ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. G ჯგუფი: არ მესროლოთ, ილიე ვარ [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგაში მოთამაშე ლეგიონერებით გაძეძგილი ავსტრიის ნაკრები თავისი ქვეჯგუფის გამოკვეთილ ლიდერად რჩება.

ალბათ, არც არავის გაგვკვირვებია, რომ ვადუცში ავსტრიელებმა მეზობელ ლიხტენშტაინს ძალიან ადვილად მოუგეს. ყველაფერი უკვე მე-16 წუთისთვის იყო ნათელი და სხვაობა გაცილებით დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო - სხვა მომენტებს თავი რომ დავანებოთ, დავიდ ალაბამ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი მოგვიანებით მაინც გამოირჩა, ჩვეული შორეული დარტყმით.

შვეიცარიელი მარსელ კოლერის ბიჭებმა ცალი ფეხით იძალეს, ავსტრიელი სპეციალისტი რენე პაურიჩი კი თანამემამულეთა წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. ავსტრია მართლაც გაავებულია და არავის ინდობს, რამაც
უახლოეს მდევართან 4-ქულიანი უპირატესობა მოიტანა.

ყველაზე ახლოს ლიდერთან შვედეთის ნაკრებია, რომელმაც ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერთან, მოლდოვასთან გასვლაზე იძალა. მარტივადო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. მართალია, პირველ ტაიმში შვედებმა მომენტები ანიავეს, მაგრამ ანგარიში 0:0 გახლდათ და რომ არა მასპინძლების მეკარე ილიე ჩებანუს საოცარი შეცდომა, ვინ იცის, რა მოხდებოდა... გოლკიპერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფიგურის სიდიდე და სიდიადე ვერ გათვალა და ბურთი ცუდად მოიგერია, იბრაკადაბრამაც მას თავი შეუშვირა და კურიოზული გოლით გაიყვანა წინ თავისიანები.

ბოლოს მანვე ყოველგვარი ინტრიგა მოკლა, როდესაც პენალტი გამოიყენა და ერიკ ჰამრენს ძალიან საჭირო 3 ქულა მოაპოვებინა. სხვათა შორის, წარსულში ზლატანს მოლდოვასთან შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი გაცუდებული აქვს. კიშინიოვში ილიე ჩებანუს ტალახს ალბათ არ ესვრიან, მაგრამ კრიტიკის ქარცეცხლი კი დაუტრიალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზლატან იბრაჰიმოვიჩი:
"როგორც ველოდით, ადვილი მატჩი არ გამოვიდა. მეტოქე თავს ძალიან კარგად იცავდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენსას მივაღწიეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. მნიშვნელოვანი პირველი გოლი გახლდათ, რომელმაც თამაში გახსნა, რაც ჩვენ გვაძლევდა ხელს. რაც შეეხება პენალტს, რომელიც ოდესღაც მოლდოვას ვერ გავუტანე, ეს მომენტი არ მახსოვს და ვერაფერს გეტყვით".

ჯგუფის მესამე შეხვედრა, სატურნირო კუთხით, უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ, ერთმანეთს უშუალო კონკურენტები - ჩერნოგორია და რუსეთი ხვდებოდნენ. პოდგორიცაში, "გრადსკიზე", როგორც ყოველთვის, დაძაბულ-დამუხტული ატმოსფერო იყო, მაგრამ ამჯერად მონტენეგროელ ფანებს ზედმეტი მოუვიდათ.

პირველი ინციდენტი შეხვედრის დასაწყისშივე მოხდა, როდესაც იგორ აკინფეევს მაშხალა ესროლეს და რუსთა მეკარე სერიოზულ ტრავმას ძლივს გადაურჩა, იგი უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. უკვე დაკავებულია დამნაშავეც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამას გარკვეული პაუზა მოჰყვა და მთავარმა მსაჯმა დენის აითექინმა მკაცრი გაფრთხილება გასცა - თუ ფანები არ დაშოშმინდებიან, მატჩს შევწყვეტთო. ცხადია, იქვე იყვნენ უეფას დელეგატებიც.

66-ე წუთზე რომან შიროკოვმა პენალტი ვერ გამოიყენა, ვუკაშინ პოლეკსიჩმა მისი დარტყმა მოიგერია და იმის ნაცვლად, რომ მასპინძლებს ამით გაეხარათ, ისეთი აურზაური დაატრიალეს, რომ მატჩი შეწყდა.

გამოძიება დაწყებულია და მონტენეგროელებს სერიოზული სასჯელი არ ასცდებათ (სავარაუდოდ, ტექნიკური 0:3-ის ჩათვლით). რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო აღშფოთებული გახლდათ - მატჩი ჯერ კიდევ პირველი ინციდენტის დროს უნდა შეწყვეტილიყოო.

ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. G ჯგუფი
27 მარტი
ლიხტენშტაინი-ავსტრია 0:5
გოლები: 0:1 ჰარნიკი (14), 0:2 იანკო (16), 0:3 ალაბა (59), 0:4 იუნოზოვიჩი (74), 0:5 არნაუტოვიჩი (90+3)
ლიხტენშტაინი (4-1-4-1): იელე - კინტანსი (55. სალანოვიჩი). ფრიკი, კაუფმანი, ეხრი - პოლვერინო - კრისტენი (83. კიუნე), ბიუხელი (88. გუბსერი), ვიზერი, ბურგმაიერი - ჰასლერი
ავსტრია (4-4-1-1): ალმერი - კლაინი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ფუხსი - ჰარნიკი (72. საბიცერი), ბაურგანტლინგერი, ალაბა, არნაუტოვიჩი - იუნოზოვიჩი (82. ჰინტერესეერი) - იანკო (77. ჯურიჩინი)
შენიშვნა: ალაბამ ვერ გაიტანა პენალტი (33. ააცილა)
გაფრთხილება: იელე - კლაინი
კუთხური: 1-3 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 2-6 კარში დარტყმა: 4(1)-19(6) ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 6127

მოლდოვა-შვედეთი 0:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (46), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (84-პენ.)
მოლდოვა (3-4-1-2): ჩებანუ - არმაში, ეპურეანუ, გოლვატენკო - რაკუ, ბოლოხანი, იონიცა (36. კოჟოკარი), გაცკანი - ანდრონიკი (70. ფრუნზე), დედოვი, ბოპო (86. გეორგიევი)
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ბენგტსონი, გრანკვისტი, იოჰანსონი, ოლსონი - ლარსონი (80. ფორსბერგი), კალსტრიომი, ეკდალი, ზენგინი (85. ვერნბლოომი) - კიზე-ტელინი (70. ბერგი), იბრაჰიმოვიჩი
გაფრთხილება: გოლოვატენკო, რაკუ, გეორგიევი, გაცკანი - გრანკვისტი, ოლსონი, იბრაჰიმოვიჩი, გრანკვისტი
გაძევება: გრანკვისტი (90+3)
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 16-11 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 2(0)-21(7) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 10 500

ჩერნოგორია-რუსეთი ჩაიშალა (0:0-ზე)
ჩერნოგორია (4-4-2): პოლეკსიჩი - ზვეროტიჩი, სიმიჩი, ბაშა, ბალიჩი - მარუშიჩი, კაშჩელანი, ვუკჩევიჩი (46. ბაკიჩი), ვოლკოვი - ვუჩინიჩი, იოვეტიჩი
რუსეთი (4-1-4-1): აკინფეევი (2. ლოდიგინი) - სმოლნიკოვი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, კომბაროვი - დენისოვი - შატოვი, შიროკოვი, ძაგოევი (46. ტორბინსკი), ჟირკოვი - კოკორინი
შენიშვნა: შიროკოვმა ვერ გაიტანა პენალტი (66. მეკარე)
გაფრთხილება: კაშჩელანი, ვუჩინიჩი - შატოვი, დენისოვი
შენიშვნა: 67-ე წუთზე მატჩი შეწყდა
მაყურებელი: 14 000

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ავსტრია 5 4 1 0 10-2 13
2. შვედეთი 5 2 3 0 7-3 9
3. რუსეთი 4 1 2 1 6-3 5
4. ჩერნოგორია 4 1 2 1 3-2 5
5. ლიხტენშტაინი 5 1 1 3 1-11 4
6. მოლდოვა 5 0 1 4 2-8 1

მომდევნო ტური
14 ივნისი:
ლიხტენშტაინი-მოლდოვა
რუსეთი-ავსტრია
შვედეთი-ჩერნოგორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული