სიგნალი სანიოლს: ბრწყინვალე გოჩოლეიშვილი - "შახტარმა" "ბარსელონას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "შახტარმა" „ბარსელონა“ 1:0 დაამარცხა.

დონბასური გუნდის მწვრთნელმა პუშიჩმა გოჩოლეიშვილი დისკვალიფიცირებული კონოპლიას ნაცვლად დააყენა ძირითად შემადგენლობაში, აზაროვი კი, როგორც ჩანს, მიღებული ტრავმის შემდეგ ბოლომდე ვერ მომჯობინდა და სათადარიგოთა შორის დატოვა. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო, ორხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და პირველი მომენტი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც პირისპირ გასული მატვიენკოს დარტყმული ბურთი მეკარე ტერ შტეგენმა ფეხით მოიგერია. გოჩოლეიშვილი დაცვაში კარგად იდგა, იერიშებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა და 41-ე წუთზე მისი პასით სიკანმა თავურით დონეცკელები დააწინაურა. შეგახსენებთ, ამ გუნდების წინა
დაპირისპირებაში საგოლე გადაცემა აზაროვმა გააკეთა.

შესვენების შემდეგ გოჩოლეიშვილი მარკო ალონსოს გაექცა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და გატანა ტერ შტეგენმა არ დაანება. მერე კრისტენსენმა სიკანი „მოგვერდით“ დასცა გაზონზე, რაზეც მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა. ცოტა ხანში მეკარესთან ერთი-ერთზე უკვე სიკანი გავიდა და ტერ შტეგენმა არ გაატანინა. „ბარსას“ თავკაცმა ხავიმ ოთხმაგი ცვლილება განახორციელა, ხოლო პუშიჩმა ტრავმირებული სიკანის ნაცვლად მოედანზე კელსი შეუშვა. მერე სტეპანენკოც დაშავდა და ისიც შესაცვლელი გახდა. კატალონიელებმა ზეწოლა გააძლიერეს, თუმცა „მეშახტეები“ თავს უნარიანად იცავდნენ. კონტრიერიშზე ნევერტონმა გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და "შახტარმა" გაიმარჯვა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, გიორგი ბრწყინვალედ გაისარჯა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელ სანიოლს მოახლოებული მატჩების წინ თავისი თამაშით "შეტყობინებაც" გაუგზავნა.

„შახტარი“  H ჯგუფში 6 ქულით მესამე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ მატჩს 28 ნოემბერს „ანტვერპენთან“ გამართავს.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 49 147 მაყურებელი
შახტარი - ბარსელონა 1:0
გოლი: სიკანი (41)

მკითხველის კომენტარები / 17 /
მართლაც გამორჩეული იყო თავის გუნდში და ძალიან გაგვახარა მოგებით!
0
ძალიან გახარებული ვარ გიორგის კარგი თამაშით, წარმატებებს ვუსურვებ შოტლანდიის და ესპანეთის წინააღმდეგ თამაშებში. სწორედ ასეთი გიორგი და დანარჩენი ბიჭები გვჭირდება. აუცილებლად გჭირდება მოგება უმოტივაციო შოტლანდიასთან და თუნდაც ფრე უმოტივაციო ესპანეთთან. ღმერთი თქვენკენ ბიჭებო!
გიზოგ
12:21 08-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული