დიეგო კოშტას ინტერვიუ: "ჩელსი" ისე მექცევა, როგორც კრიმინალს

AutoSharing Option
ბრაზილია, ლაგარტო, პატარა ქალაქი "სტემფორდ ბრიჯიდან" 5 ათასი კილომეტრის მოშორებით. აქ არის დიეგო კოშტას სახლი. ის ზაფხულს ჯერჯერობით ფეხბურთის გარეშე ატარებს, უფრო სწორად - დიდი ფეხბურთის გარეშე, თორემ ბურთს მაინც არ შორდება, ვარჯიშობს, თუმცა უფრო მეტს ისვენებს.

ტელევიზიით "ჩელსი"-"ბარნლის" მატჩს გადმოსცემენ. დავიდ ლუიზის დარტყმა და 2:3. გახარებული კოშტა ტელეფონს ისვრის, მის თანაგუნდელებს (ოფიციალურად, ის ჯერაც "ჩელსის" ფეხბურთელია) მატჩის გადარჩენის შანსი უჩნდებათ, მაგრამ... ბოლოს კინაღამ მეოთხე გოლს უშვებენ.

ძალიან უცნაური ზაფხული...

"დეილი მეილის" კორესპონდენტი ადამ კრაფტონი უკვე ლაგარტოშია და ერთ-ერთი სახლის კარზე
აკაკუნებს. კარს ნაცნობი ახალგაზრდა კაცი აღებს.

"რაო, კარგად მიდის ყველაფერი "ჩელსიში"? კეჰილის გაძევებამ თამაშის სცენარი შეცვალა, მაგრამ რას ვიზამთ... გრძელი გზა გამოიარეთ, მე კიდევ დასამალი არაფერი მაქვს, შემოდით", - ეუბნება დიეგო კოშტა მგზავრობით გადაღლილ ნაცნობ ჟურნალისტს და შინ იპატიჟებს.

ფეხბურთელის მშობლები გაღიმებულები ესალმებიან სტუმარს. ეს მამაა, პატივცემული ზეინია, რომელმაც უმცროს ვაჟს დიეგო ლეგენდარული მარადონას პატივსაცემად დაარქვა, უფროსს კი ჟაირი ჰქვია, კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელის, 1970 წლის ფორმაციის ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველის, ჟაირზინიოსადმი სიყვარულის ნიშნად.

დიეგო ჟურნალისტს სახლს ათვალიერებინებს. ყურადღებას იპყრობს ერთ-ერთი ოთახის კუთხე, სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი კოშტას "ჩელსისთან" აკავშირებს, მათ შორის - პატარა სტატუეტი ნაცნობი "ლურჯი" მაისურით.

მას აღმერთებენ 100-ათასიან ლაგარტოში. შენობების კედლებზე მისი ვეებერთელა ბანერებია, თავად კი ამ სიყვარულს იმით პასუხობს, რომ შესყიდული მიწის ფართზე უფასო საფეხბურთო სკოლას ხსნის.

ჟურნალისტი და რესპონდენტი ბაღში გადიან, სხდებიან სკამებზე და იწყებენ საუბარს: "ძალიან უცნაური ზაფხულია", - იწყებს კოშტა, რომელმაც ბოლო სეზონში "ჩელსისთვის" 20 გოლი გაიტანა და ანტონიო კონტემ თავის პირველივე ინგლისურ სეზონში პრემიერლიგა რომ მოიგო, მისი უდიდესი დამსახურებაცაა.

მწვრთნელი ქარიზმის გარეშე...

ეს ზაფხული კი დაიწყო კონტეს მესიჯით, რომელსაც დიეგო ტელეფონიდან არასოდეს წაშლის. მწვრთნელის მესიჯი ატყობინებდა: "ჩელსიში" შენი კარიერა დასრულებულია"!

28 წლის კოშტა ლონდონში მაისის მერე არ ყოფილა. ის გაოცებულია იმით, რომ მოექცნენ, როგორც "კრიმინალს", თუმცა არ აპირებს ჩივილს და სასამართლოში სირბილს. მისი თქმით, იტალიელს აკლია "ქარიზმა". სწორედ კონტეს მიიჩნევს დამნაშავედ იმაში, რომ იანვარში კონტრაქტის გაგრძელებაზე დაწყებული მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ბოლო პერიოდში ის დაჟინებით ითხოვდა, გადაწყვეტილიყო "ატლეტიკოში" მისი ტრანსფერი, თუნდაც კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის ფასად, მაგრამ... საქმეს ისეთი პირი უჩანს, უახლოეს პერიოდს კვლავ უფეხბურთოდ გაატარებს.

"პრემიერლიგა უპირველესია მსოფლიოში. ნახეთ, რა თამაშები იყო პირველ ტურში. უყურეთ "არსენალი"-"ლესტერს"? ნამდვილი სიგიჟე! მერე "ლივერპული"? 3:3 ბოლო წამებზე. რუნიმ "ევერტონში" გაიტანა... არ ვიქნებოდი ნორმალური, ეს ყველაფერი რომ არ მენახა", - ამბობს დიეგო.

და რას იზამს, კონტემ სასწრაფოდ ლონდონში რომ გამოიძახოს? "არა, ეს შეუძლებელია. თქვენც ხომ მშვენივრად იცით, რომ მას არ ვუნდივარ. მე ლონდონიდან ერთადერთ ცნობას ველოდები - კონტრაქტისგან გათავისუფლებას! ყველამ იცის, რომ არ მინდოდა "ჩელსიდან" წასვლა, რადგან იქ ბედნიერი ვიყავი. მაგრამ, როცა მწვრთნელს არ უნდიხარ, უნდა წახვიდე. ჰკითხეთ ჩემს თანაგუნდელებს. გარწმუნებთ, იმავეს გეტყვიან. აგერ, მათი მესიჯები - თურმე, მათ ძალიან ვაკლივარ. მეც ხშირად ველაპარაკები ბიჭებს, განსაკუთრებით ფაბრეგასს, დავიდ ლუიზს, ვილიანს... ეს არის გულწრფელი სინანული. რომ არ ვუყვარდე ჩემს თანაგუნდელებს, ასეთ მესიჯებს არ მომწერდნენ".

ამის უკან სწორედ კონტე იდგა...

იანვარში "დეილი მეილმა" გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კოშტამ ფიზმომზადების მწვრთნელთან იჩხუბა. როცა ის არ გამოჩნდა მოედანზე "ლესტერთან" მატჩში, კონტეს თამაშის შემდეგ ამაზეც ჰკითხეს - "არა, არა, არანაირი ჩხუბი, მას ტრავმა აქვს", - ასეთი პასუხი მიიღეს. კოშტა კი ამბობს:

"არ ყოფილა არანაირი ტრავმა, კონტემ იცრუა. ეს იყო სასჯელი სწორედ იმის გამო, რაც მოხდა და რაც პრესაში დაიწერა".

მაგრამ რა მოხდა რეალურად იანვარში? რატომ დაიბლოკა "ჩელსისა" და ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმება?

"ეს ის პერიოდია, როცა გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ჩინეთში მინდოდა წასვლა. ეს იყო ჭორი. შემდეგ საეჭვოდ შეწყდა მოლაპარაკებები. დარწმუნებული ვარ, ამის უკან სწორედ კონტე იდგა. მას ჩამოყალიბებული აზრები და იდეები აქვს, რომელსაც არასოდეს ცვლის... სხვათა შორის, მინდა ერთ რამესაც გავუსვა ხაზი - მე მას პატივს ვცემ, როგორც მწვრთნელს! როგორ შეიძლება, არ დაინახო, რა სამუშაოც გასწია მან?! მაგრამ ის ძალიან დისტანცირებულია ფეხბურთელებისგან, არ არის მასში ის ქარიზმა, რაც სხვა მწვრთნელებს აქვთ".

მოურინიომაც დამირეკა...

"ქარიზმის" ხსენებაზე, კოშტა ხაზს უსვამს მის ურთიერთობებს ჟოზე მოურინიოსთან: "მან დამირეკა, მომიკითხა. ჟოზესთან არასოდეს მქონია პრობლემა. ჩვენი ურთიერთობები ძალიან მყარია. ყველას ძალიან გვწყდებოდა გული, როცა "ჩელსიში" მას კარგად არ წაუვიდა საქმეები".

ამ ზაფხულს კონტემ ახალი თავდამსხმელი აიყვანა გუნდში - ალვარო მორატა, ვინც პირველივე მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. კოშტა ამბობს:

"მე გავიგებდი კონტეს გადაწყვეტილებას, ჩემგან განსხვავებული სტილის ფეხბურთელი რომ ნდომებოდა... ძალიან დიდ პატივს ვცემ მორატას, მას დიდებული სეზონი ჰქონდა მადრიდში და ვუსურვებ, ასეთივე სეზონი ჰქონდეს "ჩელსიშიც". მაგრამ ჩვენ ერთი სტილის მოთამაშეები ვართ. არ შეიძლება ფეხბურთელებთან მესიჯებით ურთიერთობა. მწვრთნელი პირდაპირ უნდა გეუბნებოდეს სათქმელს. ესპანეთის ნაკრებში ვიყავი, როცა ეს მესიჯი მივიღე და ბიჭებსაც ვაჩვენე. არ იჯერებდნენ! მაშინ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ახლა მშვიდად ვარ".

ვიცი, რომ მადრიდში მელოდებიან...

კოშტას სურვილია, დაბრუნდეს "ატლეტიკოში", სადაც 2010-14 წლებში თამაშობდა:

"დიახ, სწორედ "ატლეტიკოში" მინდა დაბრუნება. ველაპარაკე "ჩელსის" დირექტორ მარინა გრანოვსკაიას და ვთხოვე - რადგან მწვრთნელს არ ვუნდივარ, გამიშვით "ატლეტიკოში"! მე უარი ვთქვი სხვა წინადადებებზე. მათ უნდოდათ ჩემი გაყიდვა სხვა კლუბებში, მათ შორის - ჩინეთში, ეს არ ყოფილა ჩემი სურვილი. ვიცი, რომ დიეგო სიმეონესაც უნდა ჩემი დაბრუნება, ვიცი, რომ "ატლეტიკოს" ფანებიც მელოდებიან. ისინი პატივს მცემენ. "ჩელსის" კი უნდა, რომ ჩავიდე და რეზერვისტებში ვივარჯიშო. ეს ჩემთვის მიუღებელია. მე არ ვარ კრიმინალი! არადა, ისინი სწორედ ისე მექცევიან, როგორც კრიმინალს, არ აფასებენ იმას, რაც გუნდისთვის გავაკეთე".

თუნდაც ერთი წლით, თუნდაც ფეხბურთის გარეშე...

თანახმაა თუ არა კოშტა, ითამაშოს ბრაზილიაში ან სხვა ინგლისურ კლუბში?

"დავრჩები ბრაზილიაში თუნდაც ერთი წლით, თუნდაც ფეხბურთის გარეშე, "ჩელსიმ" რომც დამაჯარიმოს და ხელფასი არ გადამიხადოს. მაგრამ მე დავბრუნდები ფეხბურთში და დავბრუნდები უფრო ძლიერი. კიდევ ერთხელ ვითხოვ - კონტეს არ ვუნდივარ! აი, მისი მესიჯი. მაშინ გამათავისუფლონ! დავბრუნდები "ატლეტიკოში", მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატია და ფორმაში უნდა ვიყო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული