ლევან გეგეჭკორი: ამით ვლადიმირ ვაისმა დიდი სტიმული მომცა

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების უახლოესი მატჩებისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ლიგიდან შვიდი ფეხბურთელი დაასახელა და მათ შორის იყო ლევან გეგეჭკორიც. შესაძლოა, ბევრს არ ახსოვს, რომ 23 წლის ფეხბურთელს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, გია ცეცაძის 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო და გია გეგუჩაძეც ახალგაზრდულ ნაკრებში სისტემატურად ათამაშებდა.

მარტვილის "მერანის" აღზრდილს მარჯვენა ფლანგზე დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც. მართალია, თბილისის "დინამოს" უნივერსალი ამჯერად შეკრებაზე არ იქნება, მაგრამ მისთვის გაფართოებულ სიაში ყოფნაც სასიხარულო აღმოჩნდა.

"ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და, რა
თქმა უნდა, გამონაკლისი არც მე ვარ. მართალია, საბოლოო სიაში არ შემიყვანეს, მაგრამ ჩემთვის იმის გაგებაც სასიამოვნო იყო, რომ ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში მოვხვდი. ამით ვაისმა დიდი სტიმული მომცა", - ამბობს გეგეჭკორი.

ცხადია, ეს ამბავი სასიხარულოა, მაგრამ ბოლო წლებში ეროვნული ლიგიდან საქართველოს ნაკრებში ადგილის დამკვიდრება მოთამაშეებს ძალიან უჭირთ. ეს გეგეჭკორსაც ესმის:

"ეს ფაქტორი არსებობს, ლეგიონერები უკეთეს კლუბებსა და ლიგებში თამაშობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს ნაკრებში მოხვედრისა და თამაშის იმედი გადაგვეწუროს. პირიქით, ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ, გინდა - საქართველოში ვთამაშობდეთ და გინდაც - სხვა ქვეყნების ჩემპიონატებში".

თბილისის "დინამოში" გადასული გეგეჭკორი გუნდს იოლად შეეწყო:

"გუნდში კარგად მიმიღეს, მწვრთნელი მენდო, პარტნიორებსაც იოლად გავუგე და მიხარია, ასეთ კლუბში რომ მოვხვდი. ცხადია, ნაკრების ხელმძღვანელთა დაინტერესებაში ამანაც ითამაშა თავისი როლი. "დინამოში" თამაშმა მეც უფრო თავდაჯერებული გამხადა. თუმცა ეს არ უნდა იყოს გადამეტებული თავდაჯერებულობა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარჯვენა ფლანგზე დაცვაშიც შეუძლია თამაში და ნახევარდაცვაშიც. მართალია, თბილისის "დინამოს" უნივერსალი ნაკრებსაც მაგრად წაადგებოდა,უგუნდოს და უთამაშებელს ნაკრებში არ უნდა იძახებდნენ
ogafa
20:05 25-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული