ევრო 2016. 1/8-ფინალი. ინგლისი-ისლანდიის წინ: სად დასრულდება ისლანდიური ზღაპარი?

AutoSharing Option
ისლანდია 330-ათასიანი ქვეყანაა, რომლის გუნდიც მერვედფინალშია გასული და ევრო 2016-ის ერთ-ერთ ფავორიტ ინგლისს ნიცაში, "ალიანზ რივიერაზე" ეთამაშება. კუნძულის მოსახლეობის 10 პროცენტი ნიცაშია. მათ არ სურთ, ევროზღაპარი იქვე დასრულდეს.

ინგლისის ნაკრები დღეს მერვედფინალის ბოლო მატჩში შეეცდება ნავსის გატეხვას და ევროპის ჩემპიონატების პლეი ოფში პირველი მატჩის მოგებას ინგლისის გარეთ. დიახ, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულ გუნდს ჯერ ერთხელაც კი არ მოუგია პლეი ოფის ეტაპზე, თუ ინგლისში გამართულ ევროპის ჩემპიონატს არ ჩავთვლით.

გადამწყვეტ მატჩებში ინგლისელებს მართლაც ძალიან უჭირთ - პლეი ოფის ბოლო მატჩი
გუნდმა 2006 წლის მუნდიალზე მოიგო, როცა ეკვადორს 1:0 აჯობა, მას მერე კი ათი წელიწადია გასული. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრის გამარჯვებულს უკვე ელის საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც მეოთხედფინალში ერთი სერიოზული უპირატესობა ექნება - დღე-ნახევრით მეტს დაისვენებს.

ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებები ერთმანეთს პირველად ხვდებიან ოფიციალურ მატჩში, ისე კი, ეს მათი მესამე დაპირისპირებაა. ალბათ, გაინტერესებთ, როგორ მორჩა წინა ორი. ინგლისის ნაკრები ევრო 2004-ისთვის ემზადებოდა და ისლანდიასთან წაივარჯიშა - 6:1 მოუგო, უეინ რუნიმ კი დუბლი შეასრულა. მანამდე კი იყო მატჩი შორეულ რეიკიავიკში, შორეულ 1982 წელს, რომელიც 1:1 დასრულდა.

მართალია, ისლანდიელებს საამაყო ბევრი არაფერი აქვთ წარსულიდან, მაგრამ ამასვე ვერ ვიტყვით ლარს ლაგერბაკზე - შვედი სხვა გუნდის თავკაცის რანგში 6-ჯერ დაუპირისპირდა ინგლისის ნაკრებს და ჯერ ერთხელაც არ წაუგია. ასე რომ, ლაგერბეკს აქვს შანსი, ეს სერია 7 მატჩამდე გაიზარდოს.

როი ჰოჯსონი კი ამბობს, ისლანდიის ნაკრებს ნაკლებად ვიცნობო, მაგრამ ერთი ფეხბურთელი მას კარგად უნდა ახსოვდეს - როცა ჰოჯსონი ნორვეგიულ "ვიკინგს" წვრთნიდა, მისი ერთ-ერთ შეგირდი ბირკირ ბიარნასონი იყო.

მატჩის წინ
როი ჰოჯსონი (ინგლისი): "ხვალინდელი შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, მაგრამ არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ჩვენგანისათვის, მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს, დავრჩეთ ტურნირში. ჩვენ საამისოდ კარგები ვართ. მაგრამ ეს ყველაფერი ხვალ უნდა დავამტკიცოთ - შედეგი "დავდოთ". ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ფორვარდებით, ვინც გამოვცადე ამ ჩემპიონატზე. არასოდეს იცი, ესა თუ ის ფეხბურთელი როგორ გამოიჩენს თავს, მაგრამ არჩევანს შენ თავად აკეთებ და პასუხისმგებელიც ხარ.

ფეხბურთელებს ვარჯიშებზე ვაკვირდები და ვცდილობ, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიო. ვცდილობ, არ შევცდე. საბედნიეროდ, იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩემი შერჩეული შემადგენლობა ვერ იმუშავებს სათანადოდ, ძალიან კარგი ფეხბურთელები მყავს რეზერვში და სათადარიგოთა სკამიდან მათი შემოყვანა შემიძლია. ლარს ლაგერბაკისა და როლანდ ანდერსონის გამოცდილება და ჭკუა კარგად გამოჩნდა ისლანდიის ნაკრების მაგალითზე.

დიდებული სამუშაოს წყალობით, ლაგერბაკს შეუძლია გუნდისგან მაქსიმუმი მიიღოს. ისლანდიის ნაკრებს ისე კარგად არ ვიცნობ, როგორც სხვა ჩრდილოური ქვეყნების გუნდებს, მაგრამ კარგად ვიცი ისლანდიელი ხალხის ხასიათი - ძნელბედობისას გაძლება მათი პროგრესის საწინდარი იყო. დიახ, ჩვენ ვიღებთ მატჩის ფავორიტის სტატუსს და ვიცით, რომ მეტოქე აუტსაიდერად მიიჩნევა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხვალ მძიმე მატჩი გველის, ისლანდიის დამარცხება ძალიან გაჭირდება".

ლარს ლაგერბაკი (ისლანდია): "ველი, რომ ბურთს უფრო ხშირად ინგლისის ნაკრები გააკონტროლებს, მაგრამ წინასწარ მაინც არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. ძალიან ცხელა ნიცაში. შესაძლოა, სწორედ ტემპერატურაზე იყოს დამოკიდებული, როგორ წარიმართება თამაში. მაგრამ ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. დიახ, ჩვენ პენალტების სერიაშიც წავივარჯიშეთ. ბიჭების ნაწილმა კარგად გაართვა თავი ამას, ნაწილმა - არა.

როი ჰოჯსონს პირადად ვიცნობ ჯერ კიდევ 1976 წლიდან. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს შვედეთში. ბოლოს კი მსოფლიოში გავიფანტეთ და ერთმანეთს ნაკლებად ვეკონტაქტებოდით. ავსტრიასთან ნათამაშებ შემადგენლობას სრული სამი დღე ჰქონდა ფიზიკური კონდიციების აღსადგენად. ბიჭებს ერთი სული აქვთ, როდის დაიწყება თამაში. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ იმისთვის, რომ ახალი ნაბიჯი გადავდგათ წინ".

27 ივნისი. ნიცა. "ალიანზ რივიერა"
ინგლისი-ისლანდია 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არავინ
ინგლისი (სავარაუდო): ჰარტი - უოკერი, სმოლინგი, კეჰილი, როუზი - დაიერი, რუნი, ალი - ლალანა, კეინი, სტარიჯი
ისლანდია (სავარაუდო): ჰალდორსონი - სევარსონი, არნასონი, ს. სიგურდსონი, სკულასონი - გუდმუნდსონი, გუნარსონი, რ. სიგურდსონი, ბიარნასონი - ბიოდვარსონი, სიგტორსონი
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული