კოლხეთი-ლოკომოტივი 1:2 - გავაშელიშვილი გოლით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოთის "კოლხეთისთვის" ეროვნულ ლიგაში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გელა სანაიას გუნდისთვის თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

"ლოკომოტივს" განსხვავებული ამოცანა აქვს და ევროპის ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. მაგრამ თამაშს არა გუნდის მიზანი, არამედ, მოთამაშეთა კლასი წყვეტს, რაც თბილისელებს მეტი აღმოაჩნდათ - პირველ ტაიმში გიორგი დევდარიანის გუნდს ბურთის ფლობაში დიდ უპირატესობას ჰქონდა. მაგრამ ეპიზოდურად ფოთელებიც სახიფათოდ უტევდნენ და მეტი ფხა რომ გამოეჩინათ, ქულას მოიპოვებდნენ.

მაგრამ სტუმართა მოგება უფრო ლოგიკური ჩანდა, რადგან დევდარიანის გაწვრთნილებმა მეტი რეალური სახიფათო მომენტიც შექმნეს ასე მაგალითად, მე-12
წუთზე ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ირაკლი სიხარულიძეს ჰქონდა, რომელსაც რევაზ ჩიტეიშვილმა კარის წინ უპასა, მაგრამ კოლხების მეკარე კოკა სეფიაშვილი გადაეღობა და თავისიანები გოლისგან იხსნა.

იგივე მოხდა ხუთ წუთში, როდესაც ნოდარ ქავთარაძე საჯარიმოში ორ მცველს გასცდა და სახიფათოდ დაარტყა - მეკარემ ისევ საიმედოდ ითამაშა.

ძალიან სახიფათო იყო მე-19 წუთზე დავით უბილავას შეტევა, რომლის შემდეგაც ბურთი ძელს მოხვდა.
თუმცა, მომწიფებული გოლი მაინც გავიდა: კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში გიორგი რეხვიაშვილმა გააგზავნა, რომელიც ხაზზე მდგომმა ოტიენო ოუმამ გამოიტანა, მაგრამ სიხარულიძემ დამატებაზე მიმდინარე სეზონში მე-18 გოლი გაიტანა 0:1.

ამ ყველაფრის შემდეგ "ლოკომოტივი" მოეშვა, ფოთელებმა კი იშვიათი კონტრშეტევა მშვენიერი გოლით დაასრულეს: მარცხენა ფლანგიდან სანდრო ბახიამ ბურთი მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა - ალეკსანდრ დერებჩინსკიმ "მეორე სართულზე" მცველს აჯობა და ლამაზი თავურით წონასწორობა აღადგინა 1:1.

სტუმრები ისევე გამოცოცხლდნენ და შეუტიეს. მაგრამ არაზუსტი გამოდგა ვატო არველაძის დარტყა, მეორედ კი თბილისელთა თავდამსხმელმა ძელი შეარზანზარა.

მეორე ტაიმიც სტუმართა შეტევებით დაიწყო - რეხვიაშვილის შესრულებული ჯარიმა სეფიაშვილმა დაამიწა. მაგრამ ვერაფერი მოუხერხა მამია გავაშელიშვილის დარტყმას, რომელმაც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მოედანს ამ შეხვედრაში დაუბრუნდა და ბურთთან პირველივე შეტევა გოლით დაასრულა 1:2.

კოლხებს ანგარიშის გათანაბრება კიდევ შეეძლოთ, მაგრამ კუთხურის გათამაშების შემდეგ კარის წინ მყოფმა დერებჩისკიმ ცუდად დაარტყა და თბილისელები გადარჩნენ.

სახიფათო გამოდგა 67-ე წუთზე გიორგი გოროზიას გასროლა. მას მალე კიდევ ჰქონდა საგოლე შანსი, მაგრამ იმატავა, დარტყმის დრო დაკარგა და ვითარებაც განიმუხტა.

ფოთელები ბოლო წუთებზე ქულის გადარჩენას შეეცადნენ და დაცვა მოაშიშვლეს. ამ დროს, მეკარესთან დასარტყმელ პოზიცაზე გავაშელიშვილი დარჩა, მაგრამ დუბლის შესრულების შანსი ხელიდან გაუშვა.

ამგვარად, "ლოკომოტივმა" შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე დაწინაურდა. კოლხები კი ისევ 19 ქულის ამარა დარჩნენ და ისევ პლეი აუტის ზონაში რჩებიან.

ეროვნული ლიგა. XXIII ტური
20.08. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
კოლხეთი-ლოკომოტივი 1:2
გოლები: 0:1 სიხარულიძე (20), 1:1 დერებჩინსკი (39), 1:2 გავაშელიშვილი (50)
კოლხეთი: სეფიაშვილი - გ. კილასონია, გოგონაია, ვ. კილასონია, ერიკ ოტიენო - კერძევაძე, ნონდი - ბახია (78. ბუხაიძე), ბოლქვაძე (68. ჯანელიძე), კაკულია (46. ჟიშკარიანი) - დერებჩინსკი
სათადარიგოები: შერმადინი, ბროვკო, მაჩარია, შალიკაშვილი
მწვრთნელი: გელა სანაია
ლოკომოტივი: რ. თევდორაძე - ჩიტეიშვილი, კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა - ქავთარაძე, სამურკასოვი, დიასამიძე (76. ჭანტურია), კიკაბიძე (46. გავაშელიშვილი) - არველაძე (58."გოროზია), სიხარულიძე.
სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, გვალია, ღონღაძე, ლ. ქურდაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: ოტიენო (69), ჩიტეიშვილი (88)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

მომდევნო ტური
25 აგვისტო, პარასკევი
ჩიხურა-საბურთალო 17:30
შუქრა-ლოკომოტივი 20:00

26 აგვისტო, შაბათი
სამტრედია-ტორპედო 17:30
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 20:00

27 აგვისტო, კვირა
დილა-კოლხეთი 20:30

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 18
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული