პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს სიკვდილის შიში - ტურინის ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ

AutoSharing Option
ტურინში, ტერაქტის შესახებ ცრუ განგაშის გამო დაწყებულ ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი და მისი მეუღლე მიხეილ ჭკუასელი, რომლებიც სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” პოსტებს აქვეყნებენ.

”მეგონა ვიცოდი, მეგონა განვიცდიდი სხვების ტკივილს, არა!!! ჩემ ცხოვრებაში პირველად მივხვდი, რა არის ტერორი, პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს სიკვდილის შიში და პირველად ვიგრძენი უკიდურესი უმწეობა, უფრო გაუსაძლისი, ვიდრე ათიათასობით გაქცეულთან ერთად გაქცევა, არ არსებობს”, - წერს ხატია მოისწრაფიშვილი.

მიხეილ ჭკუასელი კი აღნიშნავს, რომ პანიკა სათამაშო პეტარდის გამო
ატყდა.

”ხატიაზე და ჩემზე არ იდარდოთ. კიდევ ერთი ფინალი წავაგეთ, ნუ მეორე ტაიმს სადამდეც ვუყურეთ იქამდე. მერე სათამაშო პეტარდის გამო პანიკა ატყდა, ტერორისტული თავდასხმა ეგონა ხალხს და აირია მონასტერი. მსუბუქი დაზიანებები ბევრს აქვს, უფრო სერიოზულზე ჯერ არაფერი ვიცი. ჩვენ კარგად ვართ, ნუ რამდენადაც შეიძლება დიდი ნერვიულობის, სირბილის და წინააღმდეგობების გადალახვის შემდეგ. იაპონურმა რესტორანმა შეგვიფარა ერთი 15 კაცი. დიდი თვალები ქონია შიშს. ფეხბურთის ხასიათს რომ წაგართმევს ისეთი ”,- წერს მიხეილ ჭკუასელი.

ტურინში, სან-კარლოს მოედანზე მომხდარი ჭყლეტის გამო 1000-მდე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გულშემატკივრები ფან-ზონაში, კარდიფში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, ”იუვენტუსი” – ”მადრიდის რეალის” დაპირისპირებას დიდ ეკრანზე უყურებდნენ.

ადგილზე ტურინის ”იუვენტუსის” დაახლოებით 30 ათასამდე გულშემატკივარი იყო შეკრებილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სან-კარლოს მოედანზე პიროტექნიკა აფეთქდა. ადგილზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია ტერაქტის შესახებ, რამაც შეკრებილებში პანიკა და შემდეგ ჭყლეტა გამოიწვია.

დაშავებულთაგან 7 მძიმე მდგომარეობაშია, აქედან ერთი 7 წლის ბიჭია.

- ტურინში მომხდარი ჭყლეტის შოკისმომგვრელი კადრები [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული