ევრო 2016. დარჩა 21 დღე: რია, რია, ჰუნგარია!

AutoSharing Option
უეფა-მ დაამტკიცა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საფეხბურთო გუნდების დევიზები, რომლებიც შეჯიბრების მსვლელობისას მათ ავტობუსებს დაეწერება. ბევრი სიღრმისეულია, ბევრიც სახალისო. მთავარი არა დევიზი, არამედ თამაშია, თუმცა მაინც საინტერესოა თითოეული გუნდის სლოგანის გაცნობა.

ავსტრია
კვლავაც, კვლავაც, კვლავაც ავსტრია!
(Immer wieder, immer wieder, immer wieder Österreich)
ამ სიტყვების მოსმენა ქართველებსაც მოგვიწევს, ავსტრია ხომ საქართველოს ნაკრების მეტოქეა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ეტაპზე. გულშემატკივრები ყოველი მატჩისას ერთხმად გაიძახიან: კვლავაც, კვლავაც, კვლავაც ავსტრია!

ალბანეთი
ო, რა კარგია ალბანელობა!
(O Sa Mirë Me Qenë Shqiptar!)
ასეთ ფრაზას ვხვდებით
ალბანელი მომღერლის, როზანა რადის სიმღერაში. ალბანელები პირველად ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე და მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი დევიზი. სხვათა შორის, საუკეთესოს გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა. იყო ასეთი ვარიანტიც - "იფრინეთ, არწივებო".

ბელგია
ერთი გუნდი, ერთი მიზანი
(1 team — 1 ambitie)
ასეთი მოტივის მქონე დევიზით კიდევ რამდენიმე ნაკრები გამოვა ევროპის ჩემპიონატზე. ბელგიელებისთვისაც მნიშვნელოვანია გუნდურად მიზნის მიღწევა. სხვათა შორის, მათი სახელმწიფო დევიზი დაახლოებით ასე ჟღერს: "ძალა ერთობაშია".

გერმანია
ჩვენ გავუმკლავდებით!
(Wir meistern das!)
ვის გაუმკლავდებიან? ეს შეკითხვა გერმანიის გულშემატკივრებს არ უნდა დაუსვათ, რადგან კითხვითვე გიპასუხებენ - "როგორ თუ ვის? - ყველას!" მსოფლიოს ჩემპიონები ევროპირველობაზე თავდაჯერებულები მიდიან.
ერთი ვარიანტი რითმულად ჟღერდა: "ტურ დე ფრანსი - ტიტულის შანსი".

თურქეთი
მისია ჯერაც შესასრულებელია
(Biz Bitti Demeden Bitmez)
თურქებს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დევიზი აქვთ, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ფატიჰ თერიმის გუნდს აქამდე ნაჩვენები შედეგების გაუმჯობესების პრეტენზია აქვს.
არადა, რთულ ჯგუფში არიან: ესპანეთთან, ხორვატიასთან და ჩეხეთთან.

ინგლისი
ერთი გუნდი, ერთი ოცნება
(One team, one dream)
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ინგლისელებს საკმაოდ გრძელი დევიზი ჰქონდათ: "ერთი გუნდის ოცნება, მილიონების გულის გაჩერება". ევრო 2016-სთვის დევიზი შეამოკლეს და გულშემატკივრების გულებსაც შეეშვნენ.
ისე, ინგლისს ნამდვილად უხდება "ერთი გუნდი, ერთი ოცნება". რაც ევროპის ჩემპიონატების ჩატარება გადაწყდა, მას შემდეგ ოცნებობენ მოგებაზე.

ირლანდია
ოცნება, რწმენა, მიღწევა
(Dream it. Believe it. Achieve it.)
უბრალო ვარიანტია, მაგრამ ირლანდიელებს კარგად მიესადაგებათ. ისინი ოცნებობენ, თუმცა, ამავე დროს, სჯერათ, რომ ბევრის გაკეთება შეუძლიათ. მათ შორის, დასახული მიზნის მიღწევა.
ხოლო, რა არის მთავარი მიზანი, ამის შესახებ თავად ირლანდიელებს უნდა ვკითხოთ.

ისლანდია
წინ, ისლანდია
(Áfram Ísland)
ყველაზე ბანალური დევიზის ნომინაციაში ისლანდიელთა "ნაშრომი" პირველია. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მათ არათუ დევიზების წერის, არამედ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილებაც არა აქვთ, დებიუტანტები არიან.

იტალია
წინ, ცისფერებო!
(FORZA AZZURRI!)
ეს იტალიელთა ტრადიციული ფრაზაა და შეცვლას არ აპირებენ. ამ დევიზის ქვეშ მხოლოდ ფეხბურთელები კი არა, კალათბურთელები, მორაგბეები და ყველა იტალიური ნაკრები თამაშობს.

ესპანეთი
ერი ფერი, ერთი ვნება. ჩვენ წითლები ვართ
(Un color, una pasión. Somos la Roja.)
ესპანელი გულშემატკივრები 2014 წლის მუნდიალზე ყვიროდნენ - "ჩვენს გულებში ჩემპიონების ვნებაა". ამჯერად დევიზი ოდნავ მოკლეა, თუმცა არის დიდი განსხვავება - სიტყვა ჩემპიონი ამოღებულია.
არადა, "ფურია როხა" ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

პოლონეთი
ჩვენ გვაერთიანებს ფეხბურთი
(Łączy nas piłka)
"ჩვენ გვაერთიანებს ფეხბურთი" - ეს არის პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის სლოგანი, რომელიც გულშემატკივრებმა ევროპის ჩემპიონატისთვისაც აიტაცეს.
ამ ვარიანტმა აჯობა ორ ასეთ დევიზს: "მამაცი გული! ერთად გამარჯვებისკენ!" და "თეთრ-წითლებო, გაერთიანდით ფეხბურთში".

პორტუგალია
ერთი გუნდი. ერთი ვნება. 11 მილიონი გული. გაუმარჯოს პორტუგალიას!
(uma equipa. uma paixão. 11 milhões no coração. força Portugal! !)
ბარემ პოემა ჩამოეწერათ... ასეთი დევიზი პორტუგალიის ნაკრების ავტობუსს რამდენიმე რიგად შემოეწყობა. არადა, გულშემატკივრებმა უარი თქვეს ისეთ დევიზებზე, როგორებიც იყო: "ერთი ოცნება, ერთი მიზანი. პორტუგალია - ჩემპიონია!" "დიდებული წარსული, გამარჯვებიანი მომავალი".

რუსეთი
ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის
«Один — за всех, и все — за одного!»
ეს დევიზი ცნობილ რუსულ სერიალ "სამ მუშკეტერში" ჟღერს. რუსებსაც სამი ვარიანტი ჰქონდათ, საიდანაც აარჩიეს "ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის".

რუმინეთი
გუნდი, სამი ფერი და მილიონი გული, რომელიც რუმინეთისთვის ძგერს
(O echipă, trei culori şi milioane de inimi care bat pentru România!)
რუმინეთის დევიზში გაერთიანებულია სამი რამ, რასაც ლოზუნგების შემქმნელები ხშირად იყენებენ: ქვეყნის დროშის ფერებზე მინიშნება, გუნდური სული და გულშემატკივრები. თუმცა ამ ყველაფრის ერთად შერწყმა გაცილებით მარტივადაც შეიძლებოდა.

საფრანგეთი
თქვენი ძალა, ჩვენი ვნება
(Votre force, notre passion)
ამ სიტყვებით ევროპის ჩემპიონატის მასპინძლებმა ხაზი გაუსვეს გუნდის ემოციურ ნატურას. ეს ნაკლებად ამბიციურია 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დევიზთან შედარებით: "ფრანგულში არ არსებობს სიტყვა "შეუძლებელი".

სლოვაკეთი
ერთი ხალხი, ერთი გული, ერთი ოცნება
(Jeden národ, jedno srdce, jeden sen!)
კიდევ ერთი მეოცნებე გუნდი. სლოვაკებმაც ჩაატარეს საუკეთესო დევიზის გამოსავლენი კონკურსი. ერთი ვარიანტი ასეთი იყო: ერთი ბურთი, ერთი ვნება, ერთი გუნდი. დავიპყროთ ტურნირი ერთად". მეორე ვარიანტი: "ერთად ხალხისთვის, ერთად გამარჯვებისთვის".

უნგრეთი
რია, რია, უნგრეთი!
(Ria Ria Hungária!)
ქართულ თარგმანში მთლად კარგად არ ირითმება, უნგრულად კი მშვენივრად ჟღერს: "რია, რია, ჰუნგარია!"

ეს გაცილებით სასიამოვნო საყვირალია, ვიდრე სხვა დანარჩენი ვარიანტები. მაგალითად: "ბოლომდე დავიხარჯოთ, ბიჭებო", "მხოლოდ ერთად დგომით გავიმარჯვებთ".

უკრაინა
ოცნება ბადებს გამარჯვებულებს!
(Мрія народжує переможців!)
ამ დევიზში ნაციონალური ელემენტები არ არის, მაგრამ მოკლე და ლაკონურია. არადა, უკრაინელებს შეეძლოთ ეროვნული ელემენტებით გაჯერებული სლოგანი აერჩიათ. ვთქვათ, ეს: "მილიონი უკრაინული გული - თქვენი 12 ფეხბურთელი". ან "ვთამაშობთ უკრაინისთვის! ვიბრძვით მიზნისთვის".

უელსი
დრაკონები აღდგებიან
(The dragons shall rise)
ყველაზე ორიგინალური დევიზი უელსს აქვს, ამ ქვეყნის დროშას ხომ დრაკონი ახატია. საფეხბურთო გუნდის მეტსახელიც "დრაკონებია". მართალიცაა: საფეხბურთო დრაკონები აღდგნენ - უელსის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ვის რას უზამენ, ამას ჩემპიონატისას ვნახავთ.

ჩრდილოეთი ირლანდია
თამამად მიზნისკენ
(Dare to dream)
ჩრდილოეთი ირლანდია ევროპის ჩემპიონატების დებიუტანტია. ამიტომ ფრთხილი დევიზი აირჩია: ფეხი არ აგვიკანკალდეს, თამამად ვითამაშოთო...

ჩეხეთი
ერთი გუნდი = ერთი მიზანი
(Jeden tým = Jeden cíl!)
ორიგინალური ნიუანსი ჩეხებმაც შეიტანეს - ტოლობის ნიშანი. თუმცა სიტყვები ნამდვილად ბანალურია. არადა, ორი მშვენიერი ვარიანტი ჰქონდათ: "ლომის ღრიალის დრო დადგა", "ჩეხეთის სიამაყე, გზა გამარჯვებისკენ".

შვედეთი
ერთად შვედეთისთვის
(Tillsammans för Sverige)
"იყავი ადგილზე. იგრძენი. დაიჭირე ოცნება", - ასე ჟღერდა შვედების 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის სლოგანი. ამჯერად მათ სიტუაცია გაამარტივეს და უკეთესი ვარიანტიც მიიღეს.

შვეიცარია
მიდი, შვეიცარია!
(Hop Suisse! Hopp Schwiiz! Forza Svizzera!)
შვეიცარიის ნაკრების სლოგანში განსაკუთრებული სიტყვები არ არის, თუმცა მაინც სხვებისგან გამორჩეულია, რადგან სამ ენაზეა - გერმანულად, იტალიურად და ფრანგულად. ეს შვეიცარიაში აღიარებული სახელმწიფო ენებია.

ხორვატია
ახალი ცეცხლი, ძველი ისტორია, დღევანდელი იმედი
(Nova vatra, staro mjesto, ista nada.)
სიტყვა "ცეცხლის" გამოყენება დევიზს უკვე საინტერესოს ხდის. გულშემატკივრებს კიდევ ორი ვარიანტის არჩევის საშუალება ჰქონდათ: "გული, სიამაყე, ხორვატია". იყო ასეთი ვარიანტიც: "ერთი გუნდი, ერთი გოლი, ხორვატია ყველას სჯობს". ბოლო დევიზი წინასწარ იყო განწირული - აბა, ერთი გოლი ვის რაში ეყოფოდა?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ONE თEAM ONE DრეEM- ENGLAND
0
საქართველო:მიშა!მიშა!მიშა! ან ქართულ ოცნებას გაუმააარჯოს! ჯოს!ჯოს!ჯოს!
0

სიახლეები პოპულარული