"მილანი" ან "იუვენტუსი"? არასოდეს - ინტერვიუ მარეკ ჰამშიკთან

AutoSharing Option
იტალიურ გაზეთ "ილ მატინოსთან" ინტერვიუში "ნაპოლის" კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა აპენინებზე გატარებულ წლებს გადაავლო თვალი, ილაპარაკა თანაგუნდელებზე, სერია A-სა და სხვა საინტერესო თემებზე...

ისევ ის ენერგია და ბრძოლის ჟინი მაქვს...
- მარეკ, უკვე მე-11 სეზონს ატარებთ "ნაპოლიში". ამათგან რომელი იყო თქვენთვის საუკეთესო?
- ძალიან სწრაფად გავიდა 10 წელიწადი... მე აქ გავიზარდე. "ნაპოლიში" რომ მოვედი, მოზარდი ვიყავი. მომენტები, რომელიც ჩემს მეხსიერებაში დარჩა, კლუბის წარმატებებთან არის დაკავშირებული, თუნდაც ეს თასის მოგება იყოს. პირადად ჩემთვის ნებისმიერი გამარჯვება ფასეულია. ბავშვობიდან ასე ვარ...

- რას ნიშნავს თქვენთვის
ნეაპოლი?

- ნეაპოლი ჩემი ცხვორებაა. ახლა ვერც ვიხსენებ მომენტს, როცა ჩემში ამ ქალაქისადმი უსაზღვრო სიყვარული დაიბადა. 10 წელი ერთ გუნდში - არ არის ეს უბრალო ფაქტი. არასოდეს მქონია სურვილი, ამ მხრივ რამე შემეცვალა. აქ ძალიან კარგად ვარ.

- სხვათა შორის, ამ 10 წლის თავზეც კი საერთოდ არ შეცვლილხართ...
- წარმოიდგინეთ, ისევ ის ენერგია და ბრძოლის ჟინი მაქვს, რაც ჭაბუკობაში მქონდა.

- ძნელია, იყო გუნდის ლიდერი?
- ძნელია, მაგრამ თავად ფაქტია სასიამოვნო. ყველა გიცნობს, ყველას უყვარხარ... ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ვიცი, რომ ნეაპოლელების გულში ვარ და ეს კიდევ უფრო მეტ ენერგიას მაძლევს.

- გარედან ისე ჩანს, თითქოს არასოდეს ბრაზობთ. ასეა?
- ვბრაზობ, როცა თამაშის დროს მცვლიან (იცინის).

დიეგო სხვა ფენომენია
- დიეგო მარადონას რეკორდზე არ გიფიქრიათ? მან 115 გოლი გაიტანა "ნაპოლის" შემადგენლობაში...
- მართალი გითხრათ, ამაზე ბევრი არ მიფიქრია. დიეგო სხვა ფენომენია. ის აქ ღმერთია და ამით ყველაფერია ნათქვამი. თუნდაც ის, რომ მარადონას შემდეგ მეორე ვარ, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მშვენიერ ხასიათზე ვდგები...

- რომელი იყო "ნაპოლის" შემადგენლობაში გატანილი 114 გოლიდან (ყველა ტურნირის ჩათვლით - რედ) ყველაზე დასამახსოვრებელი?
- რა თქმა უნდა, პირველი! შინ "სამპდორიას" ვხვდებოდით... ყველაფერი კარგად მახსოვს... და კიდევ ის, "იუვენტუსს" იტალიის თასის ფინალში რომ გავუტანე...

- გინდათ, "რეალზე" შური იძიოთ ჩემპიონთა ლიგაში?
- კი, ძალიან. მაგრამ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ან ფინალში.

- მალე "ნაპოლის" უწევს მატჩი მანჩესტერში, სადაც 2011 წელს პირველად ითამაშეთ ჩემპიონთა ლიგაში. რითი დაგამახსოვრდათ ის მატჩი?
- პირველ რიგში, მახსოვს იმით, რომ ძალიან ვღელავდი. მაგრამ მეორე მხრივ, შესანიშნავად ვითამაშეთ. მატჩი 1:1 დასრულდა. დღევანდელი "ნაპოლი" კიდევ უფრო ძლიერი, გამოცდილი და დაბრძენებულია. ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა - შეგვიძლია, "მანჩესტერ სიტისთან" მატჩზე გავემგზავროთ ყოველგვარი შიშის გარეშე.

ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი სიამოვნებაა
- და ეს მაურიციო სარის დამსახურებაა?
- მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ჩვენ ვკარნახობთ ტემპს მთელი თამაშის განმავლობაში, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ. ადრე ამას ყოველთვის ვერ ვახერხებდით.

- ერთხელ სარიმ წამოაყენა იდეა, სანაკრებო მატჩები გაიმართოს ზაფხულში, როცა ჩემპიონატები დასრულებულია...
- და დასვენება? (იცინის). კალენდარი ისედაც გადატვირთულია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ბევრი ჩვენგანისთვის ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი სიამოვნებაა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც უცხოეთში თამაშობს.

- უფრო მეტად რა გწყინთ - როცა გოლი ვერ გაგაქვთ, თუ თამაშის დროს რომ გცვლიან?
- საბედნიეროდ, გუნდი ჩემს გოლებზე არ არის დამოკიდებული. წინა ხაზზე სამი ისეთი გამტანი გვყავს... მიმაჩნია, რომ "ნაპოლის" ევროპაში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს. ასე რომ, მაინც შეცვლები...

- სარისთან ამ თემაზე გილაპარაკიათ?
- რა თქმა უნდა! მოედნიდან ნაადრევად გასვლა არავის მოსწონს, ამაში მარტო ნამდვილად არ ვარ.

- დრის მერტენსის ასეთ გარდასახვას ელოდით?
- მე მიმაჩნია, რომ ის ფლანგზეც ძალიან კარგი იყო. მაგრამ წინა ხაზზე მან ნამდვილად ყველა გააკვირვა. ახლა გუნდს ნამდვილი ცენტრფორვარდი ჰყავს - სტაბილურად შედეგიანი.

არ გავიხდიდი საქმეს სანანებლად...
- ეს სეზონი "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" შორის დუელის ნიშნით ჩაივლის? ბევრი მიიჩნევს, რომ სკუდეტოს ბედი სწორედ ამ ორის გუნდის დაპირისპირებაში გადაწყდება...
- შეიძლება, ასეც იყოს. დღეს სკუდეტოზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. მთავარი მატჩები ჯერ კიდევ წინაა, მათ შორის - უშუალო დაპირისპირება კონკურენტებს შორის. ბევრს კი ლაპარაკობენ "იუვენტუსსა" და "ნაპოლიზე", მაგრამ გირჩევდით, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ მილანური გუნდები, და არა მარტო ისინი... ამ სეზონში ყველა ჩვენი კონკურენტი გაძლიერდა.

- ოდესმე გინანიათ, რომ არ გადახვედით "მილანში" ან "იუვენტუსში"?
- არასოდეს! რომ მნდომოდა, არ გავიხდიდი საქმეს სანანებლად და წავიდოდი რომელიმე სხვა გრანდში, ამიტომაც დავრჩი "ნაპოლიში".

- ემხრობით ვიდეორეფერის სისტემის დამკვიდრებას?
- არ ვიცი. ცხადია, ეს ეხმარება მსაჯებს, მაგრამ რაღაცასაც ართმევს. ნახეთ რა სიტუაციაა - უკვე აღარ ხარ დარწმუნებული, რომ გოლი გაიტანე და მართლა საზეიმოდ გაქვს საქმე, რადგან ერთ წუთში ის შეიძლება გაგიუქმონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, გარკვეულ სიტუაციებში ის გვეხმარება.

მაგალითად, ავიღოთ "ფეიენოორდთან" მატჩი - ვიდეორეფერის რომ ემუშავა, ჩვენს კარში პენალტი არ დაინიშნებოდა.

- რა შეიცვალა "ნაპოლიში" წინა სეზონთან შედარებით?
- წინა სეზონი ისე ლამაზად დავასრულეთ, ძალები და დამაჯერებლობა შეგვემატა. სწორედ აქედან მოდის ის, რომ მიმდინარე სერია A-ში, ჯერჯერობით, ყველა მატჩი მოვიგეთ. ეს კიდევ უფრო მეტ ენერგიას გვაძლევს.

- როგორ მოგწონთ დღევანდელი "იუვენტუსი"? - ნაკლებად სანახაობრივი, მაგრამ უფრო ძლევამოსილი.
- "იუვენტუსი" ნამდვილი ჯავშნოსანი მატარებელია. ის არ გადადის გზიდან და ამაშია მისი ძალა.

ძალიან მინდოდა, გვარდიოლასთან მემუშავა...
- რას ფიქრობთ საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლაზე?
- სერიოზული სპეციალისტია. ვარსკვლავების სამი მეოთხედი მისი მეურვეობის ქვეშაა.

- ...მაგრამ არის ერთი ვარსკვლავი, რომელიც ვერ მოხვდა მის "გალაქტიკაში". მან ვერ დაგარწმუნათ, რომ "ნაპოლიდან" წასულიყავით?
- ყველას თავისი გზა აქვს. ორივენი პროფესიონალები ვართ. საერთოდ არ მაღელვებს, რას ფიქრობს ან ლაპარაკობს რაიოლა ჩემზე...

- საფეხბურთო სამყაროში მეგობრობა არსებობს?
- ბუნებრივია, არსებობს. როგორ მოიგებ რამეს, როცა გუნდში მეგობრობა არ არის?

- თქვენს პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელი ვინ არის?
- ინიესტა. შემიძლია, საათობით ვუყურო მის თამაშს და ის საოცარი მოძრაობები შევისწავლო.

- არის ისეთი მწვრთნელი, ვისთანაც თანამშრომლობას ისურვებდით?
- კი, არის - გვარდიოლა. მაგრამ ჩვენ შევხვდებით ჩემპიონთა ლიგაში, როგორც მეტოქეები. მოუთმენლად ველი, როდის მოვა 17 ოქტომბერი...

- გიფიქრიათ, კარიერის დასრულების შემდეგ რას გააკეთებთ?
- არ ვიცი, ჯერ 30 წლის ვარ და ფეხბურთიდან წასვლაზე ნამდვილად არ მიფიქრია. შეიძლება, მწვრთნელი გავხდე, ან კლუბის მმართველობით ორგანოში ვიმუშაო... მაგრამ მანამდე უნდა გადავიკარგო სადმე ოჯახთან ერთად და კარგად დავისვენო (იცინის).

- სად? ბანსკა-ბისტრიცაში?
- ...იქ მაშინ, როცა დავბერდები. იქ დავიბადე, გავიზარდე... იქ ჩამინერგეს მშობლებმა თავში, რომ შემეძლო, დიდი სიმაღლეებისთვის მიმეღწია. მათ ბევრი რამ გაწირეს იმისთვის, რომ ჩემი ოცნებები ახდენილიყო. ეს მათი ოცნებაც იყო...

დოსიე
მარეკ ჰამშიკი
დაიბადა 1987 წლის 27 ივლისს ბანსკა-ბისტრიცაში (ყოფილი ჩეხოსლოვაკია)
ამპლუა: ნახევარმცველი

საკლუბო კარიერა
2004 სლოვანი 6(1)
2004-07 ბრეშა 65(10)
2007- ნაპოლი 364(94)

სანაკრებო კარიერა
2003-04 სლოვაკეთიU17 6(3)
2005-06 სლოვაკეთიU19 6(1)
2006-07 სლოვაკეთიU21 2(0)
2007- სლოვაკეთი ერ. 101(21)

მიღწევები
იტალიის თასი (2011/12, 2013/14), იტალიის სუპერთასი (2014)
სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2008)
დასახელებული იყო სერია A-ს წლის სიმბოლურ ნაკრებში (2010/11, 2015/16)
სლოვაკეთის წლის ფეხბურთელი (2009, 2010, 2013, 2014, 2015, 2016)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული