პრემიერლიგა. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ...

AutoSharing Option
პრემიერლიგის მეორე ტური დღეს, "სუონსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩით იწყება. საინტერესოა, როგორ ითამაშებს ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" იმ ქება-დიდების ფონზე, რაც გუნდს პირველ ტურში, "ვესტ ჰემთან" შთამბეჭდავად მოგებული მატჩის შემდეგ ხვდა წილად. ისე კი, უელსური გუნდი "მანჩესტერისთვის" იოლი ოპონენტი არ არის - "ლიბერთიზე" ჩატარებული ბოლო სამი მატჩიდან "წითელმა ეშმაკებმა" ორი წააგეს.

"ჰოფენჰაიმთან" ნაბრძოლი "ლივერპული", ვინც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გა
დადგა, პირველ ტურში დებიუტანტ "ჰადერსფილდთან" შერცხვენილ (0:3 საკუთარ მოედანზე) "კრისტალ პალასს" იღებს და უპირობო ფავორიტია.

მერსისაიდელებს ტრავმირებული ჰყავთ ადამ ლალანა და დენ სტარიჯი, ფილიპე კოუტინიომ კი, ვისაც ოფიაციალური ვერსიით ზურგის ტრავმა აწუხებს, "ბარსელონაში" გადასასვლელად მწვანე შუქი მოითხოვა და ისედაც არ ითამაშებდა. ლონდონელთა მხრივ კი საეჭვოა ფრანგი ნახევარმცველ იოან კაბაის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ფაქტია - "ლივერპულს", რომელსაც პირველ ტურში "უოტფორდთან" გამარჯვება ჯიბიდან ამოაცალეს (უოტფორდელმა ბოლო წამზე აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაათანაბრა ანგარიში), "კრისტალ პალასთან" ზედიზედ 3(!) საშინაო მატჩი აქვს წაგებული და ცხადია, ეს უსიამოვნო "ტრადიცია" იურგენ კლოპის გუნდს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას სძენს.

შაბათის გვიანდელ მატჩში "არსენალს" "სტოკთან" მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. არსენ ვენგერის "მეთოფეებმა" პირველივე ტურში ძალიან იწვალეს (4:3) "ლესტერთან" საშინაო მატჩში, თუმცა მწვრთნელმა ეს სასტარტო მღელვარებას დაუკავშირა. თავდასხმაში არ იქნება ალექსის სანჩესი, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

თუ არ ჩავთვლით შარშანდელ მატჩს, რომელიც "არსენალმა" სტუმრად 4:1 მოიგო, "სტოკი" მისთვის უხერხული მეტოქეა, რადგან ეს იყო
ლონდონელთა პირველი გამარჯვება Bet365-ზე 2010 წლის შემდეგ.

ჩემპიონ "ჩელსის", რომელიც პირველ ტურში "ბარნლისთან" შინ 2:3 დამარცხდა და თან ორი მოთამაშეც გაუძევეს, მეორე ტურში გაცილებით მძიმე გამოცდა ელის "ტოტენჰემთან" ლონდონურ დერბიში. ჯერ ერთი, რომ არ იქნებიან პირველ ტურში გაძევებული გარი კეჰილი და სესკ ფაბრეგასი, ხოლო ედენ აზარი და პედრო როდრიგესი ტრავმირებულები არიან.

რაც შეეხება "ტოტენჰემს", რომელიც ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულებამდე "უემბლის" ქირაობს, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი საბრძოლო შემადგენლობით იქნება. ცნობისთვის, სტუმრის რანგში "ჩელსის" "ტოტენჰემთან" ლონდონური დერბი 2012 წლის მერე არ მოუგია. შარშან, "უაით ჰართ ლეინზე", "მამლებმა" დელე ალის დუბლით 2:0 იძალეს.

ორშაბათს "მანჩესტერ სიტი" ტურის დასკვნით მატჩში "ევერტონს" უმასპინძლებს. ახალი პრემიერლიგის პირველ დღეს ორივე გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ისიც ვთქვათ, რომ "სიტის" "ირისებთან" საშინაო მატჩში 2014 წლის 6 დეკემბრის შემდეგ არ უყოჩაღია.

პრემიერლიგა. II ტური
შაბათი. 19 აგვისტო

სუონსი-მანჩესტერი 15:30
ბორნმუთი-უოტფორდი 18:00
ბარნლი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ლესტერი-ბრაიტონი 18:00
ლივერპული-კრ. პალასი 18:00
საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 18:00
სტოკი-არსენალი 20:30
კვირა. 20 აგვისტო
ჰადერსფილდი-ნიუკასლი 16:30
ტოტენჰემი-ჩელსი 19:00
სიტი-ევერტონი 23:00

ბომბარდირები: 2 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი), სტივ მუნიე (ჰადერსფილდი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი), სემ ვოუკსი (ბარნლი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული