუგალია), "მონაკო" (საფრანგეთი), "სპარტაკი" (რუსეთი) და "შახტარი" (უკრაინა).

დანარჩენ კალათებში კლუბები გადანაწილდებიან უეფას საკლუბო კოეფიციენტების მიხედვით.

შემოგთავაზებთ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრილ დანარჩენ კლუბებს თავიანთი კოეფიციენტებით.

ბარსელონა ესპანეთი 151.999
ატლეტიკო ესპანეთი 142.999
პსჟ საფრანგეთი 126.333
დორტმუნდი გერმანია 124.899
სიტი ინგლისი 100.192
პორტუ პორტუგალია 98.866
მანჩესტერი ინგლისი 95.192
ტოტენჰემი ინგლისი 77.192
ბაზელი შვეიცარია 74.415
ანდერლეხტი ბელგია 58.840
რომა იტალია 53.666
ბეშიქთაში თურქეთი 45.840
ფეიენოორდი ჰოლანდია 23.212
ლაიპციგი გერმანია 15.899

8-დან 7 კლუბის ვინაობა ცნობილია, რომლებიც II კალათში განთავსდებიან: "ბარსელონა", "ატლეტიკო", პსჟ, "დორტმუნდი", "სიტი", "პორტუ" და "მანჩესტერი".

მერვე შეიძლება იყოს "ტოტენჰემი" (თუ ჯგუფურ ეტაპზე "სევილია" და "ნაპოლი" ვერ გავლენ). უკვე ცნობილია, რომ III კალათში იქნებიან "ბაზელი" და "ანდერლეხტი". დანარჩენები კი ან მანდ, ან ბოლო კალათში მოთავსდებიან.

პლეი ოფი
ჯგუფურ ეტაპზე რჩება 10 ვაკანტური ადგილი, რომელთა მფლობელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში გაირკვევა - 5 ეგრეთ წოდებული ჩემპიონთა გზიდან და 5 ლიგის გზიდან.

ლიგის გზიდან დავიწყოთ, რადგან აქ უფრო ნათელია ყველაფერი - პლეი ოფში უკვე არის 5 გუნდი, რომლებიც მეტოქეებს ელოდებიან. ესენია: "სევილია" (ესპანეთი), "ჰოფენჰაიმი" (გერმანია), "ლივერპული" (ინგლისი), "ნაპოლი" (იტალია) და "სპორტინგი" (პორტუგალია). საკმაოდ ძლიერი კონტინგენტია, რომელიც ჯგუფურ ეტაპსაც დაამშვენებდა. ამათგან სამი (სევილია, ნაპოლი, ლივერპული) რომ განთესილი იქნება, წყალი აღარ გაუვა.

"ჰოფენჰაიმი" ყველა ვარიანტში განუთესავი იქნება, ხოლო ლისაბონელების ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი კლუბები გადმოვლენ III საკვალიფიკაციო ეტაპიდან. თუმცა აქვე გეტყვით, რომ "სპორტინგს" განთესვის მინიმალური შანსი აქვს. თუკი იურგენ კლოპის "ლივერპული" პლეი ოფს დაძლევს, ინგლისს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთი წარმომადგენელი ეყოლება.

მათთან პლეი ოფში მოსახვედრად III საკვალიფიკაციო ეტაპიდან იბრძვის 10 გუნდი: "ნიცა" (საფრანგეთი), ცსკა (რუსეთი), "დინამო" (უკრაინა), "ბრიუგე" (ბელგია), "აიაქსი" (ჰოლანდია), "ბაშაკშეჰირი" (თურქეთი), "იანგ ბოისი" (შვეიცარია), "პლზენი" (ჩეხეთი), აეკ (საბერძნეთი) და "სტიაუა" (რუმინეთი). კიეველთა გუნდი, "აიაქსი", "პლზენი", ცსკა და "ბრიუგე" განთესილები არიან, სხვები კი არა. ასე რომ, ამ ეტაპზე ისეთი ძლიერი წყვილი შეიძლება ჩამოყალიბდეს, როგორიც "აიაქსი"-"ნიცაა".

ჩემპიონთა გზა
უფრო რთულად არის წინასწარ განსასაზღვრი ჩემპიონთა გზა, რადგან ეს გზა კიდევ უფრო გრძელია - იწყება I საკვალიფიკაციო ეტაპიდან, რომელსაც II და III მოჰყვება. ჯერ არც ერთი კლუბი არ არის ცნობილი იმ 10-დან, რომლებიც პლეი ოფის ეტაპზე ითამაშებენ. ისინი III საკვალიფიკაციო ეტაპის 10 წყვილიდან გაირკვევა. ჯერჯერობით მხოლოდ სამი კლუბის ვინაობაა ცნობილი, რომელთაც III ეტაპიდან თამაში დაიბევეს (ჩემპიონთა გზიდან): ესენია "ოლინპიაკოსი" (საბერძნეთი), "სლავია" (ჩეხეთი) და "ვიტოლული" (რუმინეთი). ამ ეტაპზე "ოლიმპიაკოსი" განთესილი იქნება, ხოლო სხვა ორი - განუთესავი. II საკვალიფიკაციო ეტაპზე 34 წყვილი იქნება, რომელთა 17 გამარჯვებული ზემოთ ჩამოთვლილ სამს შეუერთდება და პლეი ოფის 10 საგზურს გაითამაშებს.

სამტრედია, სელტიკი და სხვები
II და მით უმეტეს, I საკვალიფიკაციო ეტაპებიდან მოთამაშე კლუბების ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს და მკითხველს დააბნევს. ვიტყვით მხოლოდ, რომ აქ არის საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია", რომელსაც ყველაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს - 1.525. ის კი არა, კლუბების უმეტესობას, რომლებიც ბრძოლას პირველივე ეტაპიდან იწყებენ, უკეთესი კოეფიციენტი აქვს.

ბუნებრივია, იმის შეხსენება საჭირო არ არის, რომ "სამტრედია" განუთესავია. ამ ეტაპზე მოთამაშეთაგან საუკეთესო კოეფიციენტი შოტლანდიის ჩემპიონ "სელტიკს" აქვს. მერე მოდის "ზალცბურგი" (ავსტრია), "კოპენჰაგენი" (დანია), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), ბატე (ბელორუსი), "ლეგია" (პოლონეთი) და ასე შემდეგ...

ჩემპიონთა ლიგის პირველი წილისყრა 19 ივნისს გაიმართება და ის I და II საკვალიფიკაციო ეტაპს მიეძღვნება; 14 ივლისს III ეტაპის წილისყრა, ხოლო 4 აგვისტოს პლეი ოფისა მოეწყობა. ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე უკვე მოგახსენეთ - 24 აგვისტოს მას მონაკო მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ არც ერთ ამ ეტაპზე არ შეიძლება ერთი და იგივე საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენელთა დაპირისპირება.

თარიღები
ჩემპიონთა ლიგა 3 ივნისს დასრულდა და 19 ივნისს I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრით გაიხსნება. I ეტაპის თარიღებია 27-28 ივნისი და 4-5 ივლისი. ამ ეტაპზე სულ ხუთი წყვილია უეფას ყველაზე დაბალრეიტინგული ქვეყნებიდან (ძირითადად, ეგრეთ წოდებული ჯუჯა ქვეყნებიდან). II საკვალიფიკაციო ეტაპი 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება. III ეტაპის თარიღებია - 25-26 ივლისი და 1-2 აგვისტო.

საკვალიფიკაციო ბატალიების გადამწყვეტი, საპლეიოფო ეტაპი კი 15-16 აგვისტოსა და 22-23 აგვისტოს გაიმართება, რომ 24 აგვისტოსთვის ყველაფერი გადაწყვეტილი იყოს.

"ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა" კი სტარტს 12-13 სექტემბერს აიღებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
27 ივნის ნეტა ცჰვენს გუნდებს არ ჰქონდეს თამაში 28 ში მინდა რომ ვუყურო 27 ში ვმუსჰაობ
gura
00:30 12-06-2017
0
ის თამასობს ვინც იმსახურებს, ასე რომ სამტრე წინ...
vaxo
21:09 06-06-2017
0

სიახლეები პოპულარული