გიორგი კუხიანიძე: მოდით და არ ინანებთ!

AutoSharing Option
24 სექტემბერს ქუთაისში დიდი ჯახია - ეროვნულ ლიგაში ყველაზე დიდი და პრინციპული მეტოქეები, "ტორპედო" და თბილისის "დინამო" ერთმანეთს "რამაზ შენგელიაზე" დაუპირისპირდებიან. 20:30 საათზე, პირველი არხი ამ მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას შემოგთავაზებთ.

გუნდები ერთმანეთს 66-ედ შეხვდებიან: თბილისელებმა 34-ჯერ მოიგეს, ხოლო ქუთაისელებმა - 15-ჯერ. მაგრამ როცა გუნდები მოედანზე გადიან, სტატისტიკა აღარავის ახსოვს, რადგან "ტორპედო"-"დინამო" დიდი ჯახია და შედეგს წინასწარ ვერავინ განჭვრეტს.

ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კუხიანიძე მომავალ დაპირისპირებასა და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებზე გველაპარაკა.

- ამ თამაშს ყოველთვის დიდი მოლოდინი უკავშირდება. ასეა
ახლაც, რასაც სატურნირო მდგომარეობაც უწყობს ხელს...

- გუნდში დიდი მოლოდინია და გეთანხმებით, ეს შეხვედრა ჩვეულებრივ კატეგორიაში ვერ გავა. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი შედეგი საჩემპიონო ბრძოლაზე გავლენას მოახდენს. ჩვენ რომ მოვიგოთ, სხვაობა 3 ქულამდე შემცირდება. ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე ეს პატარა ჩამორჩენაა და პირველობისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩვენც გვინდა, რომ ქუთაისელი გულშემატკივარი გავახაროთ, რომელიც წლებია, ამ ტიტულის მოპოვებას ელოდება.

- თამაშისთვის როგორ ემზადებით?
- ჩვეულებრივად... (იცინის) ახლა მეც ტრაფარეტული ფრაზით დავიწყე, მაგრამ რეალურად ასე არაა. ჩვენ "დინამოსთვის" ჩვეულებრივად არასოდეს ვემზადებით. შინაგანად, ყველა ფეხბურთელი იმის მოლოდინშია, რომ პრინციპულ მეტოქესთან გამორჩეული თამაში ჩაატაროს, გავიმარჯვოთ და მაყურებელი გავახაროთ.

წლეულს "დინამო" კარგი გუნდია და ეს დამატებითი სტიმულია. მართალია, ბოლო სამი შეხვედრაა, გუნდს ჩავარდნა აქვს, მაგრამ ქართული კლასიკო ისეთი თამაშია, სადაც ორივე გუნდის მაქსიმუმს აკეთებს და წინა თამაშებს ყურადღებას არ ვაქცევთ. "დინამო" ამ ჩავარდნის გამოსწორებას ჩვენთან შეეცდება, ჩვენ კი გვინდა, რომ ხალხმა ნახოს - ბათუმის "დინამოსთან" 5:0 მოგება შემთხვევითი არ იყო.

- შანსებზე რას გვეტყვით? წლეულს თქვენ შორის ორივე შეხვედრა "დინამომ" დამაჯერებლად მოიგო...
- ასეა, ორივე თამაშში გვაჯობეს. მაგრამ ჩემპიონობა თუ გვინდა, ეს მატჩი უნდა მოვიგოთ. მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ თანაბარი დონის გუნდები ვართ, შანსებს კი 50/50-ზე ვაფასებ - ოღონდ, ალალად. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს საჩემპიონო ბრძოლაში რეალურად ჩართვის შანსია. ამიტომ მოიგებს ის, ვინც მეტად მოინდომებს, თავს მოიკლავს და იღბლიანიც იქნება - პრინციპულ შეხვედრაში ესეც გასათვალისწინებელია.

- "დინამოსთან" დაპირისპირება ყველა ქუთაისელს სისხლში აქვს. ეს ტრადიცია ბავშვობიდან მოდის?
- რა თქმა უნდა. მე არ ვიცი, 1964 წელს რა მოხდა და რამდენად რეალურია მასთან დაკავშირებული ისტორიები. მაგრამ ის ვიცი, რომ ფეხბურთელებს პატარაობიდანვე, თაობებიდან თაობებამდე ანდერძივით გადმოგვეცემა, რომ "ტორპედოსთვის" "დინამო" ყველაზე პრინციპული მეტოქე იყო, არის და იქნება.

მაგრამ ეს სპორტული დაპირისპირებაა და მეტი არაფერი. ჩვენ ამას გვეუბნებოდნენ იმისთვის, რომ ძლიერები თავად ვყოფილიყავით. თორემ "დინამოში" და თბილისში უამრავი მეგობარი და ნათესავი მყავს და სისულელეა იმის თქმა, რომ თბილისელებს ვერ ვიტანთ. ყველა ჩემპიონატში არის მსგავსი თამაშები, "ტორპედო"-"დინამოს" დაპირისპირებები კი საქართველოში, წლების განმავლობაში მაყურებელს ჩემპიონატის მიმართ ინტერესს უნარჩუნებდა - ეს ძალიან კარგია და ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს.

ჩვენი მატჩი ყველაზე დიდი სანახაობაა, სადაც ფეხბურთელებს ერთმანეთის პატივისცემა არასოდეს გვავიწყდება.

- გაივსება სტადიონი?
- პირველი წრის შეხვედრაზე სტადიონი ლამის გაივსო. არადა, თამაში, თუ არ მეშლება, 5 საათზე საიწყო. ახლა საღამოს, განათებაზე დაგეგმეს და ამ დღეებში, მატჩის გარშემო ქუთაისში ისეთი აჟიოტაჟია, მგონია, რომ ძალიან ბევრი მაყურებელი მოვა. გულშემატკივრებს მივმართავთ - მოდით და არ ინანებთ! ჩვენ თქვენი იმედების გამართლებას შევეცდებით. იმ "ტორპედოს" იხილავთ, რომლის ხილვაც ყოველთვის გსურდათ და გსურთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რატომ არაა რეპორტაჟი?
სოსო
20:42 24-09-2017
0
მიდი ტორპედო!!! უნდა მოვიგოტ დგეს!!! რა ისტორიებზეა საუბარი 1964 ან 24 ნოემბრის ვინმე ამიხსნის?
maxo
14:03 24-09-2017
1

სიახლეები პოპულარული