ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. რეალი VS ბაიერნი - გერმანელები უშანსოდ არ არიან

AutoSharing Option
* "რეალი" და "ბაიერნი" ერთმანეთს 24-ედ ხვდებიან, დღეისათვის ევროთასებზე ყველაზე ხშირად ამ წყვილმა ითამაშა.

* სერხიო რამოსი მე-100 მატჩს ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე.

* ჩემპიონთა ლიგის (თასის) 10 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან გუნდებმა 5-5 მოიგეს.

კრიშტიანო რონალდომ "ალიანც არენაზე" დუბლით მატჩის ბედი გადაწყვიტა და თავად ევროთასებზე 100 გოლი გაიტანა. ახლა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ძალიან ახლოს არის ლიგაზე 100 გატანილ გოლთან - სულ სამი აკლია. კარლო ანჩელოტი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მეტოქე გუნდის თავკაცის როლში მოდის.

მიუნხენური მატჩის შემდეგ "რეალი" აშკარა ფავორიტია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ
ვისთან აქვს საქმე "სამეფო კლუბს" - "რეკორდმაისტერი" ის გუნდი არ არის, იოლად რომ დანებდეს და არც ის, ვისაც ასეთი ჩამორჩენის ამოქაჩვა არ შეუძლია.

კარლო ანჩელოტის არ ჰყავს დისკვალიფიცირებული ხავი მარტინესი და "ბაიერნის" აქილევსის ქუსლიც შესაძლოა, დაცვის ცენტრი იყოს, რადგან ბოატენგიც და ჰუმელსიც, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებენ. "რეალის" უდიდესი დანაკლისი, რა თქმა უნდა, ტრავმირებული გარეთ ბეილია.

I მატჩი
"ალიანც არენაზე" მიუნხენის "ბაიერნმა" კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა. თავიდან გერმანული კლუბი არტურო ვიდალმა თავურით დააწინაურა, მაგრამ მანვე ტაიმის ბოლო წამებზე ვერ გაიტანა პენალტი. მეორე ტაიმში კრიშტიანო რონალდოს დუბლი და ხავი მარტინესის გაძევება ვიხილეთ - 1:2.

პრესკონფერენცია
ზინედინ ზიდანი (რეალი): "ბაიერნს" ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავს ნებისმიერ ხაზში. მეტოქე უმაღლესი კლასისაა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ გუნდს აქვს თავისი სისუსტეები. ისევე კარგად უნდა მოვემზადოთ თამაშისთვის, როგორც ეს პირველი მატჩისას გავაკეთეთ და მეტოქეს ჩვენი ფეხბურთი უნდა მოვახვიოთ თავს.

დიდი მატჩია, რომლის ბედსაც მცირე დეტალები გადაწყვეტს. გამარჯვება გვინდა, პირველი თამაში უკვე დავიწყებულია. კარგად ვიცით, როგორი ძნელია "ბაიერნის" დამარცხება ნებისმიერ მოედანზე. ამიტომ საფინალო სასტვენამდე ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ".

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ, ძალიან მაგრად უნდა ვითამაშოთ. შანსი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ერთი კვირის წინათ გვქონდა. ამ სტადიონზე ორი წელი გავატარე და დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს მასთან.

დღევანდელი ვარჯიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბოატენგისა და ჰუმელსისთვის, ჯერ ვერაფერს ვიტყვი; აი, ლევანდოვსკი კი უკვე კარგად არის. რა თქმა უნდა, ლევანდოვსკის დაბრუნება ჩვენთვის დიდი პლუსია, მას ძალიან ბევრი გოლი გააქვს. შანსი კიდევ რჩება".

ამ უქმეებზე
"რეალმა" ხიხონში "სპორტინგს" 3:2 მოუგო, არადა, ორჯერ აგებდა. ჯერ ისკომ გაათანაბრა, შემდეგ იგივე ალვარო მორატამ გააკეთა. გამარჯვების გოლი ისკომ 90-ე წუთზე გაიტანა. "რეალმა", ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობით ითამაშა.

"ბაიერნმა" ვერ მოუგო "ლევერკუზენს", რომელიც ბოლო ნახევარი საათი ათი კაცით იყო მოედანზე - 0:0.

სამშაბათი. 18 აპრილი
რეალი-ბაიერნი 22:45 (2:1)
დისკვალიფიკაცია: - ხავი მარტინესი
ტრავმა: პეპე, ვარანი, ბეილი - ბოატენგი (?), ჰუმელსი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო, ბენზემა, რონალდო
ბაიერნი (4-2-2-2): ნოიერი - ლამი, ჩაბი ალონსო, ალაბა, ბერნატი - ვიდალი, ტიაგო ალკანტარა - რობენი, რიბერი - ლევანდოვსკი, მიულერი
ურთიერთშეხვედრები: 23 თამაში: +10=2-11 (33:34)
მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული