ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის წინ: ლეგენდების შეხვედრა "დრაგაოზე"

AutoSharing Option
* "პორტუ" ბოლო 6 საშინაო მატჩია, იტალიურ გუნდთან არ დამარცხებულა.
* "იუვენტუსმა" ამ სეზონში სამივე საგარეო მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე.
* "იუვენტუსმა" "პორტუ" 1984 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში დაამარცხა.
* ბოლო 6-6 მატჩი "პორტუმაც" და "იუვენტუსმაც" მოიგეს.
* "ლესტერი" გაზაფხულის ფაზაზე პირველად თამაშობს ევროთასებზე.

დღეს, ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე ბოლო ოთხეული ჩაერთვება. აქ არის ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი "იუვენტუსი", ყოჩაღი "პორტუ" და "სევილია" და აშკარა აუტსაიდერი "ლესტერი", რომელიც ამავე დროს, ინგლისის ჩემპიონია.

პორტუ-იუვენტუსი
პირველ რიგში, ეს არის ორი
დიდი გოლკიპერის დაპირისპირება, რომელთაც საუკეთესო დროება უკან მოიტოვეს, თუმცა ვერაგ დროს არ ეპუებიან და ისევ უმაღლეს დონეზე თამაშობენ - ლაპარაკი იკერ კასილიასსა და ჯანლუიჯი ბუფონზეა.

პრესკონფერენცია
ნუნუ (პორტუ): "ჩვენ მატჩისთვის ყველანაირად მზად ვართ. ახლა ლიგაზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდია დარჩენილი და ჩვენი ორის დაპირისპირება აუცილებლად კარგი უნდა გამოდგეს. დღევანდელი "პორტუ" მზად არის ფანტასტიკური დონის მეტოქეებთან ბრძოლისთვის, როგორიც "იუვენტუსია". ხვალ "დრაგაუ" შეივსება, ჩვენ გულშემატკივრების დიდი იმედი გვაქვს. საუკეთესო თამაშს თუ ვაჩვენებთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როგორც მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება, ისევე არ შეიძლება,მისი ძალების მეტისმეტი გადაფასება".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "პორტუ" ჩემპიონთა ლიგისთვის "დაბადებული" კლუბია. სექტემბრის მერე ამ გუნდს წაგების გემო არ გაუსინჯავს. ბოლო დროს მათ მოუგეს "ბაიერნს" და "ჩელსის". მოკლედ, ჩვენთვის ძალიან მძიმე ტესტია. წინ 180 დაძაბული წუთი გველის. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად "პორტუსთან" შეხვედრა არ მინდოდა".

ურთიერთშეხვედრები
"პორტუ" აქამდე სამჯერ დაუპირისპირდა "იუვენტუსს" და ვერც ერთხელ ვერ მოუგო. 1984 წელს ეს გუნდები ბაზელში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს აწ უკვე გაუქმებული ტურნირის, ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში. ჯოვანი ტრაპატონის "იუვემ" 2:1 მოიგო ბენიამინო ვინიოლასა და ზბიგნევ ბონეკისა გოლებით. პორტუგალიელთა გოლი ანტონიო სოუზას ანგარიშზეა.

2001/02 წლების ლიგის I ჯგუფურ ეტაპზე ეს ორი გუნდი ერთად მოხვდა. პორტუგალიაში მატჩი 0:0 დასრულდა, ხოლო შინ მარჩელო ლიპის გუნდმა 3:1 იმარჯვა. გოლები "იუვეს" რიგებში ალესანდრო დელ პიერომ, პაოლო მონტერომ და დავიდ ტრეზეგემ გაიტანეს.

გასულ უქმეებზე
"პორტუმ" 4:0 გაანადგურა "ტონდელა". ანდრე სილვას პენალტს რუბენ ნევეშმა, სოარეშმა და დიოგო ჟოტამ თითო გოლი დაუმატეს.

"იუვენტუსსაც" აუტსაიდერთან ჰქონდა მატჩი და მანაც დიდი ანგარიშით მოიგო - 4:1 დაამარცხა "პალერმო". მარკიზიომ და იგუაინმა თითო გოლი გაიტანეს, პაულო დიბალამ კი დუბლი შეასრულა.

სევილია-ლესტერი
მაშინ, როცა ყველას ხიბლავს ხორხე სამპაოლის "სევილიას" შემტევი ფეხბურთი, ინგლისის ჩემპიონი საშინელ დღეშია - "მელიები" ახლახან ასოციაციის თასიდან III დივიზიონის კლუბმა გამოაძევა და კლაუდიო რანიერის "ლესტერის" საქმეები ჩემპიონატშიც ძალიან ცუდად აეწყო. შარშან მაჰრეზი და ვარდი დაფრინავდნენ, წლეულს მსგავსიც არაფერი ხდება...

პრესკონფერენცია
ხორხე სამპაოლი (სევილია): "უნიკალური დაპირისპირებაა, ჩვენ გვაქვს შანსი, ევროპის მოწინავე რვა კლუბს შორის დავმკვიდრდეთ. მართალია, ახლა "ლესტერს" არ აქვს საუკეთესო დროება, მაგრამ ერთი მოშვებაც კი მათთან ძალიან ძვირი დაგვიჯდება, "ლესტერს" ეს თავისუფლად შეუძლია. არ მინდა, ჩემმა ბიჭებმა ბურთი ხშირად კარგონ, "ლესტერი" ძალიან სახიფათოა ამ დროს".

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "შარშანდელი სეზონი საოცრება იყო. ამ სეზონში კი სულ სხვა განწყობა გვაქვს. ჩვენ ამ დაპირისპირებაში აშკარა აუტსაიდერები ვართ, მაგრამ ჩვენ აქ ჩამოვედით და საბრძოლველადაც მზად ვართ. ხორხე სამპაოლი ელიტური დონის მწვრთნელია, რაც "სევილიას" ეტყობა კიდევაც".

ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან.

გასულ უქმეებზე
"სევილიამ" "ეიბარს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. გოლები პაბლო სარაბიამ და ვიტოლომ გაიტანეს. გუნდი ლა ლიგაში მე-3 ადგილზეა.

"ლესტერი", როგორც ვთქვით, ასოციაციის თასზე შერცხვა - "მილუოლმა" 1:0 მოუგო და ბრძოლას აგრძელებს.

ოთხშაბათი. 22 თებერვალი
პორტუ-იუვენტუსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-3-3): კასილიასი - მ. პერეირა, მარკანო, ფელიპე, ტელესი - დანილო, ერერა, ო. ტორესი - ბრაჰიმი, ანდრე სილვა, სოარეში
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ხედირა - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
ურთიერთშეხვედრები: +0=1-2 (2-5)
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

სევილია-ლესტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: მერკადო -
ტრავმა: ტრემულინა - ვოგი, სლიმანი (?), ულოა (?)
სავარაუდო შემადგენლობები
სევილია (4-4-2): ს. რიკო - მარიანო, რამი, პარეხა, ესკუდერო - ფ. ვასკესი, ნასრი, ნ'ზონზი, ვიტოლო - იოვეტიჩი, ბენ იედერი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - დრინკვოტერი, მაჰრეზი, ნდიდი, გრეი - ოკაზაკი, ვარდი
ურთიერთშეხვედრები: არ შეხვედრიან
მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი)

საპასუხო მატჩები 14 მარტს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული