ევრო 2016-ის ამბები: სრნა ხორვატიას დაემშვიდობა

AutoSharing Option
სრნა ხორვატიას დაემშვიდობ
ხორვატიის ეროვნული ნაკრების 34 წლის ფეხბურთელმა დარიო სრნამ სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე გამოაცხადა. სრნა ქვეყნის პირველ გუნდში 2002 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში დარიომ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 134 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

სრნა ხორვატიის ნაკრებიდან წასვლას ორი გარემოებით ხსნის. მას არ უნდა, ეროვნულ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების წინსვლა შეაფერხოს. გარდა ამისა, უნდა, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს მის ამჟამინდელ კლუბს, დონეცკის "შახტარს".

იორდანესკუ მიდის
რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანგელ იორდანესკუ ქვეყნის პირველი გუნდის დამრიგებლის პოსტს ტოვებს. ამის თაობაზე
რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რაზვან ბურლეანუმ განაცხადა. საინტერესოა, რომ "გენერალი" მესამედ მოძღვრავდა მშობლიური ქვეყნის ნაკრებს. მანამდე იორდანესკუ რუმინეთს 1993-98 და 2002-04 წლებში ავარჯიშებდა.

"მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იორდანესკუს. მისი ხელმძღვანელობით, რუმინეთი ბოლო რვა წელიწადში პირველად გავიდა დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე. იორდანესკუმ წარმატებით შეცვალა ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი ვიქტორ პიცურკა", - უთხრა ბურლეანუმ "როიტერს".

რუმინეთმა ევროპის ჩემპიონატი ჩააგდო - ჯგუფში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და პლეი ოფში ვერ გავიდა.

მოდრიჩი გულშემატკივრებს: ეს ფანტასტიკა იყო!
ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა გულშემატკივარს მიმართა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან წაგებული მერვედფინალის (0:1) შემდეგ.

"თქვენი მხარდაჭერა იყო ფანტასტიკური. ყველანი უზომოდ ვართ გულდაწყვეტილები, რომ ვერ გავედით მეოთხედფინალში და ვერ გავამართლეთ იმედები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველა, რომ საკუთარი ქვეყნისათვის თამაში უდიდესი სიამოვნებაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც ასეთივე მხარდაჭერა გვექნება თქვენგან", - დაწერა "რეალის" ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში.

მოუტინიო დაბრუნდა, გომეში და გერეირო - ინდივიდუალურად...
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მორიგი ვარჯიში გამოტოვეს ნახევარმცველმა ანდრე გომეშმა და მცველმა რაფაელ გერეირომ. ორივე ფეხბურთელს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ორივე ეს ფეხბურთელი ინდივიდუალურად დაიტვირთა.

სამაგიეროდ, ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა ჟოაო მოუტინიომ. გამოცდილ ნახევარმცველს მსუბუქი ტრავმა აწუხებს. პორტუგალიის ნაკრები, ფერნანდო სანტუშის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალისთვის ემზადება. პორტუგალიელთა მეტოქე პოლონეთია.

დიურიცამ რუსები შეარცხვინა
სლოვაკეთის ნაკრების მცველმა იან დიურიცამ განაცხადა, რომ რუსი ფეხბურთელების ადგილას აუცილებლად შერცხვებოდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

"შეიძლება მოიგო ან წაააგო, მაგრამ ყოველთვის სახე უნდა შეინარჩუნო. ჩვენც წავაგეთ გერმანიასთან, მაგრამ სლოვაკი ქომაგები წერენ, რომ ჩვენ გმირები ვართ. რუსეთის ნაკრების ფეხბურთელების ადგილას მართლა შემრცხვებოდა. არ მესმის, რა საჭიროა გულშემატკივრებთან ან ჟურნალისტებთან კამათი", - თქვა დიურიცამ.

უეფამ ბელგიელები დააჯარიმა
უეფამ ბელგიის საფეხბურთო ასოციაცია 5 ათასი ევროთი დააჯარიმა. როგორც ირკვევა, ეს ჯარიმა მოჰყვა ბელგიელი ქომაგის ქცევას ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელშიც ბელგიამ 3:0 მოუგო ირლანდიას.

ბელგიელმა გულშემატკივრებმა დაწვეს ირლანდიის დროშები და მინდორზე გადაყარეს სხვადასხვა საგანი. თუ ასეთი რამ კიდევ განმეორდება, ბელგია უმკაცრესად დაისჯება.

ბოატენგის მადლობა ექიმებს
გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველმა ჟერომ ბოატენგმა ბუნდესმანშაფტის ექიმებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, რომ არა ისინი, იგი ვერ ითამაშებდა სლოვაკეთთან მერვედფინალურ მატჩში, რომელიც გერმანიამ 3:0 მოიგო, ჟერომმა კი ერთი გოლი შეაგდო.

" რომ არა ექიმების განსაკუთრებული თავდადება და პროფესიონალიზმი, მე სლოვაკეთთან მატჩში ვერ ვითამაშებდი. ბოლო დღეების განმავლობაში მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს. მინდა, ამისთვის მათ მადლობა ვუთხრა", - აღნიშნა ბოატენგმა.

შმეიხელის პროგნოზი
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და დანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებზე ისაუბრა. "გერმანიისა და ბელგიის ნაკრებები საკმაოდ ძლიერები არიან იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატი მოიგონ. საფრანგეთმა კი მაქსიმალური მობილიზაციით უნდა ითამაშოს, რათა ტურნირზე გამარჯვების შანსი ჰქონდეს", - აღნიშნა ლეგენდარულმა მეკარემ.

გიოტცემ დრაქსლერი შეაქო
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" წევრმა მარიო გიოტცემ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ნაკრებში თანაგუნდელის, იულიან დრაქსლერის მიმართ. გიოტცეს კონკურენტმა დრაქსლერმა შესანიშნავად ითამაშა სლოვაკეთთან მოგებულ შეხვედრაში (3:0).

"რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს უნდა, რომ მინდორზე გავიდეს. დრაქსლერმა შესანიშნავად ითამაშა. დიდებულად ითამაშა მთლიანად გერმანიის ნაკრებმა. ჩვენ ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და შეგვეძლო, კიდევ გაგვეტანა", - თქვა გიოტცემ.

კირაი: ბელგიას ჩემპიონობა შეუძლია!
უნგრეთის ნაკრების ვეტერანმა მეკარემ, გაბორ კირაიმ განაცხადა, რომ მადიართა მძლეველ ბელგიას (4:0) ევროფორუმის მოგების შანსი აქვს.

"ჩვენ უძლიერეს გუნდთან წავაგეთ. ჩემი აზრით, ბელგიის ნაკრებს შესწევს იმის ძალა, რომ მოიგოს ევროპის ჩემპიონატი. ეს გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ბელგიელებს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ", - თქვა კირაიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული