ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპის 5 ახალი მონაწილე ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის განმეორებითი მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თქვა, რომ "ნიცასთან" "სან პაოლოზე" 2:0 გამარჯვება უნდა დაევიწყებინათ და ბოლომდე მობილიზება მართებდათ. იტალიური გუნდის მცველმა კალიდუ კულიბალიმ კი განაცხადა, რომ მარიო ბალოტელი კარგი ფორვარდი კია, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ეფიქრათ და გოლი არ უნდა გაეშვათ.

წინა შეხვედრისაგან განსხვავებით მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ბალოტელი და ახლადშეძენილი ვეტერანი ჰოლანდიელი ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი. თუმცა, მათ ფრანგული გუნდის ჯეროვნად დახმარება ვერ შეძლეს.

კამპანიელები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და ძნელი გასარჩევი
იყო ვინ იყო მასპინძელი და ვინ სტუმარი. გასაკვირი უფრო ის გახლდათ, რომ ლიუსიენ ფავრის შეგირდებს ორი ბურთი ქონდათ ამოსაქაჩი და საოცრად ინერტულად გამოიყურებოდნენ. იტალიელებმა აქტიურ პრესინგს მიმართეს და "ნიცა" ოდენ მე-5 წუთზე გადავიდა მეტოქის ნახევარზე.

"ნაპოლი" მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, თამაშის გამწვავებას ერიდებოდა, თუმცა პირველ ტაიმში კარგი მომენტი ქონდა - 21-ე წუთზე კულიბალიმ ნაკუთხურალ ბურთს ახლო მანძილიდან დაჰკრა თავი და ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ ნაანტრაქტევს ხოსე კალეხონმა მოახერხა, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან გამოზომილი პასი მარეკ ჰამშიკმა მიაწოდა.

ამით ფაქტიურად ყველაფერი გაირკვა, რადგან "ნიცას" ორი მატჩის ჯამში გასამარჯვებლად 4 უპასუხო გოლის გატანა ესაჭიროებოდა, ამის მარიფათი კი აშკარად არ ქონდა. ასევე აშკარა შეიქნა, რომ "ნაპოლი" გაცილებით უკეთესი გუნდია და ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას მოწინააღმდეგეზე მეტად იმსახურებდა.

გაშვებულმა გოლმა საბოლოოდ გატეხა ფრანგული გუნდი, მისი მოწინააღმდეგე სიტუაციას სრულად აკონტროლებდა. დარჩენილ დროში დრის მერტენსის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, 77-ე წუთზე ფავრმა პასიური ბალოტელი შეცვალა, 89-ეზე ლორენცო ინსინიემ მეორედ დაამწუხრა იოან კარდინალი, კონტრშეტევაზე კი პიერ ლის-მელუმ ხარიხას გაარტყა ბურთი.

ასე და ამგვარად, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო "ნიცა" ევროპა ლიგაზე.

"ნაპოლის" გარდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება "სელტიკმა", "მარიბორმა", "ოლიმპიაკოსმა" და "სევილიამ" მოიპოვეს.

ყველაზე დაძაბული განმეორებითი მატჩები სევილიასა და მარიბორში გაიმართა. ესპანელებს, თურქეთში გამართული პირველი შეხვედრა 2:1 ჰქონდათ მოგებული და ანდალუსიელები განმეორებით შეხვედრაშიც ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. თუმცა, პირველი ტაიმი მათ ელჯერო ელიასგან გაშვებული გოლით წააგეს. 75-ე წუთისთვის, "სევილია" უკვე წინ იყო, მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვამდე 7 წუთით ადრე ვისკამ გაათანაბრა და "ბაშაქშეჰირს" ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი გოლი დააკლდა.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა ვერ გამოიყენა, ბეერ შევას "ჰაპოელია". ებრაულმა კლუბმა "მარიბორთან" სლოვენიაში 0:1 წააგო და სტუმრად გატანილი გოლის წესის გამო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიღმა დარჩა.

ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა კვლავ "ასტანასა" და "სელტიკს" შორის გაიმართა. შოტლანდიელებს პირველი მატჩი 5:0 ჰქონდათ მოგებული და ყაზახეთში ანგარიშით 3:4 წაგებამ მათ ჯგუფურ ეტაპზე გასვლაში ხელი ვერ შეუშალა.

ასტანა - სელტიკი 4:3 (პირველი მატჩი 0:5)
გოლები
: 1:0 აიერი 26 (ს.კ.), 1:1 სინკლერი 34, 2:1 მუჟიკოვი 48, 3:1 ტვუმასი 49, 4:1 ტვუმასი 69, 4:2 ნტჩამი 80, 4:3 გრიფითსი 90

მარიბორი - ჰაპოელ ბეერ შევა 1:0 (პირველი მატჩი 1:2)
გოლი
: 1:0 ვილერი 15

ნიცა - ნაპოლი 0:2 (პირველი მატჩი 0:2)
გოლები
: 0:1 კალიეხონი 48, 0:2 ინსინიე 89

რიეკა - ოლიმპიაკოსი 0:1 (პირველი მატჩი 1:2)
გოლი
: 0:1 მარინი 25

სევილია - ბაშაქშეჰირი 2:2 (პირველი მატჩი 2:1)
გოლები
: 0:1 ელია 17, 1:1 ესკუდერო 52, 2:1 ბენ იედერი 75, 2:2 ვისკა 83

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული