საბურთალო-ლოკომოტივი 6:0 - ტორნადო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეს იმ თამაშების კატეგორიიდან იყო, რომლის შედეგსაც წინასწარ ვერავინ გამოიცნობდა, რომელშიც ერთმა გუნდმა აჩვენა ყველაფერი, რაც შეეძლო, ხოლო მეორემ - საერთოდ ვერაფერი.

არადა, ერთი შეხედვით, თბილისის "ლოკომოტივი" შეხვედრას მშვენიერი განწყობით ხვდებოდა, რადგან თბილისის "დინამოს" დამარცხების შემდეგ გუნდი თავდაჯერებული უნდა ყოფილიყო და სამეულთან ჩამორჩენის შემცირების შანსიც ჰქონდა. პრობლემა ის იყო, რომ გიორგი დევდარიანის გუნდს დისკვალიფიცირებული ირაკლი კომახიძე და დავით სამურკასოვი ვერ ეხმარებოდნენ, მაგრამ იყო მოულოდნელი სიახლეც - დაცვაში არ იყო გიორგი რეხვიაშვილი, რომელიც სათადარიგოებში დარჩა...

ძნელი სათქმელია, ამის ბრალი იყო თუ
სხვა რამის, მაგრამ ფაქტია - სტუმრებმა დაცვაში მეტისმეტად სუსტად ითამაშეს. ცხადია, ეს, უპირველესად, მაინც "საბურთალოს" დამსახურება იყო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მატჩი აგრესიული პრესინგით, უსწრაფეს ტემპში დაიწყო და საწყის 20 წუთში 3:0 დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლოს ტაბლოზე უკვე 5:0 ენთო და რეალურად მეორე ტაიმმა აზრი დაკარგა.

აღსანიშნავია დავით ვოლკოვის თამაში - ამ ნიჭიერ ბიჭს ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა, მაგრამ "საბურთალოში" ჩატარებულ მეორე შეხვედრაში აჩვენა, თუ რისთვის აიყვანეს გუნდში. სხვათა შორის, არა მხოლოდ ჰეთ-თრიკით გამოიჩინა თავი, საგოლე გადაცემაც გააკეთა, არაერთხელ კარგადაც გაიხსნა და მეტოქის კართან მუდმივად ხიფათის შექმნაზე იყო ორიენტირებული.

მისმა გამოჩენამ აჩვენა, რომ "საბურთალომ" ის მოთამაშე შეიძინა, რომელიც მას გურამ გოშთელიანის ტრავმის შემდეგ ჰაერივით სჭირდებოდა და ამან გუნდში სხვებიც უკეთ აათამაშა. ვოლკოვმა იცის ის, რაც თავდამსხმელს სჭირდება - გახსნა და მისი ამ თვისებების დამსახურებაა, რომ ლაშა შინდაგორიძის საჭიროება გამოაჩინა. ეს უკანასკნელი ხაზგადასასმელი მოთამაშე ნამდვილად არ არის და ფლანგზე ძალიანაც სასარგებლოა, თუკი ცენტრალური თავდამსხმელი ხელს შეუწყობს. ამჯერად, მისი მონაგარი დუბლი და საგოლე გადაცემა იყო.

გიორგი ხარაიშვილზე რა ვთქვათ? მისგან კარგი თამაში აღარ გვიკვირს, ამჯერად კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მართალია, გოლებით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ თორნიკე თარხნიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ "საბურთალომ" მოედნის ცენტრში მეტოქეს პირწმინდად აჯობა.

ერთი სიტყვით, ჭიაბრიშვილის გუნდმა დამსახურებულად მოიგო და აგვისტოს დახუთულ საღამოს მეტოქეს ისეთი საფეხბურთო ტორნადო მოუწყო, "ლოკომოტივმა" წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ისე ჩანდა, რომ დევდარიანის სამწყსო ასეთ სწრაფ და შემტევ ფეხბურთს არ ელოდა. "საბურთალომ" ის ფეხბურთი აჩვენა, რომელსაც ჭიაბრიშვილის "ზესტაფონი" თამაშობდა, ფეხბურთი, რის გამოც მაყურებელი სტადიონზე დადის - ლაღი, ლამაზი და რაც მთავარია - სწრაფი, რაც ჩვენს მოედნებზე ძალიან, ძალიან იშვიათია...

მატჩის სტენოგრამა
5' - თორნიკე თარხნიშვილმა კარში დარტყმა ორჯერ სცადა: პირველად მცველი გადაეღობა, მეორედ კი უზუსტოდ გამოუვიდა.
9' - გოლი! შინდაგორიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ვოლკოვი კარის წინ გაიხსნა და თავით ანგარიში გახსნა - 1:0.
10' - ისევ "საბურთალოს" შეტევა - შინდაგორიძის უძლიერეს დარტყმას თევდორაძე იგერიებს.
15' - გოლი! ხარაიშვილმა მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ რჩება ვოლკოვი და "საბურთალოს" ახალწვეული დუბლს ასრულებს - 2:0.
20' - გოლი! ხარაიშვილმა საჯარიმოსთან ბურთი გიორგი კოხრეიძეს გაუთამაშა და კარში ძლიერად და რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა - 3:0.
26' - ვოლკოვი პირისპირ დარჩა მეკარესთან და ლაინსმენმა შეცდომით დაუფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა.
28' - "ლოკომოტივის" პირველი სახიფათო მომენტი - მაგრამ დავით უბილავას სახიფათო ჩაწოდებისას სიხარულიძე თამაშგარეში აღმოჩნდა.
30' - გოლი! გიორგი ხიდეშელს ბურთი აეჭრა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვოლკოვმა ჰეთ-თრიკი მიითვალა - 4:0.
39' - გოლი! თარხნიშვილის გადაცემას შინდაგორიძის ზუსტი თავური მოჰყვა - 5:0! დაცვის ცენტრი ისევ ჩავარდა.
45' - ხარაიშვილი ორ მცველს გასცდა და შორიდან დარტყმის შემდეგ ბურთი კარს სანტიმეტრებში ააცილა.
50' - კოხრეიძის გადაცემით ვოლკოვს "პოკერის" შესრულება შეეძლო, მაგრამ სუსტად დაარტყა და თევდორაძემ გუნდი გადაარჩინა.
54' - გოლი! თარხნიშვილის გადაცემის მოგერიებისას დავით უგულავა შეცდა, ვოლკოვმა ბურთი აართვა და კარის წინ შინდაგორიძეს საგოლედ უპასა - 6:0!
57' - არველაძე საჯარიმოში ლაკვეხელიანმა მოცელა, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა - არადა, წესის დარღვევა აშკარად ჩანდა.
74' - ალბათ, არველაძე იყო ის იშვიათი ლოკომოტიველი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა. მან კარში შორიდან კიდევ ერთხელ დაარტყა, მაგრამ - უშედეგოდ.
75' - ისევ არველაძემ შეუტია, ორი მცველი ჩამოიშორა და დაარტყა, მაგრამ მეკარე ლაზარე კუპატაძემ საიმედოდ ითამაშა.
81' - "ლოკომოტივის" შეტევებს ჯერ გეგა დიასამიძე აგვირგვინებდა, მაგრამ კუპატაძემ ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი ხიდეშელმა ააცილა.

ეროვნული ლიგა. XXI ტური
06.08. თბილისი. "დავით პეტრიაშვილი"
საბურთალო-ლოკომოტივი 6:0
გოლები: 1:0 ვოლკოვი (9. შინდაგორიძის პასით), 2:0 ვოლკოვი (15. ხარაიშვილის პასით), 3:0 ხარაიშვილი (20), 4:0 ვოლკოვი (29), 5:0 შინდაგორიძე (39. თარნიშვილის პასით), 6:0 შინდაგორიძე (54. ვოლკოვის პასით)
საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი (77. ნადარაია) - მამუჩაშვილი, თარხნიშვილი - შინდაგორიძე, ხარაიშვილი (66. ჩაბრაძე), კოხრეიძე - ვოლკოვი (56. მუიეცი).
სათადარიგოები: გოშაძე, თედორე გრიგალაშვილი, ბიძინაშვილი, იმნაძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - ჩიტეიშვილი, ანდრონიკაშვილი (57. მ. კობახიძე), ხიდეშელი, უბილავა - გვალია, ჭანტურია, გოროზია (46. ნ. ქავთარაძე) - არველაძე, სიხარულიძე, კიკნაძე (32. დიასამიძე).
სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, კიკაბიძე, ლ. ქურდაძე, რეხვიაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო (თბ) 21 16 1 4 54-15 49
2. ტორპედო 21 13 5 3 31-14 44
3. სამტრედია 21 13 3 5 33-21 42
4. ლოკომოტივი 21 9 3 9 35-29 30
5. ჩიხურა 21 9 3 9 28-33 30
6. საბურთალო 21 9 2 10 29-27 29
7. დინამო (ბთ) 21 7 2 12 17-26 23
8. დილა 21 5 7 9 24-31 22
9. კოლხეთი 21 4 7 10 18-35 19
10. შუქურა 21 1 5 15 16-56 8

მომდევნო ტური
10 აგვისტო, ხუთშაბათი
დილა-საბურთალო 20:30

11 აგვისტო, პარასკევი
ლოკომოტივი-ტორპედო 18:00

12 აგვისტო, შაბათი
სამტრედია-დინამო (თბ) 18:00

13 აგვისტო, კვირა
ჩიხურა-დინამო (ბთ) 18:00
შუქურა-კოლხეთი 20:00

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აქ რო ასეთი მაგრები ხართ "იქ" რა გემართებათ?!........ :)
0
გუშინდელ ტამაშს ვუკურე და გული მეტკინა ლოკომოტივის ტამაშზე და ბავსურ სეცდომებზე მარტო არველადზე იბრდოდა ტამასობდა ისეტი შტაბეჯდილება დამრჩა ლოკოს ბევრი ფეხბურტელი კარგ კაიფში იკო და ისე ტამაშობდა
ramazi
16:58 07-08-2017
0

სიახლეები პოპულარული