სანდრო კობახიძე: თუ ხალხი მოვა, ფეხბურთელებსაც გამოგვივა ფრთები...

AutoSharing Option
თურქეთიდან უკრაინაში სათამაშოდ დაბრუნებულმა სანდრო კობახიძემ Sport Arena-ს ინტერვიუ მისცა. პოლტავის "ვორსკლას" ქართველმა ნახევარმცველმა კარიერის თურქულ ეტაპზე, უკრაინულ კლუბში დაბრუნების მიზეზებსა და თავის ამჟამინდელ ფორმაზე ელაპარაკა.

- ფორმას ახლაღა ვიბრუნებ, რადგან თითქმის თვენახევარი არ მივარჯიშია. ჯერჯერობით ორი ტაიმის ჩატარებისთვის მზად არ ვარ. ეს მწვრთნელებმა იციან. ერთბაშად 90 წუთი რომ ვითამაშო, ალბათ მაშინვე ტრავმას მივიღებ. სათასო მატჩი მცირე დაზიანების გამო გამოვტოვე, მაგრამ ახლა ისევ საერთო ჯგუფში ვარ.

- თურქულ "გიოზთეპეში" თავიდან ყველაფერი კარგად წაგივიდა, მაგრამ საკმარისად მაინც ვერ ითამაშე, ძირითადად სკამზე
იყავი... რატომ?

- "ვორკლადან" "გიოზთეპეში" დეკემბერში გადავედი. იმხანად მე შვებულებაში ვიყავი, თანაგუნდელები კი ფორმაში დამხვდნენ, რადგან თურქეთში პაუზა არ აქვთ. ისინი ტონუსში იყვნენ, მე კი ფორმაში შესვლა მჭირდებოდა. თუმცა, მწვრთნელი მენდობოდა და ნელ-ნელა დავიწყე კიდეც თამაში, საგოლე პასების გაკეთება. მაგრამ სწორედ მაშინ მწვრთნელი გაუშვეს. თურქეთში მწვრთნელებს არ ინდობენ - რამდენიმე თამაშს წააგებ, წადი! ახალ მწვრთნელზე ცუდს ვერ ვიტყვი, უბრალოდ, ის მე, როგორც ფეხბურთელს, არ მიცნობდა და შესაბამისად, ადგილობრივებს ენდობოდა. და როდესაც ყველაფერში გაერკვა, უკვე სეზონის ბოლო იყო...

- შენ გუნდს მინი-ტურნირის მოგებაში რამდენიმე საგოლე პასით დაეხმარე...
- ეს ყველაზე კარგი გასახსენებელია თურქეთში გატარებულ პერიოდში. პირველ და სუპერლიგას შორის როტაციის სისტემა თურქეთში ისეთი აქვთ, რომ ქვედა დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდის გარდა, კიდევ ოთხი გუნდი იბრძვის ელიტის მესამე საგზურისთვის. სწორედ ეს ბრძოლა მოიგო "გიოზთეპემ". ფინალური შეხვედრა "ექსიშეჰირსფორთან", რომელიც პენალტებით მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის მატჩივით დაძაბული გამოვიდა - სავსე სტადიონი, უშეღავათო ბრძოლა... მსგავსი ატმოსფერო მხოლოდ საქართველოს ნაკრების მატჩებსა და რამდენჯერმე უკრაინის ჩემპიონატში განმიცდია. "გიოზთეპე" სუპერლიგაში გადავიყვანეთ, ხარობდა ქალაქი, რადგან ამ დღეს 13 წელი ელოდა, შინ ხელში აყვანილი მივყავდით...

- ის იყო, მწვრთნელთან ურთიერთობა მოაწესრიგე, რომ კვლავაც შეიცვალა გუნდის თავკაცი...
- დიახ, იქ ასეა მიღებული. როდესაც გუნდი ზედა ლიგაში გადადის, ცვლიან მწვრთნელსაც და ნახევარ შემადგენლობასაც. "გიოზთეპეში" კი სულაც 10 კაცი მოიყვანეს. ჩემთან ერთად მგონი 3-4 ფეხბურთელი დარჩა... მივხვდი, რომ ახალ მწვრთნელს ახალ გუნდში ჩემთვის ადგილი არ ჰქონდა გათვალისწინებული და გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. კი, იზმირი მშვენიერი ქალაქია, პლაჟით და ყველაფრით, მაგრამ მე რა უნდა მექნა - კურორტზე დავრჩენილიყავი, დამესვენა? ფეხბურთი როდისღა მეთამაშა?

