ევრო 2016. 1/4-ფინალი. პოლონეთი-პორტუგალიის წინ: ვისი ლიდერი აჯობებს

AutoSharing Option
* პოლონეთის ნაკრები ზედიზედ მესამედ გამოდის ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ევრო 2016-მდე გუნდს თამაში არ ჰქონდა მოგებული - 3 ფრე და 3 წაგება.
* პოლონეთის ნაკრებისთვის "ველოდრომი" სასურველი სტადიონია - ორი თამაშიდან ორივე მოგებული აქვს, ისე, რომ გოლიც არ გაუშვია.
* ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე რობერტ ლევანდოვსკიმ 13 გოლი გაიტანა და დევიდ ჰილის (ჩრ. ირლანდია, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო) რეკორდი გაიმეორა, ახლა კი რობერტს ტურნირზე გოლი ვერ გაუტანია.
* ბოლო ხუთი მატჩია, პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე ფრეს თამაშობს: 4 ფრე ევრო 2016-ზე და
ერთიც ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთთან ევრო 2012-ზე.
* პორტუგალიის უდიდესი მიღწევა ევროპის ჩემპიონატებზე ფინალში გასვლაა - ევრო 2004, როცა ფინალი მოულოდნელად დათმო მასპინძელმა პორტუგალიამ საბერძნეთის წინააღმდეგ - 0:1.
* ამ მატჩის გამარჯვებული ნახევარფინალში უელსი-ბელგიის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

მეოთხედფინალებს "ველოდრომი" ხსნის, სადაც პოლონეთის ყოჩაღი და ცოტა ყისმათიანი ნაკრები ფორტუნის კიდევ ერთ მოყვარულ პორტუგალიას ხვდება - ერთადერთ გუნდს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც მეოთხედფინალში მოუგებლად (თუ დამატებით ტაიმებს არ ჩავთვლით) გააღწია.

პოლონეთის ნაკრები, გამარჯვების შემთხვევაში, პირველად გააღწევს დიდი ტურნირების ნახევარფინალში 1982 წლის მუნდიალის შემდეგ, თუმცა ამისთვის ჯერაც წაუგებელი პორტუგალიის დამარცხებაა საჭირო.

ურთიერთშეხვედრები
(10 თამაში: +3=3-4, 9-13)
როგორც ხედავთ, წარსული პორტუგალიის მხარესაა. ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა 4 წლის წინათ, ვარშავაში გაიმართა. ევრო 2012-ისთვის საზეიმოდ გაიხსნა ახალი სტადიონი, მაგრამ გულშემატკივარმა უგოლო მატჩი იხილა - 0:0.

გზა მეოთხედფინალისკენ
პოლონეთის ნაკრებმა ჯგუფში 1:0 დაამარცხა ჩრდილოეთი ირლანდია (მილიკი); 0:0 ეთამაშა ჯგუფის ფავორიტ გერმანიას და "ველოდრომზე" 1:0 დაამარცხა უკრაინა (ბლაშჩიკოვსკი). მერვედფინალში პოლონელები შვეიცარიას 1:1 დაუზავდნენ (ბლაშჩიკოვსკი), პენალტების სერიაში კი შვეიცარიელებს 5:4 აჯობეს.

პორტუგალიელებმა ისლანდიასთან მოულოდნელი 1:1-ით (ნანი) დაიწყეს. ისინი შემდეგ ავსტრიას დაუზავდნენ - 0:0. ჯგუფის ბოლო მატჩში პორტუგალია უნგრეთს 3:3 ეთამაშა (რონალდო 2, ნანი). მერვედფინალში ხორვატიასთან მატჩის ძირითადი დრო 0:0 დამთავრდა, მაგრამ საქმე პენალტების სერიამდე არ მივიდა - რიკარდო კვარეშმამ 117-ე წუთზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი.

პოლონეთი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა, ხოლო პორტუგალია - მესამე ადგილით. ამასთან, პორტუგალიის ნაკრები ერთადერთი მესამეადგილოსანია, რომელიც ევრო 2016-ს შემორჩა.

მატჩის წინ
ადამ ნავალკა (პოლონეთი): "ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რა შეგვიძლია, მაგრამ, მოდი, დავიცადოთ ამ მატჩამდეც. საკუთარი ძალების გვწამს და ვიცით, რომ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია. პოლონეთის ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა, ჩვენგან უკვე ყველა მაღალი დონის ფეხბურთს ელის. ამიტომ სულაც არ არის სიურპრიზი ის შედეგები, რასაც მივაღწიეთ.

პორტუგალიის ნაკრები დიდი პოტენციალის გუნდია, რომელსაც შეტევა უყვარს, მაგრამ თავდაცვაც კარგად შეუძლია. მეტოქე ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებზე. ველით მძიმე ბრძოლას, მაგრამ მიზნად დავისახეთ თამაშის პროცესის გაკონტროლება.

რობერტ ლევანდოვსკი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კაპიტანი ბევრს აკეთებს გუნდისათვის. ლევანდოვსკი შესანიშნავ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და მას პოლონეთის ნაკრებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს".

ფერნანდო სანტუში (პორტუგალია): "როცა საბერძნეთის ნაკრებს ვწვრთნიდი, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში პოლონეთს შევხვდით. ის მატჩი ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ ხვალინდელ მატჩს არანაირი კავშირი აქვს ოთხი წლის წინანდელთან.

ჩემი ვიზავი ფიქრობს, რომ პოლონეთი გავა ნახევარფინალში. მე ვიტყოდი, რომ შანსები 50/50-ზეა. ყველა კრიშტიანო რონალდოზე თამაშობს და ამის მიზეზიც არსებობს, ის საოცარი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, აქ ასეულობით ფეხბურთელია და ხალხი ყველაზე ვერ ილაპარაკებს. მე მესმის, რატომ არიან ყურადღების ცენტში რონალდო და ლევანდოვსკი. რონალდომ კარგად იცის, როგორ გაუმკლავდეს მეტისმეტ პოპულარულობას.

ძალიან დაბალანსებულ თამაშს ველი. არა მგონია, პოლონეთი რომელიმე გუნდს ჩამორჩებოდეს, რომელსაც უკვე შევხვდით. მეტოქის თამაში სტრატეგიულად გამართულია. ისინი დაცვიდან შეტევაში უსწრაფესად გადადიან. ვფიქრობ, საამისოდ ვარჯიშებზე ბევრი ოფლია დაღვრილი. როცა ბურთი გვექნება, შევეცდებით მეტოქის სისუსტეების გამოყენებას".

ჩვენი აზრით
პოლონეთის ნაკრებში შესანიშნავი განწყობაა, ზეწოლა უფრო პორტუგალიის ბანაკში იგრძნობა, რადგან ნავალკას გუნდი კარგად მიჰყვება სქემას და თავის სტილში თამაშობს, ხოლო სანტუშის გუნდი ჯერაც ახლართულია. ერთია, შვეიცარიასთან თამაშში პოლონელებს ბოლოსკენ აშკარად შეეტყოთ დაღლა, მაგრამ ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ მათ მეტოქეზე ნაკლები დაისვენეს. ახლა ასე არ არის და წესით, პოლონელები ფიზიკურად მზად უნდა იყვნენ 90 ან 120 წუთისთვის.

ორივე ნაკრები დიდებულია კონტრშეტევებში. როცა ისეთი სწრაფი ფეხბურთელები გყავს, როგორებიც გროსიცკი და რონალდოა, ეს უპირატესობა არც არის გასაკვირი.

პოლონეთის ნაკრებში ცვლილებას არ ველით, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მეკარე ვოიცეხ შჩესნი გამოჯანმრთელდა, ფაბიანსკი დიდებულად თამაშობს და ახლა მეკარის გამოცვლა არ იქნება ბრძნული გადაწყვეტილება. აი, პორტუგალიის ნაკრებში კი რენატო სანჩესის დაწინაურებას ველით. თინეიჯერმა შეიძლება სტარტიდან დაიწყოს პოლონეთთან, მან ეს დაიმსახურა. ორივე გუნდი 4-4-2 სქემით თამაშობს.

ლევანდოვსკის დაჭერა ჟოზე ფონტეს დაევალება; კრიშტიანო რონალდოსთან უფრო ხშირად მიხალ პაზდანი იქნება, რომელიც ამ ჩემპიონატზე ბრწყინვალედ თამაშობს.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ლიდერებზე. რონალდომ, მართალია, ორი გოლი და ამდენივე საგოლე პასი უკვე მიითვალა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ იგი საუკეთესოდ თამაშობს. აი, ლევანდოვსკი მართლაც ბევრს მოძრაობს და იბრძვის, მაგრამ ბომბარდირის მთავარი მისია მაინც გოლის გატანაა. ვისი ლიდერიც იყოჩაღებს, ის გუნდი გავა ნახევარფინალში. ჩვენ ასე გვგონია...

30 ივნისი. მარსელი. "სტად ველოდრომი"
პოლონეთი-პორტუგალია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - გერეირო (?), გომეში (?)
პოლონეთი (სავარაუდო): ფაბიანსკი - პიშჩეკი, გლიკი, პაზდანი, იენჯეიჩიკი - ბლაშჩიკოვსკი, კრიხოვიაკი, მონჩინსკი, გროსიცკი - მილიკი, ლევანდოვსკი
პორტუგალია (სავარაუდო): რუი პატრისიო - სედრიკი, ფონტე, პეპე, გერეირო - სილვა, ვ. კარვალიო, სანჩესი, მარიო - ნანი, რონალდო
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

whoscored.com-ის 3-3 საუკეთესო
13. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი პოლ. 7,71
18. ლუკაშ ფაბიანსკი პოლ. 7,54
24. გჟეგოჟ კრიხოვიაკი პოლ. 7,43

45. კრიშტიანო რონალდო პორ. 7,27
48. რაფაელ გერეირო პორ. 7,27
71. პეპე პორ. 7,16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული