ეფენბერგი ანჩელოტის აფრთხილებს: იცოდე, ბოლო სეზონი არ იყოს!

AutoSharing Option
შტეფან ეფენბერგი "ბაიერნის" ცოცხალი ლეგენდაა, ასეთ ხალხს კი ყოველთვის უსმენენ და მათ აზრსაც ითვალისწინებენ. ის ეჭვობს, რომ ეს, შეიძლება, კარლო ანჩელოტის ბოლო სეზონი იყოს მიუნხენურ გრანდში.

მართალია, ტიტულოვანმა იტალიელმა სპეციალისტმა "რეკორდმაისტერს" პირველივე სეზონში ჩემპიონობა (ზედიზედ მეხუთე) მოუტანა, მაგრამ ყველას ხინჯად აქვს გულში ნაადრევი გავარდნა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან.

ახლა, მოდით, ისიც ვთქვათ, რომ "რეალთან" მარცხი, ზოგადად, არავისთვის შეიძლება იყოს კატასტროფა, მაგრამ სხვა საქმეა ის ფორმა, რა ფორმითაც "ბაიერნმა" მადრიდულ გიგანტთან დაპირისპირება დათმო - 3:6 ორი მატჩის ჯამში (1:2 "ალიანც არენაზე, 2:4
"სანტიაგო ბერნაბეუზე").

"ბაიერნი" საკუთარ თავს არ ჰგავდა წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებსა თუ ტურნირებში - მარცხი "არსენალთან", "მილანთან", "ინტერთან", "ლივერპულთან", "ნაპოლისთან".

კი ბატონო, ამას "დორტმუნდთან" გერმანიის სუპერთასზე გამარჯვება მოჰყვა, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ამ თამაშშიც "ბაიერნი" ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ორჯერ აგებდა თამაშის მსვლელობისას და ბოლოს პენალტების სერიაში გაუმართლა.

"თუ გუნდს საქმე კვლავ ისე წაუვიდა, როგორც ახლაა ან უფრო უარესად, ალბათ, ანჩელოტისთვის ეს ბოლო სეზონი იქნება "ბაიერნის" მწვრთნელის პოსტზე. საერთოდ, გუნდში მხოლოდ ფეხბურთელები არ იცვლებიან, ხანდახან იცვლებიან მწვრთნელებიც", - შეახსენებს ეფენბერგი ანჩელოტის და ობიექტურობისთვის იქვე დასძენს, რომ არსებული სიტუაცია მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის:

"ბოლო მატჩებში ვერ დავინახე გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ერთმანეთისთვის თამაშობენ. საერთოდაც, ჩემთვის ფეხბურთში მთავარია ჟინი, მონდომება... და თუ "ბაიერნის" ფეხბურთელებში ეს კომპონენტი არ არსებობს, მაშინ საქმე კიდევ უფრო უარესად ყოფილა, ვიდრე წარმოგვიდგენია".

"ეფე" მიანიშნებს გუნდში ბალანსის აუცილებლობაზეც და იხსენებს ოტმარ ჰიტცფელდის პერიოდს, როცა მარათონული სეზონის განმავლობაში "ბაიერნს" სრულფასოვანი როტაციის საშუალება ჰქონდა. ის არ არის დარწმუნებული, რომ ანჩელოტის ხელთ არის დაბალანსებული გუნდი, როცა სათადარიგოთა სკამზე მჯდომ თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია პარტნიორის უპრობლემოდ შეცვლა:

"დიდი მწვრთნელები, მაგალითად ისეთი, როგორიც ოტმარ ჰიტცფელდია, ყოველთვის ცდილობენ, ჰქონდეთ ბალანსი ძირითად და სათადარიგო მოთამაშეთა შორის. მწვრთნელმა უნდა გათვალოს ტრავმებზე, დისკვალიფიკაციებზე, ამა თუ იმ მოთამაშის ფორმიდან ამოვარდნაზე... თუ ანჩელოტი ამ მხრივ დააბალანსებს გუნდს, მაშინ საქმე უკეთ წავა და გუნდს ძალები ყველა ფრონტზე საკმარისად ექნება", - მიაჩნია ეფენბერგს.

ბოლოს მას თომას მიულერის შესაძლო გაყიდვაზეც ჰკითხეს: "არა, რატომ უნდა გაყიდონ?! ის ახლა "ბაიერნის" სახეა, მას შემდეგ, რაც გუნდში აღარ არიან ბასტიან შვაინშტაიგერი და ფილიპ ლამი", - დასძენს დიდი ფეხბურთელი, რომლის სამწვრთნელო საქმიანობა ვერ იყო წარმატებული "პადერბორნში", სადაც 2015 წლის 13 ოქტომბრიდან 2016 წლის 3 მარტამდე იმუშავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული