დავით ვოლკოვი: ამ კომბინაციებს ერთი კვირა ვამუშავებდით!

AutoSharing Option
"საბურთალო"-"ლოკომოტივის" მატჩის სენსაციურ ანგარიშზე (6:0) გულშემატკივარმა "რკინიგზელებს" ასეთი კომენტარი დაუწერა: "რა უცნაური გუნდი ხართ?! "დინამოს" ორი თამაში მოუგეთ და "შუქურასთან" და "საბურთალოსთან" განადგურდით, ეს გუნდები კი "დინამოსთან" ნადგურდებიან"...

"უცნაური გუნდი" მარტო "ლოკომოტივი" არ არის - "საბურთალოსაც" ბევრი მოულოდნელი ქულა დაუკარგავს. ეს ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქობულეთის "შუქურამ" მოუგო. მაგრამ ზოგჯერ ისეთ თამაშებს ატარებს, ყველას გაოცებულს ტოვებს...

"ლოკომოტივთან" საბურთალოელები ყოველთვის გამორჩეულად მოტივირებულები არიან. ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორია პირველი ლიგიდან იწყება და მათ შორის ერთი უინტერესო თამაშიც არ ჩატარებულა. მატჩები ფრედ იშვიათად მთავრდებოდა,
მაგრამ, რომელსაც არ უნდა მოეგო, დაპირისპირების სცენარი ყოველთვის საინტერესო იყო...

მაგრამ ის, რაც 6 აგვისტოს "დავით პეტრიაშვილი არენაზე" მოხდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო.

- საბურთალო-ლოკომოტივი 6:0 - ტორნადო [VIDEO]

"საბურთალოს" მოგებაში დიდი წვლილი დავით ვოლკოვმა შეიტანა, რომელმაც ახალ გუნდში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

"საბურთალოს" 22 წლის ახალწვეული უდავოდ ტურის გმირია. "ლელომ" ვოლკოვს ინტერვიუ ჩამოართვა. როგორც აღმოჩნდა, იყო ალბათობა, რომ სერბული "ზემუნიდან" საქართველოში დაბრუნებული თავდამსხმელი თბილისურ გუნდში არ ჩარიცხულიყო და კვირის ამ მატჩით კარიერა ვერ დაემშვენებინა...

- დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ ჰეთ-თრიკი ფსიქოლოგიურად ძალიან დაგეხმარებოდათ...
- რა თქმა უნდა. სერბეთში მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, დავშავდი და მერე დიდი დრო გამიცდა. ჯერ იყო ოპერაცია, მერე რეაბლიტაცია და 4 თვე უთამაშებელი ვიყავი. კი ვვარჯიშობდი, მაგრამ ფორმაში რომ შევედი, "ზემუნიც" ათამაშდა და მოედანზე გასვლა აღარ მიწევდა. ამის შემდეგ მხოლოდ ორჯერ ვითამაშე - ჯერ ფოთის "კოლხეთთან", ხოლო შემდეგ - "ლოკომოტივთან" და ასეთი შედეგიანი თამაში ძალიან გამიხარდა.

- გოლები აქამდეც გაგიტანიათ, მაგრამ ჰეთ-თრიკი კარიერაში პირველად შეასრულეთ...
- "ზემუნში" ერთხელ ვითამაშე და ერთი გავიტანე, საჩხერის "ჩიხურაში" - ოთხჯერ, ხოლო ბოლნისის "სიონში" - ექვსჯერ. ჰეთ-თრიკი კი არა, დუბლიც ორჯერ შევასრულე და ორჯერვე - გასვლაზე, როცა "ჩიხურაში" ვთამაშობდი, "ტორპედოს" გავუტანე. მერე კი "სიონში" წავედი და "ზუგდიდის" კარი ავიღე ორჯერ. ჩემთვის ასეთ დროს ჰეთ-თრიკი და, თანაც - ახალ გუნდში, ძალიან ბევრს ნიშნავდა.

- "საბურთალოს" გარდა, სხვა არჩევანიც გქონდათ. ეს გუნდი რატომ ამჯობინეთ?
- კარგად ვიცოდი, სადაც მივდიოდი, რადგან გია ჭიაბრიშვილთან მსურდა თამაში. მისი ადრინდელი გუნდებიც მახსოვს და "საბურთალოს" ფეხბურთიც მომწონდა.

სხვათა შორის, მანამდე გორის "დილაში" ვიყავი ორი კვირა და ვარჯიშის დაწყების მეორე დღესვე კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს, მაგრამ ხელის მოწერას არ ვჩქარობდი და "საბურთალოში" თამაშის ვარიანტი რომ გამომიჩნდა, დაუფიქრებლად წამოვედი.

- ერთია, რომ მოგწონდათ, მაგრამ ახალ გუნდთან შეთამაშება მაინც ძნელია. არადა, "ლოკომოტივთან" ისე ითამაშეთ, თითქოს, წლებია, "საბურთალოს" ფეხბურთელი იყოთ...
- რომ იცოდეთ, ჩემი კარგი თამაშიც და "ლოკომოტივთან" მოგებაც მთლიანად გია ჭიაბრიშვილის დამსახურებაა. ამ შეხვედრისთვის მზადება ერთი კვირით ადრე დავიწყეთ და კომბინაციებს მეტოქის სისუსტეების გათვალისწინებით ვამუშავებდით. ორი გოლი მცველთა შეცდომას მოჰყვა. დანარჩენი ოთხი კი წინასწარ დამუშავებული კომბინაციების შედეგად გავიდა.

სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა, "ლოკომოტივთან" პირველი ტაიმის შემდეგ 5:0-ს რომ ვიგებდით და გასახდელში გასულს კიდევ მეშინოდა, რომ "ლოკომოტივი" მეორე ტაიმში თამაშს შემოატრიალებდა... უმაღლეს ლიგაში რაც მითამაშია, არ მახსენდება, პირველი ტაიმის შემდეგ ასეთი უპირატესობით რომელიმე გუნდი დაწინაურებულიყო და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ცხადში ხდებოდა...

ახლა მთავარია, "საბურთალომ" ეს თამაში "დაიჭიროს" და შეინარჩუნოს...

- ...მაგრამ ასეთი თამაში და მოგება ყოველ ტურში შეუძლებელია...
- რა თქმა უნდა, ეს ჩვენც გვესმის... აქ ძალიან ბრძოლისუნარიანი, შრომისმოყვარე და ტექნიკური ბიჭები არიან, ბევრს მოძრაობენ... ისიც მნიშვნელოვანია, უმრავლესობა ბავშვობიდან ერთად რომ მოდის და შეთამაშებულები არიან.

- "საბურთალო" უცნაური გუნდია: ლამის ყველა მეტოქესთან ახერხებს მოგებას, მაგრამ არასტაბილურია...
- იმიტომ, რომ ახალგაზრდული შემადგენლობაა. არადა, პოტენციალი საკმაოდ დიდია. სამეულის გუნდების დაწევაც არ არის გამორიცხული.

- "საბურთალოში" ზაფხულის შესვენებისას ჩაირიცხეთ, მაგრამ თავიდანვე რატომ არ თამაშობდით?
- ცოტა უცნაური ამბავი იყო. სერბეთიდან წამოვედი და სატრანსფერო ფურცელს ველოდებოდი, მაგრამ "საბურთალოში" მისული გათავისუფლებას ვერ ვეღირსე. მეგონა, უგუნდოდ ვრჩებოდი და წასვლა მაინც არ მინდოდა, რადგან ასე კომფორტულად თავი არსად და არასოდეს მიგრძვნია... მაგრამ ბოლო მომენტში კახა კაშიამ ტრანსფერის დარეგისტრირება მაინც მოახერხა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ალბათ მოგიხდებათ ხვალ გორში საღამოს ვაღჯიში დილასთან, თუგინდ "გასეირნება გორში" ასე დავასათაუროთ. :(( P.S. როგორ მწყინს დილას ასეთ (ფარჩაკს) რო უყურებ გული მიკვდება:(((
opaaaa
08:57 09-08-2017
0
პაბლიტო, რავა წამყვანივით ამბობ ,,ლოკო" ლოკო კი არა ლოკომოტივი, თვარა მაშინ საბურთალო ,,საბუა" დინამო
დათო
16:25 08-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული