"ნაპოლი" ხვიჩას ინდივიდუალიზმს იყენებს, სპალეტის შეტევაში მეტი ორგანიზება სჭირდება...

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთში როტაცია ჩვეულებრივი ამბავია, გუნდები ყველანაირად ცდილობენ, ორი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის შემადგენლობა ჰყავდეთ. თუმცა ცვლილებები ასე მარტივად არ ხდება, თითოეულ დეტალს, მათ შორის იღბალსაც კი, მნიშვნელობა აქვს. ლუჩანო სპალეტის აშკარად ზედმეტი მოუვიდა, თუმცა ჯიუტობა არ დაუწყია, მეორე ტაიმის სტარტიდანვე ყველაფრის გამოსწორება სცადა, მაგრამ მაინც დაგვიანებული გამოდგა. ამას "ლეჩესთან" დაფიქსირებული შედეგი (1:1) მოწმობს.

ქართველი გულშემატკივრების ინტერესი და მოლოდინი გასაგებია, თუმცა, როცა ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში ვერ ვიხილეთ, ნეაპოლელთა "ფეისბუქგვერდი" ისევ "ავაფეთქეთ". მთავარმა მწვრთნელმა აშკარად ლიდერები დაასვენა და დაახლოებით მსგავსი რამ მომავალშიც
მოსალოდნელია, თუმცა ეს განგაშისა და უკმაყოფილების საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს, ისევე, როგორც ის, "კვარას" უკვე 2 მატჩია, რომ არ გაუტანია.

განგაშის კი არა, "ლეჩესთან" მატჩის ბოლოს მოსაგებად გაწეული "ნაპოლის" ქმედებებში უფრო მეტად ქაოსი და ნაკლებად ორგანიზებულობა რომ იყო, გამარჯვების გზა მხოლოდ ინდივიდუალურ ქმედებებში ჩანდა. მოწინააღმდეგეც კარგად ხედავდა, ყველაზე მეტად ეს ქართველ გარემარბს რომ შეეძლო. მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავთ, მან ვერ გაიტანა და გუნდმა ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა...

მწვრთნელი ხვიჩას ზედმეტ ინდივიდუალიზმს რომ საყვედურობს ხოლმე, შესაძლოა კი, ტექნიკური ფეხბურთელების პრობლემა ბურთის დაკარგვა იყოს, რადგან ყოველთვის წარმატებული დრიბლინგი ვერ გექნება, თუმცა ბოლო მატჩიც კარგად დავინახეთ - კვარაცხელია ყოველთვის გასცემს იმ პასებს, როცა თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაშია და მეორე, თუკი შეტევაში ბურთი დაკარგა, იქვე არ რჩება, ბურთის დაბრუნებასა და შესაბამისად, ახალი შეტევის დაწყებას ცდილობს, რაც რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გამოგივა.

შესაძლოა, დაცვით ფაზაში მარიო რუი უფრო საიმედო იყოს, თუმცა მატიას ოლივეირა აშკარად უკეთ უტევს და ხვიჩამაც მასთან კარგი კომბინირება მოახერხა. იყო ეპიზოდები, როცა ქართველი შემტევი მკვეთრად ფლანგისკენ წავიდა, მინდვრის კიდესთან რამდენიმე მცველის გარემოცვაში აღმოჩნდა და იმ პოზიციიდან პასის გაკეთება ვეღარ მოახერხა. მეტოქის ახალგაზრდა ფრანგი მცველი გენდრაი, რომელსაც "კვარასთან" ერთი-ერთზე არ ტოვებდნენ, მასთან წარმატებულ დუელს საკმაოდ ემოციურად აღნიშნავდა. ხვიჩამ მას მაინც ბევრი პრობლემა შეუქმნა და გაფრთილებაც "აჰკიდა".

კვარაცხელიას შესრულებით რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ვნახეთ, თუმცა დაგვირგვინებასთან ახლოს ყველაზე მეტად მაშინ იყო, როცა ორჯერ ბურთზე ოსიმენთან ერთად ახტა, თუმცა უკეთეს პოზიციაში მყოფს, ფორვარდმა დარტყმის უფლება არ დაუთმო. ნიგერიელს შეხვედრა აშკარად ჩაუვარდა, ქართველი ფეხბურთელის გარდა, მისი პასით მომარაგება უჭირდათ და ამის გამო უკმაყოფილო იყო. ერთხელაც გამოჩნდა, რომ გუნდურობა "ნაპოლის" "ცხრიანის" საუკეთესო მხარე არაა და გოლზე ორიენტირებულს, საკუთარ თავზე ზედმეტად თამაში სჩვევია.

როტაციის მიუხედავად, იგივე სურათი იყო -  "ნაპოლი" მარჯვენა ფლანგს მაინც უფრო ჩაჭიდებულია, ლოსანოს არყოფნაში პოლიტანო დაიტვირთა და თავიდან ის საკმაოდ აქტიურიც იყო. ბოლოს, როცა მატჩი მოსაგები იყო, დი ლორენცოს ჩაწოდებებს ვხედავდით, რომლებსაც წარმატებული ნაკლებად ეთქმოდა.

სპალეტიმ მეტი უნდა იმუშაოს ისეთ სქემებზე, სადაც კვარაცხელიას უფრო დიდი როლი ექნება და გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ხვიჩას შესაბამისი სივრცე და შესატევი სიტუაცია შეექმნას. ამას იმიტომ არ ვწერთ, რომ "კვარა" ქართველია, ეს თავად გუნდისთვისაა უკეთესი. გასაგებია, ნეაპოლური კლუბი ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრების მსგავსად ვერ ითამაშებს, როცა ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა მაქსიმალურად მოძებნა ის ტაქტიკა და გზა, კვარაცხელიას სისწრაფე ბევრს რომ წყვეტდეს. ჩვენებური არასდროს ჩაიკარგება და თამაშში სიმწვავის შეტანას მუდმივად ეცდება, თუმცა კიდევ უფრო მეტის რესურსი არსებობს. ახალი შემტევების გამოცდა იქნებ სწორედ წინა ხაზზე მეტი ორგანიზებულობის ძიებასა და მრავალფეროვნებას ემსახურებოდა. სპალეტი ჩვენზე უკეთ შეამჩნევდა, რომ ნახევარდაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა ზიელინკი-ლობოტკას შემოსვლის შემდეგ უფრო სწრაფი გახდა. 

ხვიჩამ "ლეჩესთან" თამაში კარგად გაამწვავა და გამარჯვებისთვის ყველაფერი სცადა. ის იტალიაში იმხელა ნაბიჯებით შეიჭრა, ყოველ შეხვედრაში კიდევ უფრო მეტის ნახვას ველით, მომდევნო გამომცდელები კი უფრო ძლიერია - ერთ კვირაში ჯერ "ლაციო" და შემდეგ  "ლივერპული"...

altსპალეტის წარუმატებელი ექსპერიმენტი, ხვიჩა შეცვლაზე და "ნაპოლის" დაკარგული ქულები [VIDEO]

altსპალეტი: ამიტომ მივეცი შანსი ელმასსა და სხვებს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ღვთისავარ კარგი , სწორი სტატიაა, მადლობა
კაპიტან გარდენბურგი
01:31 02-09-2022
0
ამ ეგრეთწოდებული კრიტიკოსების ვერაფერი გავიგე. კრიტიკა მესმის, როდესაც გინდა, რომ უკეთესად ითამაშოს. ბევრის (ყველას არ ვგულისხმობ) კომენტარებიდან გამოსჭვივის აგრესია, ცინიზმი, ბოროტება და ა.შ.ვეკითხები მათ არ გინდათ რომ ხვიჩამ მაღალ დონეზე ითამაშოს? თქვენი ბოდვით მას რომ არაფერი დააკლდება ამას ვერ ვხვდებით?
დავით 67
21:14 01-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული