ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩები: სიტყვის კაცი უნაი! [VIDEO]

AutoSharing Option
სიტყვის კაცი ყოფილა უნაი ემერი - თამაშის წინა დღეს თქვა, პსჟ "ბარსელონასთან" ლამაზ ისტორიას დაწერსო...

დაწერა და მერე როგორი! ასეთი ისტორიებიც ხომ სწორედ ასეთ მეტოქესთან იწერება, თან "ბარსა" ის გუნდია, თავად რომ წერს ხოლმე ლამაზ ისტორიებს. მაგრამ ცხადია, კოშმარებიც ჰქონია და "პარკ დე პრენსის" სამშაბათის საღამოც შავი ასოებით ჩაიწერება კატალონიური გრანდის მოგონებათა წიგნში. 0:4 მერვედფინალის პირველ მატჩში - ეს, ფაქტობრივად, განაჩენია.

ლუის ენრიკეს გუნდს მიზერული შანსიღა შერჩა საიმისოდ, რომ მომდევნო სტადიაზე გააღწიოს. მაგრამ, როცა "ბარსელონაზეა" ლაპარაკი, რა თქმა უნდა, პროგნოზებში
მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ...

ბოლო წლებში პსჟ და "ბარსა" ხშირად მეტოქეობენ ჩემპიონთა ლიგაში. კატალონიელებმა წინა 3 მატჩი მოიგეს და ახლაც წყვილის ფავორიტები იყვნენ, თუმცა ეს სტატუსი საათნახევარში დაიმსხვრა. და დარჩნენ მესი, ნეიმარი, სუარესი და ძმანი მათნი უბრალო სტატისტებად...

პსჟ-ს არ ჰყავდა დაცვის მთავარი კაცი ტიაგო სილვა, რაც "ბარსელონას" წინააღმდეგ თითქმის მომაკვდინებელი დანაკლისი იყო...

თავის მხრივ, ლუის ენრიკემაც მოისაკლისა დაცვითი საქმეები კარგად მომგვარებელი ხავიერ მასკერანო. როგორც ვნახეთ, უნაიმ უფრო უნარიანად შეავსო ბზარი უკანა ხაზში.

მთავარი ფიგურა კი ანხელ დი მარია იყო, ვინც საკუთარ დაბადების დღეზე საოცარი აღმაფრენით ითამაშა და თავის თავს ისეთი საჩუქარი გაუკეთა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა კაცი. მან ჯერ ეფექტურად შეასრულა ჯარიმა, ხოლო მეორე ტაიმში კარგად დაინახა გახსნილი კუთხე და მარჯვე ცაციით ლამაზად ჩაახვია ბურთი ბადეში.

დი მარიას ამ ორ შედევრს შორის იყო იულიან დრაქსლერის გაბრწყინება მარკო ვერატის პასით, ბოლო საგანგაშო ზარს კი ედინსონ კავანიმ ჩამოჰკრა - დრაქსლერმა ამჯერად ასისტენტობა გასწია, ურუგვაელმა კი ახლო კუთხეში დასცხო - 4:0. ისე, მატჩის ბოლო წუთებში პსჟ ძელმა იხსნა, თორემ კატალონიელებს "კამპ ნოუზე" გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლისაბონის "ეშტადიუ და ლუშზე" სტუმარ "დორტმუნდს" უპირატესობა ჰქონდა - ბურთის ფლობაში, კარში დარტყმებსა თუ სახიფათო მომენტებში თომას ტუხელის ბიჭებს უკეთესი სტატისტიკა ჰქონდათ და ფრეს მაინც იმსახურებდნენ. ეს კი არა, პიერ-ემერიკ ობამეიანგს პენალტი რომ გაეტანა, ეგებ "დორტმუნდს" ამ თამაშშივე გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეოთხედფინალისკენ...

უნდა ვთქვათ, სტუმართა მეკარე რომან ბურკის შეცდომაზეც, როცა აღებული ბურთი ხელიდან გაუვარდა და პირდაპირ ლანგარზე მიართვა კონსტანტინოს მიტროღლუს - 1:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პსჟ-ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 დი მარია (18), 2:0 დრაქსლერი (40), 3:0 დი მარია (55), 4:0 კავანი (72)
პსჟ (4-2-3-1): ტრაპი - მენიე, მარკინიუში, კიმპემბე, კურსავა - ვერატი (69. ნკუნკუ), რაბიო - დი მარია (61. ლუკასი), მატუიდი, დრაქსლერი (86. პასტორე) - კავანი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ანდრე გომესი (58. რაფინია), ბუსკეტსი, ინიესტა (72. რაკიტიჩი) - მესი, ნეიმარი, სუარესი.
მაყურებელი: 46 484

ბენფიკა-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 მიტროღლუ (48)
ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - სემედუ, ლუიზაო, ნილსონ-ლინდელიოფი, ელიზეუ - სალვიო, პიცი, ფეისა, კარილიო (46. აუგუსტო) - სილვა (67. ჩერვი), მიტროღლუ (75. ხიმენესი).
დორტმუნდი (5-3-2): ბურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, შმელცერი, დურმი - დემბელე, ვაიგლი, გერეირო (82. კასტრო) - როისი (82. პაშალიჩი), ობამეიანგი (62. შიურლე).
გამოუყენებელი პენალტი: ობამეიანგი (58. დორტმუნდი)
მაყურებელი: 55 124

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველაზე სასაცილო ის არის რომ თურმე ბარსელონა დაუკომპლექტებელიაო.ყველას და ყველაფერს ყიდულობენ.ვეღარ გაძღენ.თითო ადგილზე 3 მოთამაშე ყავთ.მთავარი სხვა რამეშია.მესიზე აგებული ტაქტიკა/არგენტინის ნაკრებშიც/ არ ამართლებს.იმიტომ რომ იგი არარის არც პელე,არც მარადონა,არც ზიდანი,არც კიჭა და რა თქმა უმდა არც რონალდო.რა თქმა უნდა უნიკალურ ტეხნიკას ფლობს,მაგრამ მთავარი,ჯიგარი არა აქვს,რომლის გარეშეც კაცი ვერ იქნები.
ფეხბურთი კაცების სპორტია
12:02 16-02-2017
0
ბარსელონას დიდი გულშემატკივარი.შანსი 1%
პსჟ-მ დამსახურებულად მოიგო და ვულოცავ მის გულშემატკივრებს.
მოგვიბერდა ბარსელონა. შანსი 1%
ინიესტა,პიკე,მასკერანო. ტერ შტეგენი ძალიან არ მომწონს- საშუალო დონის მეკარეა,სიამოვნებით მოვიწვევდი დეხეას,ან ლორის.დაცვის ხაზი თავიდან არის დასაკომპლექტებელი. მოკლედ ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრან ბოსებმა. ინიესტას მე-20 წუთზე შევცვლიდი და გომეშსაც მივაყოლებდი(რაფინია, რაკიტიჩი)
დავითი
15:48 15-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული