ევრო 2016. 1/4-ფინალი. უელსი-ბელგიის წინ: შურისძიება კარდიფისთვის?

AutoSharing Option
* ევრო 2016-მდე უელსს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ნათამაშები არ ჰქონდა.
* აქამდე უელსის საუკეთესო მიღწევა იყო 1976 წლის მეოთხედფინალი (მაშინ ფინალურ ეტაპზე 4 გუნდი თამაშობდა), უელსი ზაგრებში იუგოსლავიასთან 0:2 დამარცხდა და კარდიფში 1:1 დაუზავდა და გავარდა.
* დიდ ტურნირებზე უელსის მთავარი მიღწევა იყო 1958 წლის მუნდიალი, როცა უელსი მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან 0:1 დამარცხდა.
* გარეთ ბეილმა უელსის ნაკრების გოლების 82%-ში მიიღო მონაწილეობა საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო საფრანგეთში - 57%-ში.
* ბელგიის ნაკრებს ევრო 2000-ის შემდეგ არ უასპარეზია ევროპის ჩემპიონატის
ფინალურ ეტაპზე.
* "წითელი ეშმაკების" ყველაზე დიდი მიღწევა აქამდე ევრო 1980-ია, როცა ბელგია რომში ფინალში დამარცხდა გფრ-ის ნაკრებთან - 1:2.
* ბელგიის ნაკრები ლილში მესამედ თამაშობს, აი, უელსს კი ამ ქალაქში არასოდეს უთამაშია.

ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსის ნაკრებმა დაამარცხა ბელგია, თუმცა "წითელ ეშმაკებს" უკეთესი ისტორიით შეუძლიათ თავის მოწონება. მაშ, ვის დარჩება ისტორიული ადგილი ნახევარფინალში - გარეთ ბეილსა და კომპანიას თუ ედენ აზარსა და ბელგიელ ბიჭებს.

უელსელებმა ერთხელ უკვე დაამტკიცეს, რომ მარკ ვილმოტსის ნიჭიერ გუნდზე უკეთესები შეუძლიათ იყვნენ, მაგრამ ევრო 2016-ის მეოთხედფინალში იმავეს გამეორება, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეთ.

ურთიერთშეხვედრები
(12 თამაში: +4=3-5, 17-16)
ბელგიის ნაკრებმა 12 ურთიერთშეხვედრიდან 5 მოუგო უელსის ნაკრებს და 4-ჯერ დამარცხდა. მოკლედ, მარკ ვილმოტსის გუნდს მცირე უპირატესობა აქვს. როგორც ვთქვით, გუნდები ერთ საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდნენ, ასე რომ, ერთმანეთს კარგად იცნობენ. ბრიუსელში შეხვედრა 0:0 დასრულდა. აი, კარდიფში კი (შარშან, 15 ივნისს) კრის კოულმენის გუნდს გამარჯვება გარეთ ბეილის ერთადერთმა გოლმა მოუტანა - 1:0. მაშინდელი თამაშიდან შემადგენლობებიც კი თითქმის უცვლელია.

გზა მეოთხედფინალისკენ
უელსის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სლოვაკეთის დამარცხებით დაიწყო - 2:1 (ბეილი, რობსონ-კანუ). ამას მოჰყვა მარცხი ინგლისთან - 1:2 (ბეილი). ბოლო შეხვედრაში ვალიელებმა რუსები მოსრეს - 3:0 (რემზი, ტეილორი, ბეილი) და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს. მერვედფინალში უელსის ნაკრებმა მინიმალური სხვაობით მოუგო ჩრდილოეთ ირლანდიას - 1:0 (მაკოლის ავტოგოლით).

ბელგია ფავორიტი იყო იტალიასთან თამაშში, მაგრამ 0:2 დამარცხდა. შემდეგ კი ვილმოტსის გუნდმა 3:0 გაანადგურა ირლანდია (ლუკაკუ 2, ვიტსელი) და 1:0 (ნაინგოლანი) მოუგო შვედეთს. ბელგიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. მერვედფინალში ამ ჩემპიონატზე ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა, როცა ბელგიამ 4:0 გაანადგურა (ალდერვეირელდი, ბატშუაი, აზარი, ფერეირა-კარასკო) უნგრეთი.

მატჩის წინ
კრის კოულმენი (უელსი): "ეს ჩვენ წინაშე კიდევ ერთი დიდი ტესტია, თუმცა ჩვენ უკვე გავუმკლავდით ამ ტურნირზე რამდენიმე ტესტს. დიდებულ სიტუაციაში ვართ, უნდა გავიდეთ და მოედანზე ვანახოთ ყველას, რა შეგვიძლია.

საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე კი სულ სხვა სიტუაცია იყო. ამიტომ მაშინდელი და ახლანდელი მატჩების შედარება არ შეიძლება, თუმცა კარგია, რომ მაშინ კარდიფში ჩვენ ვიმარჯვეთ. ეს შეიძლება გადამწყვეტი ფსიქოლოგიური უპირატესობაც გამოდგეს. ბელგია საერთაშორისო ფეხბურთში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ბელგიაა, ვერ შევშინდებით. ჩვენ ეს არ გვახასიათებს. ასეთ თამაშში ლიდერი აუცილებლად საჭიროა, ლიდერები.

ეშლი ნამდვილი კაპიტანია. მიხარია, რომ სამედიცინო შტაბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მას ხვალ მხარმა თამაშში ხელი არ შეუშალოს. ეშლი მზად არის, ეს კი დიდი ამბავია ჩვენი ნაკრებისთვის".

მარკ ვილმოტსი (ბელგია): "იან ვერტონგენმა სულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო. ეს ამ ბიჭის ნამდვილი სპორტული ტრაგედიაა. ექიმებმა მითხრეს, რომ ვერტონგენი 6-8 კვირა ფეხბურთს ვერ ითამაშებს. სამწუხაროა, მაგრამ მის პოზიციაზე ალტერნატივა გვყავს. სარეზერვო ფეხბურთელები მზად არიან მისი და ვერმალენის შესაცვლელად. ეს მათი დიდი შანსია.

ახლა ჩვენ მეოთხედფინალში ვართ და უნგრეთთან თამაში დავიწყებულია. ჩვენი მიზანი კი უელსთან თამაშის მოგებაა. უელსის ნაკრები ძლიერია, ფეხბურთელთა დიდი ნაწილი ინგლისურ კლუბებში თამაშობს, თან მეტოქე თავსაც კარგად იცავს. ძალიან, ძალიან გვინდა ნახევარფინალში გასვლა".

ჩვენი აზრით
უელსის ნაკრები უფრო ფრთხილი იქნება და 5-4-1 სქემით ითამაშებს. დაცვაში ხუთეული მართლაც საჭიროა, ბელგიის უზომოდ ნიჭიერი შემტევების წინააღმდეგ, როგორიც ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი და რომელუ ლუკაკუ არიან. ვნახოთ, რა დაღს დაასვამს მარკ ვილმოტსის გუნდს დაცვაში საკადრო პრობლემები. ფაქტია, რომ ამის გამო ბელგიის შეტევები უფრო ფრთხილი იქნება, რადგან "წითელი ეშმაკები" საფრანგეთშიც კი ვერ ჩამოვიდნენ დაცვაში იდეალური შემადგენლობით. მარტო კაპიტნისა და გუნდის ლიდერის, ვენსან კომპანის გამოკლება რად ღირს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მერვედფინალში უელსის თამაში არ მოგვეწონა, ბელგიის კი პირიქით, ძალიან მოგვეწონა. ფაქტია, ეს გუნდი უკვე საუკეთესო ფორმაში შევიდა და შეგვიძლია ამ დაპირისპირების ფავორიტადაც მოვნათლოთ.

whoscored.com-ის 3-3 საუკეთესო
უელსი
2. გარეთ ბეილი უელ. 8,33
12. ჯეიმს ჩესტერი უელ. 7,73
21. აარონ რემზი უელ. 7,50

ბელგია
1. კევინ დე ბრუინი ბელ. 8,35
3. ედენ აზარი ბელ. 8,22
31. აქსელ ვიტსელი ბელ. 7,35

1 ივლისი. ლილი. "სტად პიერ მორუა"
უელსი-ბელგია 23:00
დისკვალიფიკაცია: ვერმალენი (ბელგია)
ტრავმა: დემბელე (?), ვერტონგენი, აზარი (ბელგია)
უელსი (სავარაუდო): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი, ტეილორი - ალენი, ლედლი - რემზი, ბეილი - რობსონ-კანუ
ბელგია (სავარაუდო): კურტუა - მონიე, ალდერვეირელდი, სიმანი, ჯ. ლუკაკუ - ვიტსელი, ნაინგოლანი - მერტენსი, დე ბრუინი, აზარი - რ. ლუკაკუ
მსაჯი: დამირ სკომინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსული? საიდან ასკვნით ხოლმე ესე საკითხის უცოდინრად

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
Teimuraz Papaskiri -ს
21:07 01-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული