ევრო 2016. იტალია 6 წამყვანი ნახევარმცველის გარეშეა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები გერმანიასთან მეოთხედფინალური მატჩისთვის ემზადება, ანტონიო კონტეს კი საკადრო პრობლემები არ ელევა. ტრავმის გამო ანტონიო კანდრევამ ესპანეთთან მატჩი გამოტოვა და ბოლო ინფორმაციით, ვერც მეოთხედფინალში იასპარეზებს.

ტრავმა აქვს დანიელე დე როსის, რომელიც სწორედ ესპანეთთან შეხვედრაში დაშავდა და მეორე ტაიმის დასაწყისში ტიაგო მოტამ შეცვალა. თითქოს, დე როსის ტრავმა მსუბუქი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაუმიზეზდა და "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, არათუ ვარჯიში, ძუნძულიც კი არ შეუძლია.

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე დე როსის მუდამ ტიაგო მოტა ცვლიდა, მაგრამ გერმანიასთან შეხვედრაში ვერც ის ითამაშებს. მოტამ ყვითელი
ბარათების ლიმიტი ამოწურა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

მოკლედ, იტალიას ცენტრში გარღვევა აქვს და მით უფრო, რომ ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდმა კლაუდიო მარკიზიო, მარკო ვერატი და რიკარდო მონტოლივო დაკარგა.

რას მოიფიქრებს კონტე?
ერთი ცხადზე უცხადესია: ანტონიო კონტე ტაქტიკურ მონახაზს არ შეცვლის და იტალია გერმანიას 3-5-2 სქემით დაუპირისპირდება. კარში რომ ჯანლუიჯი ბუფონი იდგება და დაცვას ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი გაამაგრებენ, ცხადზე უცხადესია.

კანდრევას არყოფნაში, მარჯვენა ფრთა ისევ ალესანდრო ფლორენციმ უნდა დაიკავოს, მარცხნივ კი მატია დე შილიოს ვიხილავთ, რომელმაც ესპანეთთან პაექრობაში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ნახევარდაცვის ცენტრში მარკო პაროლო და ემანუელე ჯაკერინი შეუცვლელნი არიან, დანიელე დე როსისგან და ტიაგო მოტასგან გათავისუფლებულ მესამე ადგილს კი, სავარაუდოდ, დავიდე სტურარო დაიკავებს.

დიახ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, ძირითადში სტურაროს ვიხილავთ და როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები იმედოვნებენ, დავიდე კარიერის საუკეთესო შეხვედრას ჩაატარებს. მშვიდობაა შეტევაში, სადაც მარტინს ედერი და გრაციანო პელე სრულ მზადყოფნაში არიან.

ეს სირთულე კიდევ უფრო გვაძლიერებს
ანტონიო კონტე ჟურნალისტებს გაესაუბრა და გერმანიასთან მოახლოებულ მატჩზე შემდეგი განაცხადა:

"რთული გზა გავიარეთ, მაგრამ კიდევ უფრო რთული მისია წინ გველოდება. გერმანია ევრო 2016-ის საუკეთესო გუნდია და მის დასამარცხებლად იდეალურად თამაშია საჭირო. მთავარია, ძალები აღვიდგინოთ და მეოთხედფინალურ პაექრობას კარგ ფიზიკურ კონდიციაში შევხვდეთ. დისკვალიფიკაციის გამო ტიაგო მოტა დაგვაკლდება და დანიელე დე როსისაც ტრავმა აწუხებს.

ამ მხრივ, არ გვიმართლებს და მუდმივად ახალი პრობლემების წინაშე ვდგებით, მაგრამ თითოეული ეს დაბრკოლება კიდევ უფრო გვაძლიერებს. ვიცით, რომ გერმანიასთან მაქსიმალური მობილიზება და ბოლომდე დახარჯვაა საჭირო, ამისთვის კი ჩვენს გუნდში 23-ვე ფეხბურთელი მზადაა.

დიახ, ჩვენ არ გვყავს 6 საკვანძო ნახევარმცველი: მარკიზიო, ვერატი, მონტოლივო, დე როსი, კანდრევა და მოტა, მაგრამ ეს არ გვაშინებს და დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეხლა ვნახავთ გერმანიის საცოდაობას. როდის იყო გერმანია იტალიას უგებდა, სტატისტიკა მაინც ნახეთ
ლეო
19:36 30-06-2016
0
ჭეშმარიტად!
0

სიახლეები პოპულარული