- ექსცესების გარეშე დაშორდით?
- დიახ, მივედი ხელმძღვანელობასთან, ვუამბე ყველაფერი და კონტრაქტი გავწყვიტეთ. ვნანობ იმას, რომ მოლაპარაკებებსა და გუნდის ძებნაში ივლისი-აგვისტო გამიცდა. ახლა "ვორსკლაში" ყველას უნდა დავეწიო. თანაგუნდელები ძალიან კარგად არიან მომზადებულნი, მე კი კონდიციების ამაღლება მჭირდება.

- თურქული ნახევარი წელი შენთვის კატორღა არ იყო?
- არა, რას ამბობთ! არც ველოდი, რომ თურქეთის პირველი ლიგა ამდენად ძლიერი იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, როცა იქ მივდიოდი, სხვანაირად წარმომედგინა. იქ თამაში უფრო ძნელია, ვიდრე უკრაინის პრემიერლიგაში - საკმაოდ ძალისმიერად თამაშობენ, იბრძვიან. პლუს - ბრწყინვალე საფეხბურთო ატმოსფერო, ძალიან ბევრი გულშემატკივარია პირველ ლიგაშიც კი. შესაბამისად, მივიღე კარგი გამოცდილება და დამრჩა სასიამოვნო მოგონებები ...

- უკრაინაში როგორ დაბრუნდი?
- "ვორსკლასთან" ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. როდესაც თურქეთში ვთამაშობდი, ვეხმიანებოდი ბიჭებს, ხელმძღვანელობას. როდესაც გაირკვა, რომ "გიოზთეპედან" მოვდიოდი, პარტნიორებმა თავისთან მიმიწვიეს: "წამოდი ჩვენთან, დაგვეხმარები". ასეთი ვარიანტი "ვორსკლას" მწვრთნელებმაც შემომთავაზეს. ვიცი, რომ კლუბში უწინ ფინანსური პრობლემები იყო, მაგრამ მსგავსი რამ უკრაინის პრემიერლიგის ყველა კლუბს აწუხებს... გადავწყვიტე დაბრუნება, ფორმის აღდგენა და გუნდისთვის დახმარება. პოლტავაში წლის ბოლომდე ვიქნები, მერე კი გადავწყვიტავთ.

- "ვორსკლაში" დაბრუნების მთავარი მიზეზი ფეხბურთელებთან ნაცნობობა და მწვრთნელებთან კარგი ურთიერთობა იყო?
- ნამდვილად. გუნდში სურდათ, რომ დავბრუნებულიყავი და ამიტომ, ყველაფერი მარტივად გადაწყდა.

- უწინ "ვორსკლაში" ორივე ფლანგზე და თავდამსხმელის უკანაც კი გათამაშებდნენ, ზოგჯერ კი სულაც ფორვარდის პოზიციაზე. ახლა სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?
- მნიშვნელობა აღარ აქვს ჩემთვის - მარჯვნივ ვთამაშობ თუ მარცხნივ. მარჯვენა ფეხი დავხვეწე და ამიტომ, ორივე ფლანგზე კომფორტულად ვარ.

- "ვორსკლამ" ჩემპიონატი მძლავრად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მცირე ჩავარდნა ჰქონდა. ჩემიონატში კონკრეტული მიზნები დაგისახეს?
- შეკრება გამოვტოვე, სადაც ამის შესახებ იყო კიდეც საუბარი, მაგრამ ვიცი, რომ პოლტავაში ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავენ. თუმცა, იმასაც ხვდებიან, რომ ჩემპიონობაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენი ამოცანა - მაქსიმალურად ბევრი მოგებაა, "ვორსკლას" კოზირები კი ათლეტური ფეხბურთი და გუნდურად მუშაობაა.

- დაბრუნების შემდეგ უკრაინული ფეხბურთში რაიმე ცვლილებებს ამჩნევ?
- თუკი ჩემპიონატის ანტურაჟზე ვილაპარაკებთ, ამ მხრივ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. საფეხბურთ ატმოსფერო კვლავაც უკეთესის სურვილს ტოვებს. ჯერჯერობით კვლავაც ნაკლებად აინტერესებს ხალხს უკრაინული ფეხბურთი. მათ დღეს უამრავი პრობლემა აქვთ, პლუს ქვეყანაში ომია. ტელევიზია და ჟურნალისტები თავიანთ საქმეს აკეთებენ. იღებთ, წერთ, ცდილობთ რაღაცის შეცვლას, უკეთესად წარმოგვაჩენთ, მაგრამ ჯერჯერობით ამის შედეგი სტადიონებზე არ ჩანს. თუკი უფრო მეტი ადამიანი მოვა, ფეხბურთელებსაც გამოგვივა ფრთები...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული