პრემიერლიგა. XVIII ტური: ქალაქელები და დანარჩენები [VIDEO]

AutoSharing Option
პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პრემიერლიგას კვლავ 11-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს "მანჩესტერ სიტი", რომლის დამწევიც დღესდღეობით არავინ ჩანს, თუ რაღაც წარმოუდგენელი მიზეზით "ქალაქელებმა" თავად არ გაანიავეს შთამბეჭდავი უპირატესობა...

მიუხედავად ამისა, ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ მისი გუნდი ბოლო ტურამდე იბრძოლებს...

დღის მატჩი: სრულყოფილი ფეხბურთი
სეზონის დაწყების წინ და პირველ ტურებში ცოტა სხვა წარმოდგენა გვქონდა პრემიერლიგის ახალ კამპანიაზე - იყო შთაბეჭდილება, რომ ფიცხელი ბრძოლა იქნებოდა ჩემპიონობისთვის, მაგრამ ჯერ მარათონის ნახევარიც არ არის გასული და მთავარ ინტრიგად სულ სხვა თემები შემოგვრჩა - ვინ
არის ისეთი ყოჩაღი, რომ ბოლოს და ბოლოს, დაამარცხოს "მანჩესტერ სიტი" და ვინ გავა მეორე ადგილზე, ეგრევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რომ მოხვდეს მომავალი სეზონისთვის...

პეპ გვარდიოლას გენიალური გუნდის ზედიზედ მე-16 გამარჯვებამ, თან "ტოტენჰემის" წინააღმდეგ და ასეთი ანგარიშით, ზემოთ ხსენებულ ორ თემას აქტუალობა ვერ მოაკლო, უფრო - პირიქით.

ერთი სიტყვით, "სიტი" თავის სტიქიაში რჩება და ამყარებს აზრს, რომ დღეს ევროპაში (დიახ, ევროპაში და არამხოლოდ პრემიერლიგაში ან მით უმეტეს, ბრიტანეთის კუნძულებზე) ასეთ სრულყოფილ ფეხბურთს ვერავინ გვთავაზობს.

ამ მიმოხილვის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, წვრილად მოვყვეთ მთელი ის პერიპეტიები, რაც "ეტიჰადზე" ვნახეთ, მაგრამ სრული სურათისთვის ესეც იკმარებს: ჩვენი განსაზღვრება - "სრულყოფილი ფეხბურთი" - აბსოლუტურად ემთხვევა წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების შეფასებას, რომ ეს არის თანამედროვე ფეხბურთის სულ სხვა სტანდარტი - გვარდიოლას სტანდარტი!

მასზე ამბობდნენ, რომ "ბარსელონაში" პირველხარისხოვანი ვარსკვლავები ჰყავდა და ამით გადიოდა ფონს, მაგრამ ერთ დღესაც ის დაშორდა ამ ვარსკვლავებს და დაამტკიცა, რომ არის მწვრთნელი, რომელიც მუდმივად ეძებს თავგადასავალს, ეძებს ახალს და, რაც მთავარია, თავად ქმნის ახალს.

ალბათ, ერთ დღესაც "სიტიც" წააგებს (ეს პეპმაც თქვა), პატარა ჩავარდნაც ექნება, მაგრამ ესეც ჩვეულებრივად უნდა მივიღოთ, როგორც ის, რაც გვაქვს დღეს - "ქალაქელები" ყველა ძირითად კონკურენტს გაუსწორდნენ და ერთადერთი, "ევერტონთან" დაკარგეს ქულები.

რაც შეეხება "ტოტენჰემს", თუ არ ჩათვლით მცირეხნიან პერიოდს სექტემბერ-ოქტომბერში, როცა "მამლები" თამაშს თამაშზე იგებდნენ და "სიტის" რეალურ კონკურენტებად მოიაზრებოდნენ, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მაურისიო პოჩეტინოს კრებული ლამის ერთი ჩვეულებრივი გუნდია, რომელსაც უკვე... "ბარნლიც" უსწრებს.

"სიტიმ" იმდენად მოშალა მეტოქე ფსიქოლოგიურად, დელე ალიმ და ჰარი კეინმა არბიტრს კინაღამ თავი გააძევებინეს. აქეთ მხარეს კი, დავიდ სილვას არყოფნაში (გვარდიოლას თქმით, თამაში პირადი პრობლემების გამო გაუცდა) ბრწყინვალედ ითამაშა ილქაი გიუნდოგანმა (გოლი და საგოლე პასი), ხოლო მთავარი ინსპირატორი კვლავ კევინ დე ბრუინი იყო, ვინც გოლიც შეაგდო და პარტნიორების მოქმედებებსაც უნარიანად დირიჟორობდა.

და რაჰიმ სტერლინგი? კაცი, რომელიც ყოველთვის არის იქ, სადაც საჭიროა და ერთ შეცდომასაც არ გპატიობს, როგორც ეს ერიკ დაიერსა და უგო ლორისს გაუკეთა...


კომენტარები
მაურისიო პოჩეტინო: "ვფიქრობ, ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის. როცა იგებ და კარგად თამაშობ, ბევრს ვერაფერს სწავლობ, ხოლო, როცა ძლიერ მოწინააღმდეგესთან მარცხდები, ხვდები, რომ კიდევ ბევრი გაქვს სამუშაო და სასწავლი. ამ ეტაპზე "სიტი" საუკეთესო გუნდია ინგლისში და ჩვენ უნდა მივულოცოთ მეტოქეს ეს გამარჯვება".

პეპ გვარდიოლა: "ძალიან კარგად ვითამაშეთ პრემიერლიგის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, გამარჯვება ორმაგად მახარებს. მთავარია, ჩვენ გვქონდეს ბურთი. ამის გარეშე ერთი ჩვეულებრივი გუნდი ვიქნებოდით... რაც შეეხება დე ბრუინს, ის სწორედაც ბურთის ფანტასტიკური ფლობით გამოირჩევა, თორემ, რომ შეადაროთ, მეოთხე ლიგის ფეხბურთელიც არ დარბის მასზე ნაკლებს. ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა ნებისმიერი მწვრთნელისთვის. მადლობა "სიტის" ხელმძღვანელობას, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს".

ფაქტები
  • პეპ გვარდიოლას კიდევ ზედიზედ 3 გამარჯვება (ჩემპიონატების ეგიდით) აშორებს პერსონალურ რეკორდამდე. "ბაიერნში" ყოფნისას მას მოგებათა 19-მატჩიანი სერია ჰქონდა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მარტამდე.
  • მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემის" მწვრთნელი გახდა (2014 წლის აგვისტო), მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობით "მამლებმა" პრემიერლიგის "დიდი ექვსეულის" წინააღმდეგ 18 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს (6 ფრე, 11 წაგება).
  • "სიტისთან" მატჩში "ტოტენჰემმა" კარისკენ პირველად 55-ე წუთზე დაარტყა. პლუს ამას, მთლიანად შეხვედრაში "მამლებმა" სულ 2 დარტყმა განახორციელეს კარისკენ, მაშინ, როცა "სიტიმ" ეს 11-ჯერ მოახერხა. ეს არის "ტოტენჰემისთვის" ყველაზე ნეგატიური სხვაობა (-9) 2013 წლის დეკემბრის (-10 "ლივერპულთან" მატჩში) შემდეგ.
  • "სიტის" 8 საშინაო მატჩში ლეროი სანე 11 გოლში მონაწილეობდა (5 გოლი, 6 საგოლე პასი).
  • პრემიერლიგის 15 მატჩში კევინ დე ბრუინი "სიტის" 14 გოლში მონაწილეობდა (6 გოლი, 8 საგოლე პასი).
  • "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისისთვის ილქაი გიუნდოგანის გოლი იყო პრემიერლიგაში გაშვებული მე-200 ბურთი, აქედან 25 "მანჩესტერ სიტის" წილად მოდის.

* * *
"არსენალმა" გაჭირვებით მოუგო "ნიუკასლს". ზედიზედ მეოთხე მარცხის შემდეგ "კაჭკაჭები" გასავარდნ ზონაში აღმოჩნდნენ.

არადა, "ემირეითსზე" მატჩი ფრედ რომ დასრულებულიყო, ნამდვილად არ იქნებოდა სენსაცია. თუმცა რაფა ბენიტესს, პირველ რიგში, ქულებს დაუთვლიან და არა - გამოუყენებელ შანსებს.

თამაშის შემდეგ მან თქვა, რომ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ხელმძღვანელობისგან გუნდის გაძლიერებას მოითხოვს, ოღონდ ჯერ საკითხავია, ახალი ფეხბურთელები მასთან მივლენ თუ... ახალ მწვრთნელთან.


"ახალი მწვრთნელი" ვახსენეთ და, ეს ფაქტორი აშკარად იგრძნობა იმ უმეტეს გუნდებში, სადაც მიმდინარე სეზონში ცვლილებები მოხდა. მაგალითად, "კრისტალ პალასს" დაეტყო როი ჰოჯსონის ხელი - შაბათს "არწივებმა" პირველი(!) საგარეო გოლი გაიტანეს ამ სეზონში, ხოლო 5 ნოემბრის შემდეგ სულაც დაუმარცხებლები არიან.

დევიდ მოიესმა ფერზე მოიყვანა "ვესტ ჰემი", რომელმაც ბოლო 3-დან 2 მატჩი "მშრალად" მოიგო.
კლოდ პიუელმა თითქოს გამოაცოცხლა "ლესტერი", ვინც შაბათამდე ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, თუმცა "კრისტალ პალასისგან" საკუთარ მოედანზე მოულოდნელად ცივი შხაპი მიიღო - 0:3. ბანალური ნათქვამია, მაგრამ მაინც - ხდება ხოლმე...

"ჩელსი" მწირი რესურსებით, მაგრამ მაინც სტაბილურად უდგას კვალში მეორე ადგილისთვის მებრძოლ "მანჩესტერ იუნაიტედს". აშკარაა, რომ "არისტოკრატებს" ტიტულის დათმობა მოუწევთ, თუმცა ანტონიო კონტესთვის არც ვიცე-ჩემპიონობა უნდა იყოს კატასტროფა.


კვირის მატჩებში დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს "მანჩესტერმა" და "ლივერპულმა".

დამტკიცდა, რომ ეს უკანასკნელი გაცილებით თავისუფლად და შედეგიანად თამაშობს სტუმრად, რაზეც უბრალო სტატისტიკაც მეტყველებს - ზედიზედ 3 საგარეო გამარჯვება (თან ყველა - დიდი ანგარიშით), 12 გატანილი და ერთი გაშვებული გოლი.


ასევე ზედიზედ მესამე საგარეო მატჩი მოიგო "იუნაიტედმა" და ამ შეხვედრებში 9 გოლი გაიტანა, თუმცა ცოტაც არ გაუშვია (4).


ფაქტები
  • "ვესტ ბრომვიჩის" სტადიონზე გამართულ ბოლო 11 პრემიერლიგურ მატჩში რომელუ ლუკაკუმ 10 გოლი გაიტანა იმავე "ვესტ ბრომვიჩის", "ევერტონისა" და "მანჩესტერის" სახელით.
  • მარკუს რაშფორდს ("მანჩესტერ იუნაიტედი") ამ სეზონის 27 მატჩში (იგულისხმება ყველა ტურნირი) თავისი გუნდის 16 გოლში უდევს წილი (9 გოლი, 7 საგოლე პასი).
  • "ვესტ ბრომვიჩს" უკვე 16 ტურია არ მოუგია (8 ფრე, 8 წაგება). ეს არის ამ გუნდის უგრძესი მოუგებელი სერია ინგლისური ლიგის ისტორიაში.
  • იან რაშის (1986/87 წლების სეზონი) შემდეგ მოჰამედ სალაჰი გახდა "ლივერპულის" პირველი ფეხბურთელი, ვინც შობამდე 20 გოლს (ყველა ტურნირის გათვალისწინებით) მოუყარა თავი.
  • მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის არც ერთ გუნდს არ გაუტანია იმაზე მეტი გოლი პირველ ტაიმებში, რამდენიც "ლივერპულს" - 19. ანალოგიური შედეგი აქვს "მანჩესტერ სიტისაც".
  • "ლივერპული" დაუმარცხებელია პრემიერლიგის ბოლო 9 მატჩში (6 მოგება, 3 ფრე). უფრო გრძელი სერია (11 მატჩი) "წითლებმა" 2016 წლის ნოემბერში დაასრულეს.
  • მარკოს ალონსოს ("ჩელსი") უკვე 14 გოლში უდევს წილი (10 გაიტანა, 4 გაატანინა). ეს არის ყველაზე მაღალი შედეგი პრემიერლიგის მცველებს შორის.
  • "საუთჰემპტონმა" მოქმედი ჩემპიონების წინააღმდეგ 41 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო - 1970 წელს "ლიდსთან" და 2015 წელს "ჩელსისთან".
  • "საუთჰემპტონმა" "ჩელსის" წინააღმდეგ გამართულ პრემიერლიგის ბოლო 25 მატჩში მხოლოდ ერთხელ შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.
  • "არსენალმა" პრემიერლიგის ბოლო 14 საშინაო მატჩიდან 13 მოიგო და დამარცხდა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედთან".
  • "ნიუკასლს" 9-მატჩიანი მოუგებელი სერია (1 ფრე, 8 მარცხი) აქვს. ეს არის ამ გუნდის ყველაზე ნეგატიური ციკლი 2015 წლის მაისის (ზედიზედ 10 მოუგებელი მატჩი) შემდეგ.
  • მესუთ იოზილმა ("არსენალი") ბოლო 5 მატჩში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 4 საგოლე პასი).
  • მესუთ იოზილმა "ნიუკასლთან" მატჩში 8 საგოლე შანსი (ისევე, როგორც "ევერტონთან" ოქტომბერში) შეუქმნა პარტნიორებს. ამ სეზონში მხოლოდ კევინ დე ბრუინს ("სიტი") აქვს უკეთესი შედეგი - 9 შანსი "საუთჰემპტონთან" ნოემბრის დაპირისპირებაში.
  • "კრისტალ პალასმა" ზედიზედ მესამე მატჩში არ გაუშვა გოლი, რაც პირველად შეძლო ინგლისის მთავარ ლიგაში ყოფნის განმავლობაში.
  • "ბრაიტონმა" პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა მანამდე გამართულ 6 მატჩში 8-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.
  • ამ სეზონში "ბარნლიზე" მეტ მატჩში (9, ისევე, როგორც "არსენალმა") კარის "მშრალად" შენახვა შეძლო მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" (10).
  • "უოტფორდმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ითამაშა ფრედ.
  • "ვესტ ჰემის" შემდეგ (2015 წლის აგვისტო) "უოტფორდი" გახდა პრემიერლიგის მეორე გუნდი, რომლის მოთამაშეებმაც ზედიზედ 3 ტურში მიიღეს წითელი ბარათები.
  • "სტოკმა" ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო და ერთშიც გაიმარჯვა.
  • ეს იყო "სტოკის" 50-ე საშინაო მარცხი პრემიერლიგის ისტორიაში.
პრემიერლიგა. XVIII ტური
ლესტერი-კრ. პალასი 0:3
გოლები: 0:1 ბენტეკე (19), 0:2 ზაჰა (40), 0:3 საკო (90+4)
გაძევება: ნდიდი (61. ლესტერი)

არსენალი-ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 იოზილი (23)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, კოსიელნი, მონრეალი, მეიტლენდ-ნილსი - უილშირი, ჯაკა - ივობი (72. უელბეკი), იოზილი, ალექსის სანჩესი (89. კოკელენი) - ლაკაზეტი (72. ჟირუ).

ბრაიტონი-ბარნლი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: მიურეი (36. ბრაიტონი)

ჩელსი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ალონსო (45+3)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - მოზესი (82. ძაპაკოსტა), კანტე, ბაკაიოკო, ალონსო - ვილიანი, პედრო (70. ფაბრეგასი) - აზარი (74. მორატა).

უოტფორდი-ჰადერსფილდი 1:4
გოლები: 0:1 კაჩუნგა (6), 0:2 მუი (23), 0:3 დეპუატრი (50), 1:3 დუკური (68), 1:4 მუი (89-პენ)
გაძევება: დინი (33. უოტფორდი), ჰოგი (61. ჰადერსფილდი)

სტოკი-ვესტ ჰემი 0:3
გოლები: 0:1 ნობლი (18-პენ), 0:2 არნაუტოვიჩი (75), 0:3 სახო (86)

მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი 4:1
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (14), 2:0 დე ბრუინი (70), 3:0 სტერლინგი (80), 4:0 სტერლინგი (90), 4:1 ერიქსენი (90+3)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, მანგალა, დელფი - გიუნდოგანი (83. ფოდენი), ფერნანდინიო, დე ბრუინი - სანე (85. ბერნარდო სილვა), სტერლინგი, აგუერო (58. გაბრიელ ჟეზუში).
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი (89. ბ. დევისი) - დემბელე, უინქსი - ერიქსენი, სონი (77. ლამელა), ალი (84. სისოკო) - კეინი.
გამოუყენებელი პენალტი: გაბრიელ ჟეზუში (75. სიტი)

ვესტ ბრომვ.-მანჩესტერ იუნ 1:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (27), 0:2 ლინგარდი (35), 1:2 ბერი (77)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია (66. როხო), სმოლინგი, ჯოუნსი, იანგი - ერერა, მატიჩი - მატა, ლინგარდი (86. მაკტომენი), რაშფორდი (79. მარსიალი) - ლუკაკუ.

ბორნმუთი-ლივერპული 0:4
გოლები: 0:1 კოუტინიო (20), 0:2 ლოვრენი (26), 0:3 სალაჰი (44), 0:4 ფირმინო (66)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, ლოვრენი, კლავანი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ვეინალდუმი - სალაჰი (71. ლალანა), კოუტინიო (87. ინგსი), ფირმინო (76. სოლანკე).

ორშაბათი, 18 დეკემბერი
ევერტონი-სუონსი 23:59

ბომბარდირები: 14 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 12 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 11 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 10 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 9 - უეინ რუნი (ევერტონი), ალვარო მორატა (ჩელსი).

მომდევნო ტური
22 დეკემბერი: არსენალი-ლივერპული
23 დეკემბერი: ევერტონი-ჩელსი, ბრაიტონი-უოტფორდი, მანჩესტერ სიტი-ბორნმუთი, საუთჰემპტონი-ჰადერსფილდი, სტოკი-ვესტ ბრომვიჩი, სუონსი-კრისტალ პალასი, ვესტ ჰემი-ნიუკასლი, ბარნლი-ტოტენჰემი, ლესტერი-მანჩესტერ იუნაიტედი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული