პრემიერლიგა. XXVII ტური: მოურინიოს მე-6 მარცხი ბენიტესის გუნდებთან [VIDEO]

AutoSharing Option
ნიუკასლის "სენტ ჯეიმს პარკზე" რაფა ბენიტესმა უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა ოდინდელ მოქიშპე ჟოზე მოურინიოს - "კაჭკაჭებმა" 1:0 მოუგეს "ეშმაკებს", ცოტათი დაშორდნენ გასავარდნ ზონას, ხოლო ცხრილის ზედა ნაწილში კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს პრემიერლიგის ინტრიგას - "მანჩესტერ სიტიმ" უახლოეს მდევართან დისტანცია კვლავ გაზარდა. თუმცა ლიდერს სხვების წყალობა არ სჭირდება, თავადაც უმკლავდება ამოცანას...

რაც შეეხება კიდევ გრანდს, იურგენ კლოპის "ლივერპულმა" დაგეგმილი სამი ქულა აიღო საუთჰემპტონში და მესამე ადგილზე დაბრუნდა, თან "იუნაიტედთან" სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა...


ტოტენჰემი-არსენალი
"ჰარი კეინი
არის "ტოტენჰემის" დღევანდელობა და მომავალი", - თქვა თავის შეგირდზე მაურისიო პოჩეტინომ, პასუხად არსენ ვენგერის სიტყვებისა - ეს იყო ცენტრფორვარდის ჩვეულებრივი გოლიო.

კეინის გოლი მართლაც ჩვეულებრივი იყო - ჰარი კეინმა საჰაერო ბრძოლაში აჯობა ლორან კოსიელნის და ბურთი პეტრ ჩეხისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა. თუმცა ვენგერმა ახსენა "ჯარიმა", მიანიშნა რა, თითქოს კეინმა ამ საჰაერო ბრძოლისას მცველს ხელი უბიძგა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ არანაირი ჯარიმა არ ყოფილა...

ჩეხი ვახსენეთ. "არსენალის" შემადგენლობაში ის იყო ერთადერთი, ვინც ნამდვილად შეგეცოდებოდა ამ მარცხის გამო. მეორე ტაიმში მას ჰქონდა რამდენიმე დიდებული "სეივი" (რის გამოც BBC-ის ექსპერტებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს), რითიც "მეთოფეები" დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა.

არადა, "ტოტენჰემის" შესანიშნავი თამაშისა და არაერთი საგოლე მომენტის ფონზე ნამდვილად საცოდაობა იქნებოდა, შეცვლაზე შესულ ალექსანდრ ლაკაზეტს ბოლო წამზე რეალური შანსი რომ გამოეყენებინა.

რამდენიმე წუთით ადრე მასვე კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც უზუსტოდ დაარტყა. ფეხბურთიც ესაა - შეიძლება ერთ წამში წყალში ჩაგეყაროს მთელი მატჩის ნაშრომ-ნაღვაწი...

ვენგერმა წინა ხაზზე გაამწესა ჰენრიხ მხითარიანიცა და პიერ-ემერიკ ობამეიანგიც, გვერდით კი მესუთ იოზილიც ამოუყენა, მაგრამ პოტენციურად შესანიშნავმა ტრიომ ვერაფერი გააწყო და აკი გითხარით, ისევ შეცვლაზე შესულ ლაკაზეტს შეეძლო "არსენალისთვის" არცთუ დამსახურებული ქულის მოტანა.

ჩანს, ვენგერს შეტევის ხაზში შეთამაშებისა და არასტაბილურობის პრობლემა აქვს. ესეც გარკვეულ დროს წაიღებს და "არსენალი" შეიძლება კვლავ ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩეს. ცხადია, ამ საშიშროებას ვენგერიც ხედავს:

"ახლა კიდევ უფრო გაძნელდება მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა, მაგრამ სხვა გზა არ არის, ჩვენ უნდა დავრჩეთ ამ ბრძოლაში".

"ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს. ბოლოს გვქონდა სამი დიდი მატჩი და სამივეში ვაჩვენეთ ჩვენი ძალა. დღესაც ბრწყინვალედ ვითამაშეთ", - თქვა ჩრდილოლონდონური დერბის შემდეგ პოჩეტინომ, რომლის გუნდსაც სამშაბათს "იუვენტუსთან" ურთულესი საჩემპიონთალიგო დაპირისპირება ელოდება.


ფაქტები
  • "ტოტენჰემმა" ბოლო 15 მატჩიდან თითოეულში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც. ამ მომენტისთვის ეს არის მიმდინარე პრემიერლიგის ყველაზე გრძელი სერია.
  • 1975 წლის შემდეგ "ტოტენჰემმა" პირველად შეძლო "არსენალთან" ზედიზედ ორ საშინაო მატჩში კარის "მშრალად" შენახვა.
  • "არსენალმა" ზედიზედ მე-9 მატჩში გაუშვა გოლი, რაც ამ გუნდის უგრძესი სერიაა 2002 წლის თებერვლის (11 მატჩი) შემდეგ.
  • 2017 წლის აპრილის შემდეგ "არსენალმა" პირველად წააგო პრემიერლიგის ზედიზედ 3 გასვლითი მატჩი.

მანჩესტერ სიტი-ლესტერი
პეპ გვარდიოლას ბიჭებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ჩემპიონობისკენ - შეიძლება ეს ფრაზა უკვე უადგილოა, მაგრამ მაინც. რაჰიმ სტერლინგის ადრეულმა გოლმა, თითქოს, მოხსნა ყველა კითხვა 5 მცველით მოთამაშე "ლესტერთან" მატჩში, მაგრამ ჯეიმი ვარდიმ დროებით გადადო ეს საქმე...

მეორე ტაიმი კი ერთი ფეხბურთელის ბენეფისად იქცა - დიდებული იყო სერხიო აგუერო თავისი "პოკერით". არგენტინელზე რომ ვლაპარაკობთ, შეიძლება ზედმეტიც იყოს ფრაზები მის მაღალ კლასზე, საგოლე ალღოზე, მაგრამ რამდენიმე სტატისტიკური ჩანართი ამ მიმოხილვაში აუცილებელია.

1) 2018 წლის დასაწყისიდან აგუერომ 10 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.
2) ყველა ტურნირში ერთად, მან "ეტიჰადზე" ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც (სულ 14), რაც პირველი შემთხვევაა "მანჩესტერ სიტიში" მისი ყოფნის პერიოდში, მათ შორის - ორი ჰეთ-თრიკი ბოლო სამ მატჩში.
3) აგუერომ მესამედ შეძლო პრემიერლიგის ერთ მატჩში 4 და მეტი გოლის გატანა, რაც ამ ტურნირის ისტორიაში სხვა არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
4) აგუერო მეოთხე ფეხბურთელია ალან შირერის, ტიერი ანრისა და ჰარი კეინის შემდეგ, ვინც პრემიერლიგის ზედიზედ 4 სეზონში შეძლო 20 და მეტი გოლის გატანა.

არ გამოგვრჩეს კევინ დე ბრუინიც, ვინც აგუეროს შაბათს ორ გოლში გაუმართა ხელი და მიმდინარე სეზონში საგოლე პასების (14) განხრით გამოკვეთილი ლიდერია. შედარებისთვის - მეორეადგილოსან ლეროი სანეს ("მანჩესტერ სიტი") აქტივში 10 საგოლე პასია.


ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის 27 მატჩიდან 23 მოიგო - უფრო მეტი, ვიდრე წინა სეზონის 38 მატჩში.
  • მას მერე, რაც 2012 წლის აგვისტოში დებიუტი ჰქონდა "ვერდერში", კევინ დე ბრუინმა 5 მთავარი ლიგის მასშტაბით ყველაზე მეტი, 77 საგოლე პასი გააკეთა და თვით ლიონელ მესისაც (76) გაუსწრო.
  • ჯეიმი ვარდი პირველი ფეხბურთელია, ვინც ერთ სეზონში "დიდი ექვსეულის" ("მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "ტოტენჰემი") ყველა გუნდს გაუტანა გოლი.

ნიუკასლი-მანჩესტერ იუნაიტედი
ბრავო, "ნიუკასლი"! რაფა ბენიტესის შეგირდებმა ოქტომბრის შემდეგ პირველი საშინაო მატჩი მოიგეს და თანაც, ვისთან - "მანჩესტერ იუნაიტედთან", რომელსაც ოთხეულში დასამკვიდრებლად (მთავარი ორიენტირი მეორე ადგილია, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ ხვდები) წინ დიდი ბრძოლები ელოდება.

სტუმრებს ჰქონდათ საიმისო შანსები, რათა "სენტ ჯეიმს პარკიდან" ხელცარიელები არ წასულიყვნენ. თუმცა ეს სტადიონი კვლავ რჩება იმ მოჯადოებულ არენად, სადაც ჟოზე მოურინიოს, როგორც მწვრთნელს, არასოდეს მოუგია პრემიერლიგის მატჩი.

ცალკე საკითხია მოურინიოსა და ბენიტესის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორია.

პორტუგალიელისთვის ეს არის ორმაგი სინდრომი - ყველა ტურნირის ჩათვლით, მეექვსედ დამარცხდა ბენიტესის მიერ გაწვრთნილ გუნდებთან. უფრო მეტი (9) მარცხი "იუნაიტედის" ამჟამინდელ მწვრთნელს პეპ გვარდიოლასთან უშუალო მატჩებში აქვს ნაწვნევი.

დავუბრუნდეთ ნიუკასლის მატჩს და ერთიც აღვნიშნოთ. მასპინძელთა გამარჯვებაში დიდია მეკარე მარტინ დუბრავკას დამსახურება. 29 წლის სლოვაკი კიპერისთვის, რომელიც ახლახან აიყვანეს პრაღის "სპარტადან", გუშინ პირველი ოფიციალური მატჩი იყო პრემიერლიგაში და როგორც ნახეთ, თავი არ შეურცხვენია, პირიქით...


სხვა ფაქტები
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ სეზონის იმ 9 მატჩიდან, რომელშიც თავიდან მეტოქე იყო დაწინაურებული, მხოლოდ 1 მოიგო (3 ფრე, 5 წაგება). სიმბოლურია, რომ ეს იყო "ნიუკასლთან" - 4:1 ნოემბერში.
  • "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრემიერლიგაში 50-ე მატჩი (95-დან) მოიგო. ამას გარდა, 28 ფრედ ითამაშა და 17-ჯერ დამარცხდა.
  • "საუთჰემპტონმა" ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
  • "ლივერპულმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სტუმრად ყველაზე მეტი, 34 გოლი გაიტანა, რაც უკვე მეტია იმავე "ლივერპულის" შარშანდელ მაჩვენებელზე (33).
  • 2004 წლის შემდეგ "ევერტონისა" და "კრისტალ პალასის" მატჩი იყო პირველი, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელები - სემ ელერდაისი ("ევერტონი") და როი ჰოჯსონი ("კრისტალ პალასი"). 14 წლის წინ ანალოგიური იყო ბობი რობსონის "ნიუკასლისა" და კევინ კიგანის "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება.
  • მიმდინარე პრემიერლიგაში ყველაზე მეტი (7) პენალტი დაინიშნა "კრისტალ პალასის" სასარგებლოდ.
  • "ბრაიტონი" არ დამარცხებულა მიმდინარე პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩში (1 მოგება, 2 ფრე), რაც პირველი შემთხვევაა გასული წლის ნოემბრის შემდეგ.
  • "სტოკის" ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს ზედიზედ მე-3 პენალტი.
  • გასული წლის ნოემბრის შემდეგ "ბრაიტონმა" პირველად შეძლო პრემიერლიგის ზედიზედ ორ საგარეო მატჩში გოლის გატანა.
  • "ბარნლის" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩი (5 ფრე, 5 მარცხი). ამ მომენტისთვის ეს არის მიმდინარე გათამაშების ყველაზე გრძელი სერია.
  • მას მერე, რაც კარლოს კარვალიალი "სუონსის" მწვრთნელი გახდა, ამ გუნდზე მეტი (15) ქულა მხოლოდ "ტოტენჰემმა" დააგროვა. ამ პერიოდში "სუონსის" აქტივში 14 ქულაა.
  • პირველად მოხდა, რომ "ვესტ ჰემმა" ზედიზედ 5 მატჩი ჩაატარა წაუგებლად ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე ("ვესტ ჰემის" დროებითი საშინაო არენა).
  • "უოტფორდს" არ მოუგია პრემიერლიგის ზედიზედ 7 გასვლითი მატჩი, ხოლო აქედან 5-ში მოედანი უგოლოდ დატოვა.
  • გასული წლის დეკემბრის შემდეგ "ვესტ ჰემმა" პირველად შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.
  • "ჰადერსფილდმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა პრემიერლიგაში ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ.
  • "ჰადერსფილდმა" 4 გოლი გაიტანა "ბორნმუთის" კარში - უფრო მეტი, ვიდრე პრემიერლიგის წინა 8 მატჩში.

პრემიერლიგა. XXVII ტური
ტოტენჰემი-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 კეინი (49)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, დემბელე - ერიქსენი, სონი (70. ლამელა), ალი (85. ვანიამა) - კეინი.
არსენალი (4-3-3): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - უილშირი, ელნენი (65. ივობი), ჯაკა (86. უელბეკი) - იოზილი, მხითარიანი (65. ლაკაზეტი), ობამეიანგი.

ევერტონი-კრ. პალასი 3:1
გოლები: 1:0 სიგურდსონი (46), 2:0 ნიასე (51), 3:0 ტ. დევისი (75), 3:1 მილივოიევიჩი (83-პენ)

სტოკი-ბრაიტონი 1:1
გოლები: 0:1 ისკიერდო (32), 1:1 შაქირი (68)
გამოუყენებელი პენალტი: ადამი (90. სტოკი)

სუონსი-ბარნლი 1:0
გოლი: 1:0 კი (81)

ვესტ ჰემი-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 ხავიერ ერნანდესი (38), 2:0 არნაუტოვიჩი (78)

მანჩესტერ სიტი-ლესტერი 5:1
გოლები: 1:0 სტერლინგი (3), 1:1 ვარდი (24), 2:1 აგუერო (48), 3:1 აგუერო (53), 4:1 აგუერო (77), 5:1 აგუერო (90)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი (81. სტოუნზი), ლაპორტი, ზინჩენკო (65. დანილო) - დე ბრუინი, ფერნანდინიო (80. ფოდენი), გიუნდოგანი - ბერნარდო სილვა, სტერლინგი, აგუერო.

ჰადერსფილდი-ბორნმუთი 4:1
გოლები: 1:0 პრიტჩარდი (7), 1:1 სტანისლასი (13), 2:1 მურნი (27), 3:1 მურნი (66), 4:1 ვან ლა პარა (90+5-პენ)

ნიუკასლი-მანჩესტერ იუნ 1:0
გოლი: 1:0 რიჩი (65)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი, იანგი - მატიჩი (77. მაკტომინი), პოგბა (66. ქერიკი) - მარსიალი, ალექსის სანჩესი, ლინგარდი (66. მატა) - ლუკაკუ.

საუთჰემპტონი-ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 ფირმინო (6), 0:2 სალაჰი (42)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (60. მილნერი), ჩანი, ვეინალდუმი - სალაჰი (89. ლოვრენი), მანე, ფირმინო (79. ლალანა).

ორშაბათი, 12 თებერვალი
ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 23:59

ბომბარდირები: 23 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 22 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 13 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

მომდევნო ტური
24 თებერვალი: ლესტერი-სტოკი, ბორნმუთი-ნიუკასლი, ბრაიტონი-სუონსი, ბარნლი-საუთჰემპტონი, ლივერპული-ვესტ ჰემი, ვესტ ბრომვიჩი-ჰადერსფილდი, უოტფორდი-ევერტონი
25 თებერვალი: მანჩესტერ იუნ-ჩელსი
26 თებერვალი: კრ. პალასი-ტოტენჰემი
1-ლი მარტი: არსენალი-მანჩესტერ სიტი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული