სერია A. XXXV ტური: სკანდალური დერბი, დამსხვრეული ილუზიები [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის დერბიში "იუვენტუსმა" გამარჯვება ბოლო წამს გამოგლიჯა "ინტერს" და პირველი ადგილი შეინარჩუნა.

ეს იყო მიმდინარე სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი მრავალი საკამათო მომენტით. იტალიური საფეხბურთო თემი კი ერთხელაც დაფიქრდებოდა ბოლო დროის მარადიულ საკითხზე - რა სარგებლობა მოაქვს ვიდეორეფერის?..

"იუვენტუსი" ჩემპიონობისთვის იბრძვის, "ინტერი" კი - ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. აქედან გამომდინარე, "იტალიის დერბი", როგორც ამ გუნდების დაპირისპირებას უწოდებენ, ძალიან დაძაბული და, ვიტყოდით, სკანდალურიც გამოდგა.

მე-13 წუთზე "იუვე" დაწინაურდა. დუგლას კოშტას ახლო მანძილიდან დარტყმამ მიზანს უწია. გოლი ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ ჩაითვალა. ორ
წუთში კი შეხვედრის საკვანძო ეპიზოდი მოხდა. მატიას ვესინომ მარიო მანჯუკიჩს დააბიჯა ფეხი. არბიტრმა დანიელე ორსატომ ურუგვაელს ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, ვიდეორეფერის გამოყენების შემდეგ კი ყვითელი წითლით შეცვალა.

ალბათ, მსაჯმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ვესინომ ხორვატის წინააღმდეგ შეგნებულად იუხეშა. რა თქმა უნდა, ამის გასიგრძეგანება კონკრეტულ მომენტში ძალიან გაუჭირდათ "ინტერის" ფეხბურთელებსა და ქომაგებს. ორსატოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ მინდორზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა...

პირველი ტაიმის დასრულებამდე კიდევ ერთი გოლი ვიხილეთ, ოღონდ... არჩათვლილი. ბლეზ მატუიდის მიერ გატანილი ბურთი ორსატომ ჯერ ჩათვალა, მერე კი საქმეში ისევ ვიდეორეფერი ჩართო და შედეგიანი დარტყმა გააუქმა.

პირველ ტაიმში "ინტერის" ქომაგთა უკმაყოფილების ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა - ეს მაშინ, როცა მსაჯმა მირალემ პიანიჩის მორიგი უხეშობა "გაატარა". არადა, ბოსნიელს უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი და აშკარად იმსახურებდა წითელსაც...

მეორე ნახევარი "ინტერმა" ძალიან ყოჩაღად დაიწყო. "იუვენტუსმა" უკან დაიხია და დაისაჯა კიდეც. ჟოაო კანსელოს მიერ შესრულებული "სტანდარტის" შემდეგ ბურთს მაურო იკარდი შესწვდა და კიდევ ერთი "მესიჯი" გაუგზავნა ხორხე სამპაოლის - არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატზე მის წაყვანას არ აპირებს...

"ინტერმა" აქტიურობა გააგრძელა და მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე საწადელს ერთხელაც ეწია. ივან პერიშიჩის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ანდრეა ბარძალისგან გავიდა კარში - გამოცდილი მცველის ავტოგოლი.

"იუვენტუსი" შეხვედრის ბოლოსღა გამოფხიზლდა. განსაკუთრებით კარგად ჩაერთო თამაშში პაულო დიბალა. გამათანაბრებელი გოლი სწორედ მის შესანიშნავ გადაცემას მოჰყვა. ხუან კუადრადოს ჩაწოდების შემდეგ ბურთი მილან შკრინიარს მოხვდა და ისე შევარდა სამირ ჰანდანოვიჩის კარში.

ტიტულზე დაგეშილი "იუვენტუსი" გახელდა და საწადელს მაინც ეწია. მეორე სამარქაფომ, ფედერიკო ბერნარდესკიმ, საგოლედ ჩაუწოდა გონსალო იგუაინს და 3:2. თავის მხრივ, შეცდა "ინტერის" დამრიგებელი ლუჩანო სპალეტი. არავინ იცის, რატომ შეცვალა მან უდავოდ საუკეთესო იკარდი და რატომ შეუშვა დავიდე სანტონი, ვინც მასპინძელთა მიერ გაშვებული გოლებისას ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.

"დრო დაგვჭირდება, რათა დავივიწყოთ ეს თამაში, რომელიც ასე არ უნდა დასრულებულიყო. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ 10 კაცით და საბოლოო ჯამში, მაინც გავუშვით ხელიდან გამარჯვება.

იკარდის შეცვლას რაც შეეხება, ბევრ ფეხბურთელს გამოეცალა ძალა და სანტონი იმიტომ შევუშვი, რომ დასვენებული იყო. ფეხბურთელებს არ ესმით რაღაცები და ეს არ არის გასაკვირი, რადგან ისინი ადამიანები არიან და არა რობოტები... რაც შეეხება არბიტრს, მხოლოდ ერთს ვიტყვი - ასეთ სიტუაციებში ორსატოს ადრე სხვადასხვა გადაწყვეტილება მიუღია", - თქვა სპალეტიმ.

"ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მიმაჩნია, რომ დღეს ზოგადად ფეხბურთმა გაიმარჯვა. უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა. რომ ვერ მოგვეგო, ჩემი აზრით, "ნაპოლი" შანსს ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდა", - ეს უკვე "იუვენტუსის" მწვრთნელ მასიმო ალეგრის სიტყვებია.


იტალიის ჩემპიონი კი, ალბათ, გაირკვა - ეს მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" სტუმრად წააგო "ფიორენტინასთან". არადა, ბევრი ვარაუდობდა, რომ "იები" ამ შეხვედრაში თავს არ მოიკლავდნენ "იუვენტუსისადმი" სიძულვილის გამო, არადა, მოხდა პირიქით.

"ფიორენტინას" გამარჯვების მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ არბიტრმა პაოლო მაცოლენიმ მატჩის დასაწყისშივე გააძევა "ნაპოლის" მცველი კალიდუ კულიბალი - ცენტრალური მცველი, ვინც ერთი კვირის წინ გმირად მოგვევლინა "იუვენტუსის" კარში გატანილი გოლის წყალობით, ახლა კი... მოკლედ, გმირობიდან ანტიგმირობამდე ერთი ნაბიჯია...

რიცხვნაკლულმა "ნაპოლიმ" კი ძალიან ცუდად ითამაშა, თუმცა მაურიციო სარის გუნდის ასეთ უსუსურ თამაშს ეს მაინც არ ამართლებს. ჩემპიონობისთვის რომ იბრძვი, ცოტა მეტი ფხა უნდა გამოაჩინო, აღარაფერს ვამბობთ სხვა კომპონენტებზე - თუნდაც ფსიქოლოგიურ სიმტკიცეზე. ასე რომ, ილუზიები დაიმსხვრა.

"ფიორენტინადან" კი გამოირჩა ჯოვანი სიმეონე - დიეგო სიმეონეს ვაჟმა ჰეთ-თრიკი მიითვალა და, ზოგადადაც, საუკეთესო იყო მინდორზე ორივე გუნდის შემადგენლობაში.

მართალია, ნეაპოლელები მინდორზე 10 ფეხბურთელით თავიდანვე დარჩნენ, მაგრამ ასეთ უსუსურ გარჯას მათგან მაინც არ ველოდით.

სერია A-ს დასრულებამდე სამი ტურით ადრე "იუვენტუსი" "ნაპოლის" 4 ქულით უსწრებს. თავად განსაჯეთ, რამდენად რეალურია ნეაპოლელთა შანსები...


ედინ ჯეკოს დუბლის წყალობით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა "რომამ" საშინაო შეხვედრაში 4:1 მოუგო "კიევოს". მასპინძლებმა მატჩის ბოლო ნახევარი საათი კაცნაკლულებმა ჩაატარეს, მაგრამ "მფრინავმა ვირებმა" ეს შანსი ვერ გამოიყენეს. ის კი არა, 11-მეტრიანიც ვერ გაიტანეს. "რომას" ფიქრები ახლა "ლივერპულთან" საპასუხო მატჩს დასტრიალებს. კიდევ მოხდება ვითომ სასწაული?


სერია A. XXXV ტური
რომა-კიევო 4:1
გოლები: 1:0 შიკი (9), 2:0 ჯეკო (40), 3:0 ელ შაარავი (65), 4:0 ჯეკო (67), 4:1 ინგლეზე (88)
რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, ფასიო, ჟეზუში, კოლაროვი - პელეგრინი (79. გონალონი), დე როსი, ნაინგოლანი - შიკი (60. მანოლასი), ელ შაარავი, ჯეკო (84. ჟერსონი).
გამოუყენებელი პენალტი: ინგლეზე (59. კიევო)
გაძევება: ჟეზუში (56. რომა)

ინტერი-იუვენტუსი 2:3
გოლები: 0:1 დუგლას კოშტა (13), 1:1 იკარდი (52), 2:1 ბარძალი (65-საკ. კარში), 2:2 შკრინიარი (87-საკ. კარში), 2:3 იგუაინი (89)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, შკრინიარი, მირანდა, დ"ამბროზიო (90+4. კარამო) - ვესინო, ბროზოვიჩი - კანდრევა, რაფინია (81. ბორხა ვალერო), პერიშიჩი - იკარდი (85. სანტონი).
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - კუადრადო, ბარძალი, რუგანი, ალექს სანდრო - ხედირა (61. დიბალა), პიანიჩი (80. ბენტანკური), მატუიდი - დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი (66. ბერნარდესკი), იგუაინი.
გაძევება: ვესინო (15. ინტერი)

კროტონე-სასუოლო 4:1
გოლები: 1:0 ტროტა (3), 2:0 სიმი (16), 3:0 ტროტა (31), 3:1 ბერარდი (45+2-პენ), 4:1 სიმი (89)

ატალანტა-ჯენოა 3:1
გოლები: 1:0 ბეროუ (16), 2:0 კრისტანტე (22), 3:0 ილიჩიჩი (74), 3:1 ველოზუ (81)

ბენევენტო-უდინეზე 3:3
გოლები: 0:1 ვიდმერი (13), 1:1 ვიოლა (23), 2:1 კოდა (76-პენ), 2:2 ლასანია (78), 2:3 ლასანია (79), 3:3 სანია (90)

ბოლონია-მილანი 1:2
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (34), 0:2 ბონავენტურა (45), 1:2 დე მაიო (74)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, საპატა, როდრიგესი - კესი, ლოკატელი, ბონავენტურა (84. მონტოლივო) - სუსო, ჩალჰანოღლუ (76. ბორინი), კუტრონე (80. კალინიჩი).


სამპდორია-კალიარი 4:1
გოლები: 1:0 პრე (7), 2:0 კვალიარელა (26), 3:0 კოვნაცკი (45), 3:1 პავოლეტი (49), 4:1 რამირესი (87)
გამოუყენებელი პენალტი: კვალიარელა (42. სამპდორია)

ვერონა-სპალ 1:3
გოლები: 1:0 ვალოტი (13), 1:1 ფარესი (45-საკ. კარში), 1:2 ფელიპე (72), 1:3 კურტიჩი (90+3)

ფიორენტინა-ნაპოლი 3:0
გოლები: 1:0 სიმეონე (34), 2:0 სიმეონე (62), 3:0 სიმეონე (90+3)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო (10. ტონელი), ჰამშიკი (58. ზელინსკი) - კალიეხონი, მერტენსი (58. მილიკი), ინსინიე.
გაძევება: კულიბალი (8. ნაპოლი)

ტორინო-ლაციო 0:1
გოლი: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (56)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - რამოს მარკი, დე ვრეი, რადუ (46. კასერესი) - მარუშიჩი, მურჯა, ლუკას ლევია, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - ალბერტო (78. ლუკაკუ), იმობილე (15. კაისედო).
გამოუყენებელი პენალტი: ლუის ალბერტო (23. ლაციო)

ბომბარდირები: 29 - ჩირო იმობილე (ლაციო); 27 - მაურო იკარდი (ინტერი); 21 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 19 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

მომდევნო ტური
5 მაისი: მილანი-ვერონა, იუვენტუსი-ბოლონია
6 მაისი: უდინეზე-ინტერი, კიევო-კროტონე, ჯენოა-ფიორენტინა, ლაციო-ატალანტა, ნაპოლი-ტორინო, სპალ-ბენევენტო, სასუოლო-სამპდორია, კალიარი-რომა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული